თვალის მოტყუება

 

რა უმტკივნეულოდ აქრობენ ილუზიონისტები

თეთრ კურდღლებს და მტრედებს –

ჯოხის ერთი აქნევით,

მსუბუქად და შთამბეჭდავად.

ღრმა, შავ ქუდშია მოქცეული

ქათქათა არსებათა თაობები –

ჭრელ ნაკუწებსა და კონფეტის არარსებულ ქაღალდებს შორის.

ადვილია ასეთი არყოფნა.

სასწაულის მიღმა არავინ წუხს, არავინ ენატრებათ.

სცენაზე ბანქოს ქაღალდის ცვენას შეყურებს ყველა.

ცხოვრებას კი შიშველი ძვლები სჭირდება ისევ –

იმაზე დიდხანს რომ აგრძელებენ

დაშლას, ვიდრე ხორცი ასხიათ.

უკიდურეს შემთხვევაში, ფერფლს მაინც ითხოვს –

ალმოდებულ რამდენიმე წამს –

არსებობის გამოსასყიდად.

ყველა მდევარის მდევარია –

კვალში უდგას მტაცებელს და ბალახისმჭამელს –

სულ ერთია, რომელ მომენტში

რომლის ნახტომი უფრო გრძელია.

მისი ყველა სანახაობა მსხვერპლით მთავრდება.

მზეები ჯუჯა ვარსკვლავებად იკუმშებიან,

პირმცინარე გოგო-ბიჭები – ანონიმურ წინაპრებად.

წმინდანებიც კი, შუქზე მეტად, ტკივილს აფრქვევენ.

ადამიანები, ჯიუტად, ზოგჯერ მაინც,

აწყობენ ნამდვილ ფეიერვერკებს –

ცხოვრებისგან სულის მოსათქმელად დღესასწაულებს იგონებენ,

შეუძლიათ გველეშაპიც

თვალისმომჭრელ დეკორაციად გადააქციონ;

ქალაქების თავზე აყენებენ

ნაპერწკლების ფერად კორიანტელს.

თუმცა, მათი მხიარული ტკაცანიც, ხშირად, –

დღის გზებიდან ძლივს თავდაღწეულს,

ძილში თავშერგულს –

ადამიანსვე აფრთხობს, აფხიზლებს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10