მეტრო

მეტრო – ქალაქის ანგელოზი,
გვირაბისმხრისა.
მიწისქვეშეთის რკინის ისარი.
გამუდმებული წვრთნის რეჟიმი –
მოპირკეთებულ ქვესკნელს როგორმე
გადაუსხა ცოცხალთა სუნთქვა.
არტი – აქციო ადამიანი ხმაურის ფესვად.
უმზისსხივებოდ ჩახედო მათ მოწყენილ თვალებს,
უთვალიერო მუზეუმური სიჩუმით და ხელშუხებლად
სხეულები, არტეფაქტები მიწისზედა არსებობისა,
რკინის ბორბლების წამახულ ხმაზე სევდიანად მოკონწიალე.
მეტრო – ქალაქის ანგელოზი,

გვირაბისმხრისა
დღის სინათლეზე როცა გამოდის,
სადაც ჩამსხვრეულ გვირაბების მიწისპირებზე ამოუკრავთ
თაბაშირივით – ქალაქის ხედი,
სადაც სინათლის არტაშანი ამაგრებს ვაგონს,
ყველა სიგნალს ერთად იწოვს
ცოცხალი სხივით აშლილი თვალი

და იწყება გაზის ბუშტების ამოშვება –

ეკლესიაზე წამოდებული პირჯვრისწერის უწყვეტი რიგი,

რიტმული, სწრაფი ამოსუნთქვები…

ცის ეთნოსი

ბნელში დანთქმამდე ასწრებს და ნიშანს გზავნის იმედად.

უპოვარებს კი –
მიწისქვეშა მუზეუმის ძველ თანამშრომლებს,
არ ანაღვლებთ აქ რა დღეა, რა რიცხვია, რა საუკუნე,

რაღა ცა და რაღა მიწა -აღარ ეშლებათ.
მხოლოდ ბავშვები ხმაურობენ ყვავილებივით,

იციან, კარი გაიხსნება,

აუცილებლად გაიხსნება ეს კარი მაინც …

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11