გზათა წესი

ყველას კარისკენ ექნება მზერა.
მოლოდინზე ადვილი რაა?!
შენ არც გზას, არც კარს არ ემგვანები,
აგრაგნილს და შემოღებულს მოულოდნელად,
არ გესხმევა ფეხზე ნაბიჯი,
ხელზე – მახვილი,
ჯიბეზე – ოქრო,
არც ბაგეზე – უცხო სიმღერა,
ხერხემალზე – უძლურება,
თვალებზე -ცრემლი.
არ დაგერქმევა დაბრუნება
მათთვის, ვინც თითქოს მუდამ გელოდა.

ყველაზე შორი, გრძელი და ძნელი გზა გაიარე,
არცერთ გზაში არ აგრევია.
მას გული ცნობდა.
არ მოაპნიე ზედ არც ვარდის
უცხო ფურცელი –
არ შეახარბე მათ, ვისაც გზების
არაფერი გაეგებოდა დაბადებიდან.
ითამაშე თუ ითარეშე,
უხილავად გადაიარე შეუძლებლობა,
დააჯერე თანატოლებიც,
რომ ვერასოდეს დაბრუნდები შენ ითაკაში,
რომ ითაკა ახლა მათია.

დანარჩენი – როგორც ტექსტშია.

ღმერთია მოწმე,
გზებს რომლებმაც ხეტიალში დაგიზრო ხანი,
უმანძილო გზებს –
ითაკისკენ მოჰყავდი მუდამ
საერთგულებლად.
უხილავი ქარიშხლები უხილავ გზებზე
სულ სხვა მხრიდან გაბრუნებს იქ,
საიდანაც ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამს.

სხვას გაბრუნებს,
სხვას გახვედრებს,
გზათა წესია.

ითაკელებს რა ეშველებათ?..

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11