ჰიპოტენუზა

 

სამკუთხა ოთახში სამ კატას დავეძებ,

სამ იატაკზე სამი ჭერია,

სამი კედელი ამათ შორისი –

სამჯერ გათვლილი გეომეტრია!

 

სამჯერ სამასი ლოცვა წარმოვთქვი,

ღმერთიც გასამდა! – ჩემი ჯერია!

ის რომანტიკა სკოლის სამოსნის

ნოსტალგიურად გაათასმაგდა!

 

სამი კატიდან ვერ ვაგნებ ვერცერთს,

ვერ ვიჭერ სიზმრებს სიზმრის საჭერით.

გასამმაგებულ გზაგასაყარზე

ვმყოფობ უძიროდ, როგორც კრატერი!

 

სამიათასი სამოსი მმოსავს,

სამი მანეთი არ მაქვს ჯიბეში…

3D фორმატში აღვიქვამ კოსმოსს,

თან სამაიას ვცეკვავ პიკეტში!

 

სამწახნაგოვან პროექციაში

სამკუთხედია თითქოს პლანეტაც,

პირამიდების მოისმის ხველა,

ოზონს მიარღვევს სამი რაკეტა.

 

დედამიწაზე ხოცვამდე ცხელა!

პინკოდი ჩემი სამჯერ გრძელია

და  სამში გრძელი დევს ანგარიშზე…

ვეღარ ვიძინებ, ფსიქოდელია-

 

ყურებს მიფეთქებს მეძავ ბალიშზე!

სამას მილიონს ვიღაც ჯეკპოტში

იგებს და ითვლის მაყუთს ჟანგიანს,

მე ვზივარ დღემდე  იმ სამკუთხედში.

 

ლექსებს ვღიღინებ, ისევ დარდიანს…

სამჯერ ავავსე ღვინით фუჟერი,

ინსულტი სამჯერ გადავიტანე…

ვდგავარ პირაღმა, არვის ვუჯერებ,

 

არც ამება ვარ, აღარც ტიტანი…

მე პოეზიის მატრიცას ვეძებ,

გალაქტიკებში გამყავს გვირაბი…

გაქრა საწმისი და მხოლოდ ვერძის

 

შემომეფეთა სამი ნიღაბი!

ქაოსის ორთქლმა მჭლე  ჰორიზონტი

ბერმუდის ველში გაასამკეცა…

კაზუსთა წრედმა, როგორც რობოტი,

ჰოლოგრამაში ციფრად ჩამკეცა…

 

20.07.2022.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13