ღამის ნისლიდან…

 

ქალაქი დაბურულ ტყემ შთანთქა უეცრად

სუროებს გველისებრ კედლები უქსელავთ

აჩქარდა პლანეტა, ლახტივით ბზრიალებს

შემოკლდა მზეების მხურვალე ნათებაც

ფილტვებში ანთებამ ბრონქებზე იცოცა

გავურბი გახიზვნით ურბანულ გისოსებს

ბეტონის ჩოხაში ნაბადში კოსტუმში

დგას კაცობრიობა და ყოფას იოსებს

მაცვია უკუნი როგორც საოცრება

ღამის ნისლებიდან იწყება ხანძრები

და იწვის სანგრები მინდვრები ტაძრები

ამორძალს წააგავს კვამლები ბუხრების

ვუყურებ ბუნებას ის ძლიერ მაშინებს

ძრწოლისგან ამტყავდა მოღლილი მუხლებიც

მე ამ უაზრობას ვერაფერს ვუხვდები

სამთავა დრაკონი ცეცხლოვან კოქტეილს

მთავაზობს ზემოდან კოშმარულ ხრიალით

ღმერთისგან აღბეჭდილ ვზივარ ნაკვალევში

წივის დედამიწა ფეთქდება ღრიალებს

ვამჩნევ არმაგედოს მისსავე თვალებში

ის ისევ ტრიალებს ულმობლად ტრიალებს

ქალაქი ორთქლდება ქვეყნები ფორმებად

იშლება ირღვევა და რჩება აჩრდილი

ვით გამოსხივება ატომის ბურთვული

დაოთხილ მუხლებზე ვარ ხელაზიდული

დალის მდნარ საათებს ვდებ ჩისბურგერებში

გონება მერევა და ქოხიც ფიცრული

იშლება ფერებად ვანგოგის ტყეებში…

 

31.08.2022.

 

 

 

მარტოობის ჰერცოგი

 

ქუჩების გასწვრივ, მიღმა ტროტუარების,

ბარდიურებს შორის გამყოფ სივრცეში-

დგას ძველი ხის ბოძი, ორ ბეტონს შუა,

მიგდებულ ძაღლივით მიბმული

და გადახრილი-

უკიდურესობამდე…

ბოლომდე შეჭმული ხის ჭიით,

სულ დახვრეტილი, სიკვდილმისჯილი ტუსაღივით,

მთელ სიგრძეზე;

მისი კენწერო კი, ელვისგან, თუ მოკლე ჩართვებისგან,

ერთიანად დანახშირებულია…

–ადრე რკინიგზის შპალების სუნი ასდიოდა,

რომელიც ას მეტრში უკვე მცემდა ხოლმე

და მიზიდავდა, როგორც ნარკომანს…

დღეს კი მხოლოდ მიტოვებული, სკლეროზიანი

მოხუცის სუნი ასდის, რომელსაც ქვეშ

შარდი გასდის-

უნებლიედ…

მას ქუჩის ძაღლები აფსამენ და ძირს ულპობენ

ნელ-ნელა…

მაგრამ ბებერი ხის ბოძის წაქცევა

არაა ასეთი იოლი!

არც მარტივი!

არც ადვილი…

ის 99 წლისაა უკვე და მაინც დგას მყარად,

მიუხედავად ასეთი თავმდაბლური დახრილობისა…

მასზე ფაიფურის, მავთულ-საჭერი, თეთრი

ჭიქები, ისე სხედან, როგორც ტოტებზე

გალუმპული ჩიტები…

ზოგიც გატეხილია, ზოგიც საერთოდ

მომძვრალა და დაკარგულა!

ბებერ ბოძს, სადღაც შუა ტანზე, ჯერ კიდევ

მიჭედილი აქვს, დაჟანგულ ჟესტზე

გამოსახული  თავის ქალა,

მასში შემავალი წითელი ისრებით

და ოთხი ძვლით…

იქვე  გაფრთხილებით:–„Смертельно!!“;

ზუსტად ამ შესაზარი აბრით,

ის დღემდე იგერიებს საკუთარ მტრებს!

-ბოროტ  და ტოქსიკურ

ადამიანებს, ვისაც მისი,

რახანია შეშად წამსერება უნდათ!

მათ ჰგონიათ, რომ მაღალ ძაბვას

ისევ ატარებს! რადგანაც ჯერ კიდევ

სისხლძარღვებივით, შერჩენია ძველთაძველი

სპილენძის კაბელები,

იმ თეთრ ფაიფურებზე

შემოოჭვილნი, შხამიანი გველების მსგავსად!…

ის ყველას ხელს უშლის,

ყველას აღიზიანებს

და ყველას წყრომას იწვევს, ჩემს გარდა!

-განსაკუთრებით კი მძღოლთა და მეეზოვეთა…

მე კი ალალად მიხარია, რომ ჯერ კიდევ არ ჰყრის

ფარ-ხმალს!!

ჩემი უბნის მთელი ისტორია, შავ-თეთრ კადრებად,

ზედ აწერია…

ბებერი ხის ბოძი! იგია ბოლო მოჰიკანი

ჩემი საუკუნოვანი, გამქრალი ქუჩისა…

და ის ორი ბეტონის დიდრონი სვეტი,

რომელთა შორის, ძაღლივითაა მიბმული,

სქელი ნახევრადდაშლილი  „კატანკებით“-

-არის მისი, ბოძის, ფეხები, ჩაქვავებულნი

17 ფენა ასფალტში, სადაც პირველ ფენასაც კი  აღწევენ

და იქ აქვთ მოკიდებული, მაგრად,

ფუძე თუ ფესვი!..

-ბებერი ხის ბოძი,

მოხუცი და მიტოვებული გუშაგი,

ჩემი ასწლოვანი უბნის, გაცრეცილი

ქუჩის ამაყი დარაჯი-

ისაა მთელი ჩემი ბავშვობის მემატიანე,

მამის, პაპის ბავშვობის ასევე…

მე მას შევარქვი – მარტოობის ჰერცოგი!…

-აღარც ქუჩა იქნება მალე, აღარც ქალაქი…

მაგრამ ის იქვე იდგება მაინც და თავს,

სადაცაა შეახებს ასფალტის

მე-17 ფენას, ნაზად, ამბორის,

თუ მადლიერების ნიშნად…

და მეც იქ და მაშინ დავსრულდები,

სადაც და როდესაც მას მოჭრიან…

 

06.08.2022.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13