კულტურა კასტრატი!
გარეთ ყინვა და მრეში დარია,
კულტურა აორთქლდა! კულტურა მკვდარია!
სისხლია! სისხლია! ოღონდაც შავია!
კულტურა – фიქცია! კულტურის შლამია!
და პანაშვიდია! გლოვის სიმშვიდეა…
კულტურა მითია! კულტურის კიდეა!
გვამების აღლუმში მოჟონავს ქიმია;
კულტურის სამუმი რაოდენ მძიმეა!
გამქრალა აზარტი, ნიჭია ნაფლეთი…
კულტურა – კასტრატი! კულტურა – მაკეტი!
დარდია! სევდაა! ქვეყანა გვამია!
კულტურა ბნედაა! კულტურა შხამია!
კლანია! კალმები ურითმოდ ბღავიან!..
კულტურის ალმები გრიგალში გარბიან!
ილესავს ალმასებრ სინდისი კიდურებს,
კულტურა ამაზრზენ ფუნქციას იბრუნებს!
მახრჩობს და მაჟრჟოლებს ამ აწმყოს ნიშნები…
კულტურა იჩოქებს! კულტურავ, გვიკვდები!
ქარი კვლავ თარეშობს, ნასუსხი დარია…
კულტურა დაკოდეს! კულტურა მკვდარია!
04.12.2021.
მოკალით ომი!
/ლექსი დაწერილია რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში/
მოკალით ომი! დახვრიტეთ ომი!
მიუსაჯეთ ომს უვადო ან სამუდამო პატიმრობა!
ან გელუტინაზე აიყვანეთ! ან სახრჩობელაზე!..
მოწამლეთ, აწამეთ, გაანადგურეთ ის, თქვენში, ძირფესვიანად!
დამარხეთ ომი ცოცხლად! ფეხქვეშ გათელეთ
და ჩაზილეთ მიწაში ტანკების მუხლუხოებით!
მიაფურთხეთ ომს!
მიარწყიეთ!!
გაუგზავნეთ მას წყევლა! ჯადო! დოზანა და ჯანდაბა!
იქნებ დასუსტდეს, დაავადდეს და ჩაძაღლდეს!
მოკალით ომი!!
მოსპეთ, გადათელეთ ყველა, ვინც მისი მომხრე და მეხოტბეა!
გაზის კამერებში გამოამწყვდიეთ ყველა ომი პლანეტაზე!
გაგუდეთ! დაახრჩეთ და ამოხადეთ ომს „სული“!
-პაციФიზმის უკვდავი დამღა ამოუშანთეთ მას მკერდზე!
შუბლზე! თვალებშიც!..
დააქუცმაცეთ უმცირეს ნაწილაკებად, რომ ისე დაიშალოს, ისე დაიპნეს…
ვეღარავინ შეაკოწიწოს თავიდან!
ყველაზე მეტი სიმყრალე მასშია და მასშია ყველაზე მეტი შიშიც!
ძრწოლით და კანკალით დაედევნეთ, დაამუნათეთ თუნდაც,
რომ გზა-კვალი აერიოს და გადაშენდეს სამუდამოდ!
რომ წაიშალოს ყველა ისტორიიდან!
ჩასჩარეთ მას პირში სიმუნჯის საცობი!
ყველა საცეცები დააჭერით და დაკოდეთ ომი!
სადისტურად აწვალეთ იგი, სანამ არ მოწყდება წელში,
სანამ არ გაერთხმება მის მიერვე სისხლით გაჟღენთილ, გადაბუგულ მიწაზე!
წერეთ ომზე ისე, რომ ყველას შეეზაროს და შესძულდეს!
რომ ყველას ზიზღის გორგალი მოადგეს ყელთან,
მის გაგონებაზე!
ასწავლეთ ადამიანებს მხოლოდ მისდამი შეუწყნარებლობა, მიუღებლობა, იგნორი და უარყოფა!
ასწავლეთ ეს ბაღებსა და სკოლებში!
უმაღლესებში…
უქადაგეთ ეს ადამიანებს ეკლესიებში, ჯვრისწერისას, ნათლობისას, სახლების კურთხევისას…
წესის აგების დროსაც ისაუბრეთ ამაზე!
ომი ეს ხომ გვამებია, უამრავი, უთვალავი გვამები…
და ყველას თავისი წამების და საშინელების ამბავი ახურია სუდარად!
გვამების და ცხედრების გაყინული აღლუმია ომი!
მათი მოთქმაა დაყრუებულ უსასრულობაში!
მათი ცრემლებია დაღამებულ დილებში და ჯოჯოხეთურ გათენებებში…
დილეგებში და გათხრილ სანგრებში…
მოკალით ომი სამუდამოთ თქვენს ტვინში!!
გულში!!
მენტალში!!
ჩაკალით, ჩააქვესკნელეთ და გააქრეთ იგი კაცობრიობის ჟამთაღწერლობიდან!
შეიტანეთ ამაში თქვენი წვლილი!
ითამაშეთ ამაში თუნდაც სულ მცირე როლი!
მილიონობით გაუპატიურებული და აჩეხილი ბავშვების, ქალების, მოხუცების, წარუშლელი ხსოვნით თქვენში!
–და ომის გარდა, და მისი კოშმარის გარდა,
ყველა და ყველაფერი გიყვარდეთ!!…
შეარცხვინეთ თქვენში ბოლომდე, ომის არასათანადო გააზრება!…
ყველანი აღსდექით ომის მკვლელი ფერფლიდან ზღაპრული фენიქსებივით და აუხსენით უთვალავჯერ სიყვარული ერთმანეთს!
გადაეხვიეთ ერთმანეთს და შეჰფიცეთ,
რომ განაგდებთ მას, სამუდამოდ, თქვენგან!!!
-„WAR IS OVER!”…
22.06.2022.