დირიჟაბლი

 

მოდი გავექცეთ ამ ქვეყანას – მძიმეს, ჟანგიანს,

ძველი მილებით სავსეს, ძველი სახურავებით,

ხოლო ევროპა ვარდისფერი დირიჟაბლია

და გაგვაქროლებს ცხოვრებაში, ცაში, მცხუნვარე

ბედნიერების შუაგულში.

თუმცა, მეტია

მსურველი, ვიდრე დირიჟაბლში ერთად ეტევა.

 

თუ მაინც მზე გვსურს, დაჟინებით, წავიდეთ, მოდი,

გავიქცეთ სადმე აფრიკაში, ვნახოთ სავანა

თავისი ვრცელი თვალისჩინით და ხალხის მოდგმის

მწარე წყურვილით, ჭაბურღილით,

ფეხით სავალი

კილომეტრებით, და საკუთარ თვალებს ვაჩვენოთ –

შეიძლებოდა სახურავის შეცვლაც, დარჩენაც.

 

მოდი, ვეძებოთ ჩამარხული ბრილიანტები,

რომლებსაც თხრიან ბავშვები და მათი ციმციმი

ლამაზ ქვეყნებში ლამაზ ქალებს ბრწყინვას მატებენ,

ვიდრე ბავშვები ნეკნებიდან ვერ იცილებენ

შიმშილს სიზმრებშიც.

სხვა სიზმრებში კაშკაშა დღეა

კუნაპეტშიც და ქვები ისევ ბრმა თვალებს თხრიან.

 

მოდი, გავექცეთ მიწის ბელტებს, ტკივილის ბელტებს,

რომლებსაც ვინმე სხვა მორწყავს და ვინმე უწამლებს,

საკუთარ თავებს ამისათვის ვერ გავიმეტებთ,

გავყვეთ ოცნებას, გავყვეთ პროგრესს, გავყვეთ უსწრაფეს

ცვლილებას,

თუნდაც დარჩენილა მიწაც, პლანეტაც

ამ დირიჟაბლის მიღმა,

ასე ცალკე, გარედან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10