მკვდარი პოეტის სადღეგრძელო

 

(ეძღვნება მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს და მის დახურვას)

 

სასმელი მოკვდა! მოკვდა სასმელი…

თუ მე მოვუკვდი სასმელს ტროპიკულს?

სადაც არმსმელი კვდება სასჯელით,

შემდეგ ახარებს სულ სხვა ოპიუმს.

 

გაჩერდა გული, როგორც კასკადი –

გაკრთა ნიმфებით  ლექსის  ბახუსი;

შემთვრალ პოეტთა ბლანტი ნაკადი

დგას, ვით დაღლილი, ხმელი კაქტუსი.

 

ყანწები ცვალა ელიტ-фუჟერთა,

ბოკალ-საწრუპთა ბროლის ჟღრიალმა.

მწერალთა სახლის ძირძველ სურნელთა

და უცხოელთა სვეცკურ წკრიალმა.

 

რა ბომონდია, რა სიფსიხეა?!

სად გაქრა ძველი მგოსნის მუნდირი?

დღეს პოეზია – სიტყვის ციხეა,

მე ამ ციხიდან, დღემდე, სულ ვყვირი!

 

და ვდგავარ მე აქ, განსხვავებულით

ვით ეშაфოტთან მკვდარი პოეტი,

მაკულატურად ქცეულ კრებულით,

ფიქრში ქაოსით, ხელში სონეტით…

 

აწ  გაგვიმარჯოს, როგორც გუშაგებს,

როგორც სტროფებით შვილმკვდარ პერსონებს!

ჩვენს „ოსვენციმებს“ და ჩვენს „გულაგებს“!..

ლექსებით დავწვავთ ჯალათ მენტორებს!

 

18.05.2018.

 

 

 

მკვდარი თვალები

 

აეკრა თვალებს ცისფერი ლიბრი

და გახდა მზერა ერთფეროვანი,

დილით სავსეა თვალები წირპლით,

საღამოს ისევ ცრემლის ონკანით.

 

დაკნინდა ხედვა, დანახვა, ცქერა,

გადაიდღაბნა ყველა საგნები,

თვალები მაინც გარემოს ზვერავს,

სხვებისგან ასე დანაქადნები.

 

ნაოჭებს ირგვლივ აძოვებს წლები,

კანიც დამჭკნარა მკვდარ ფოთოლივით,

მოხუცდა სახე, ჩაყრუვდა ხმები,

ყვრიმლები ჩაწვა ნახეთქ დოლივით.

 

წარბებმა ცვენა დაიწყო ხშირი

და წამწამებმა აფართხალება.

დაბერდა, როგორც მადანში კირი,

ყოვლისმხედველი გაძვალტყავება.

 

უწინ ცისფერი გუგებით მშვენი,

მრავალ გულების ამათრთოლები,

გაცივდა, დაშრა სიბერის სენით

ერთ დროს კაშკაშით გამაჟრჟოლები.

 

სამყაროს ფერნი, გახუნებულნი,

фოკუსგამქრალმა გარსმა დაფარა,

ნელა ბრმავდება ჩინი ველური,

ადრე ალმასებრ ბრჭყვიალ-ანკარა.

 

29.07.2022.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13