მედია-არმაგედონი
როცა სიყალბეს გვატენიან ყველა არხიდან,
როცა პოპულიზმს გახსნილი აქვს ყველა საზღვარი…
როცა წლებია, ვერ დავძვერით ვერცერთ მახიდან
და ისევ გვმოძღვრავს ეკრანიდან ვიღაც ახვარი!
აღარ თავდება აქ წაკუზვა პატიოსნების,
აღარც კი მახსოვს, როდის იყო, მშვიდად მეძინა…
– ო, ეს ამაო ზეტრიუმфი ვაი-მგოსნების!
– ოჰ, ამ მარაზმმა კეთროვნება გვამის შეგვძინა!..
გადადის ჟამი, სხვა ეპოქა აღებს დარაბებს…
აქარასოდესიოტიცკიაღარიცვლება!
თუნდ სუსტად მჯერა, ზენაარსი ყოველს განაგებს,
ამ მცირე რწმენით, ჩემი სული დღემდე ირწყვება!
ისევ სიცრუით განგვაძღობენ ყველა არხიდან,
მახინჯ პოპულიზმს ხსნილ აქვს ირგვლივ ყველა საზღვარი…
რადგან წლებია, ვერ დავუსხლტით მხეცებს მახიდან
– უცვლელად გვმოძღვრავს ეკრანიდან ვინმე ახვარი!
04.07.2022.
მიკი მაუსი, როგორც სტუმარი
კოკა-კოლა, იმიჯი, ემოჯი, მარლბორო და კენტი;
ქემელი ვისღა ახსოვს, ორკუზიანი…
როტმანსი თუ დანჰილი…
საიუზ-აპოლონი, ვინსტონი და პალ-მალი…
დონალდოს, პედროს და სუპერბაზუკას საღეჭი რეზინების
გადაკარგული გემო, როგორც სხარტი ნიავი,
რომელსაც უნებურად მოაქვს, ასე ნაცნობი,
მაგრამ მივიწყებული ტკბილი სუნი…
ფუნთუშების, „სლოიკის“ და შაქარმოყრილი ენის…
ჩემი ბავშვობის ბოშები – არავის არბევდნენ პლეხანოვზე!
მათ გარეშე, უბრალოდ ვერც სუნთქავდა თბილისი!..
ურბანიზმი თუ ჩურბანიზმი –
ევას პავაროტებით, შლაქსიანი ბიჭებით,
თავანით, გვერდზე გასვლებით, განაბებით
და მომავლებით…
სკოლების გადაბარებებით…
ფარდისიქიდან ახლადშემოჟონილი მინი-იუბკების მეჯლისით…
ცირკის ბირჟით,
ნეკერმანის სქელი ჟურნალებით და ზენიტის ფოტოაპარატებით…
– სხვა სიკეკლუცე, სხვა რომანტიკა, შოკოლადიც სულ სხვა!
და ტორტი-ზღაპარიც!…
მიკი მაუსი და ბრუსლი იშვიათად, სააღდგომოდ,
დესერტად მხოლოდ!
დათუნიას და კოწახურის კანфეტებისგან აწყობილი
საახალწლო გერლიანდები,
ღამის თრთვილის და დილის ნამის თრიაქული კოქტეილი…
– მაგრამ წარსული კლავს მომავალსო!
– მაგრამ ამას მე არ ვეთანხმები!
და სამუზეუმო ძველი ფიტულის პოზით
კვლავ ვაგრძელებ აბდაუბდა ამბების უსარგებლო
მძივებად აკოწიწებას,
ზარის კამათლებით, ბიჩოკებით, აგურით გახეხილი ჯინსებით…
ტროლეიბუსების მარშირებით, ტრამვაის ჯახანით,
ბებიის მოყოლილი, ოქროსფერი ანგელოზების
მაგიური ლოცვით…
სამ უბანზე ერთი ბოზით,
თუ მოხუცი მესემიჩკის დახვეულ გაზეთებზე
(და ნესტიან კედლებზე)
მიწერილი:
გ + მ = love!-ით!
ფიქრი – ვიტრაჟი, სიზმრის მაკიაჟი,
– ხასხასა წითელი პომადების ჰეგემონია…
სარვამარტოდ თუ დაბადების დღეებზე
დაგვიანებით მოსული წერილები,
რომლის კონვერტებს კანკალით ვხსნიდით და
ვახევდით მარკებს…
დღეს მიკი მაუსი აღარ მსტუმრობს,
და ბოშებიც გახდნენ ყაჩაღები…
მაგრამ:
– ამერიკა ვერასოდეს გაუგებს იმ თბილისს
რომელშიც დავიბადე!…
10.07.2022.