გვერდხედი

 

და სად წავიღოთ ცხოვრება, რომელიც ვიცხოვრეთ?

ვის ვაჩუქოთ? რომელ თაროზე შემოვდოთ?

შვილები ალბათ გაიღებენ მოწყალებას,

დაგვაჯერებენ, თითქოს სჭირდებათ ყველა წვრილმანი,

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყოლილი სუვენირები,

ამბები, რომლის მოყოლაც მოვასწარით.

მერე ნელნელა ჩანაცვლდება დიდი და პატარა ნივთები,

გადაშლიან და ვერ იცნობენ

ფოტოალბომის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,

ამოარჩევენ რამდენიმეს მათთვის საერთო მოგონებიდან –

ბაკურიანის გირჩს, ერთად ნაყიდ სათამაშოებს,

ფოტოებს, სადაც მათ ვუღიმით.

დანარჩენი – სხვენს ან სარდაფს შეეფარება.

ისიც – დროებით.

 

ყველა ცხოვრებას ელოდება

გაქრობამდე – სხვენებში და სარდაფებში

დავიწყების განსაწმენდელი.

„უკვდავებაც“ ხანგრძლივი შლაა

თავისი ყველა გამოჭერილი წამით, შედევრით.

ამაოა ჩვენი იმედი, როგორც მტვრის წმენდა გამუდმებით

ავეჯზე და იატაკზე – ამ მტვრით მოზელილ სამყაროში.

ჩვენ კი რაღაც მეტს მოველით

ასე დღითიდღე შეგროვებული ცხოვრებისაგან;

რაღაცას, თუნდაც დასრულებული,

აწყობილი პაზლის მთლიან ხედს –

ვინმეს თვალი ჩვენთან ერთად რომ იზეიმებს,

ჰიპოთეზური თითები ვიდრე ჩამოხსნიან

უმცირესი ნაწილაკებით შეკოწიწებულ საშობაო დეკორაციებს

და ჩვენთვის უცხო, არაფრისმთქმელ მოზაიკად გადააწყობენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10