როდოპოლოსები

ჩვენ ხომ  სიყვარულის როდოპოლოსი ვართ,
ციხე-გალავნები ქვათა ერთგულებით,
ძველი ოცნებების აკროპოლისებიც,
ქალაქს რომ მტრედების გუნდად  ვეგულებით.
აი, მეგობრები, ვდგავართ კოლოსებად
სიმარტოვეობის ზღვების ნაპირებთან,
ზეფირს ეხლებიან ქაფის ურჩხულები
მზერას გვაშტერებენ მკვდარი საფირების.
მხარზე კლანჭებს გვასობს უცხო სიმფალიდი.
ჯერაც ვერ აგვკენკეს ქვათა მარცვალივით.
მოდის მომავალი, უნდო ინვალიდი,
ნატრობს დავინგრეთ და მალე გავცამტვერდეთ.

როდოპოლოსები ჩრდილებს იშმუშნიან,
ბზარებში გაყუჩულან წლები – ხვლიკებივით.
ძველი საძირკვლების სიღრმე, ატუზული,
ყველა გათენება  ფრთოსან ნიკეებად
თავთან დაგვდგომია, მაგრამ პალმის ნაცვლად
რუტინის ეკლისფერ გვირგვინებს გვახლიან.
ჩვენ ვართ ციხეები სულ სხვა მითებიდან –
ვიშუშებთ მამების სიტყვას და ნატყვიარს

*
ასე ვარსებობდით, როცა არც ვიყავით,
როცა დაბადების გვენთო კოცონებიც,
როდოპოლოსური ჩვენი გარინდებაც
მიჰგავს ქარიშხლების უხმო მოწოდებას.

ახლა საშიშია, როგორც არასოდეს,
გრილი დარბაზების მშვიდად დადუმება.
ჩვენ ვართ ციხეები: ჟამებს ვაცილებდით,
ბორკილასხმულებს და უცხოს, სატურნივით.
აღარ დადგინდება თეთრი კოლონადის
წესრიგი – სხვა არის მოდა ქაოსური
როდოპოლოსები, მზეზე გაქარული,
ძლოკვი და დამტვრეული ძველი კლავისინი.
სმენას ვერ ახელებს ყუჩი რაფსოდია,
ჭრიჭინებს ორკესტრი – ველთა ემბრიონი,
რძისფერ სიყვარულის მარმარილოობას
ზურგს ვაყრდნობ და ვებრძვი შეშლილ ლეგიონებს.

როდოპოლოსების ლოდებს, სიყვარულის
გულებით ვაკავებთ, ცამდე აზიდულებს
თვალით უხილავი ჩვენი ქალაქები
ძელგი სიკვდილისგან შხამით დაისრული.
შორს კი ჰორიზონტზე – ზღვები, შემინული,
და გაქვავებული ქართა იალქნები.
იდიდოს იმ ძალამ, რომლითაც გავძელით
სვეტების სითეთრედ ქალაქს მივათენდით.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11