ნაახალწლარი სონეტი

 

ქალაქმა ალბათ დაიჯერა, რომ ლამაზია

და დასჭირდება ამნეზია, რომ შეელიოს

ამ საახალწლო განათებებს და ფანტაზიით

სავსე ვიტრინებს, სიკაშკაშეს, რაც შეერია

გუშინდელს. ხვალ კი ჩამოხსნიან ფერად ნათურებს

და აკეცავენ ნაძვის ხეებს მომავალ წლამდე

და სილამაზეს კვლავ რუტინა გაახალტურებს

და მოხატული ნიღბებით არ ჩაკბეჩენ მწვადებს

მოქალაქენი. ხვალ ქალაქი ისევ მჭკნარ ფერებს

შეაბერდება – ჭვარტლისა და კვამლის მძევალი,

საკუთარ სხეულს შესთავაზებს, როგორც საფერფლეს –

ზეიმით დაღლილ მწეველებს და არამწეველებს.

დაიჯერა, რომ ლამაზია. თუმცა, სრულდება

დღესასწაული. ყველა თავის თავს უბრუნდება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10