პლაზმისფერი ეპიტაфია
(ეძღვნება ჩემი სიყრმის მეგობრის, მეზობლის და კოლეგის – ზურაბ რთველიაშვილი/ქაოსურის/ ნათელ ხსოვნას…)
ყველაფერი ტაატია და ტიტინი სულის,
როცა ვერხვებს აბობოქრებს უეცარი ელვა!
გარდი-გარდმო იტოტება ნერვიული ღელვა,
იმ ბავშვური გრაქდაციის, თუ მუდმივი წყლულის…
უკუნეთში ნათენები, არის წლების ბორგვა,
წლები ხეთქავს გარიჟრაჟებს სისხლისფერი ალმით!
და გვაქვს ბრძოლა, ომის მეხით, ალესილი კალმით!
ჰო, ეს ომი არ თავდება, არ სრულდება შფოთვა…
ჩვენ ამ ომში, პოეტები, ვერ ვმარცხდებით – მასად,
ვერ წავაგებთ შერკინებას ამ შინაგან კლდესთან!
პოეტები კომპრომისზე ვერ მიდიან დღესთან,
მხოლოდ ღამით, ვყმუით ღამით, მგელისებრად ნაზად!..
26.04.2021.
ტყის იავნანა
ხმელი ტოტების, მშრალი მერქნის, ნოტიო ხავსის,
ნეშომპალის, ტორფის და
ლოკოკინათა ცარიელი ნიჟარების,
იავარქმნილ მეწყერთა თუ ქარაშოტთა
ხმაურიან სიჩუმეში მიძინებული ავდრების
გარდაცვლილი ტოქსიკურობა…
გადაყვითლებულ, ჰეპატიტურ ამინდთა
სნებოვანი, თან მორცხვი ერთფეროვნება –
ჩემი ბუნკერის ერთადერთი,
მწირი სარკმლიდან დანახული!
– ტყეების იავნანა…
ღამის მოღლილ, მოქანცულ აჩრდილთა
ეროტიული ვალსები და
ყოველი გაუთენებელი დღის
ისტორიად ქცეული სენტიმენტები…
მაშინ, როდესაც ჩემი გონების მარად უცვეთი ბუნკერია
მთელი სამყარო!
ყველანაირი კვებითი, კალორიული თუ
ენერგეტიკული ღირებულებებით…
ჟანგიანი მილების პრელუდია,
როგორც სერენადა შეყვარებულთა
და მკვდარი პეპლების ქაოტური ფარფატი შენში!
ამ გაუთავებელ ორომტრიალში
მუდმივად ემანირებს ჩემი უნამუსო სიცელქე…
ამ დაუსრულებელ ქარბორბალაში ტრიალებს
შენი აწყვეტილი ტრივიალობაც…
– მე ვიცი მოურჩენელ ტკივილთა ციფრული კოდი!
მე მესმის უძრაობის დინამიკა, როგორც შიზოфრენია…
და გეძახი:
-მოდი!…
05.07.2022.