მთავარი ცვლილება

 

როგორ წაიღო ტვინი სარკემ

თავისი უპირობო პირდაპირობით –

არასდროს ჩანხარ ისე ლამაზი,

როგორც მის თვალში, ვისაც უყვარხარ;

არასდროს ჩანხარ ისე უშნო,

როგორც მის თვალში, ვისაც სძულხარ.

დგახარ ასეთი ჩვეულებრივი,

დილა-საღამოს იგივე ნაკვთებს აკვირდები

და ვერაფერს ამჩნევ ახალს, რევოლუციურს.

ამ სახის მიღმაც, ყველაფერი

წინა დღეების გაგრძელებაა.

ერთი დღე მაინც რომ გამოტოვო,

იქნებ შეატყო რამე ცვლილება –

ნაიარევი ჩანდეს უფრო შეხორცებული,

ნაოჭები უფრო ღრმა,

თვალი მეტი აზრით ამოვსებული,

მაგრამ ვერ ცხოვრობს სარკის გარეთ ადამიანი.

ყველგან მოძებნის რამეს – სარკისებრს,

რაც აირეკლავს მის არსებობას,

ყველგან თავის თავს მოისაკლისებს –

ყველა პრიალა ზედაპირზე, ეკრანებზე, სხვების თვალებში.

უმალ გაძლებს სარკმლის გარეშე,

რომელშიც ახლა უნდა თოვდეს,

მაგრამ თოვლმა ადამიანი შეატოვა სარკეს, ვიტრინებს,

წლიდან წლამდე უფრო დახვეწილ დეკორაციებს,

კორპორატიულ ზეიმებს და მაცდურ აქციებს.

არავინ გლოვობს უთოვლობას.

ფონს თაბაშირის ფიფქები ავსებს,

საბურავები ნაკლებად ცვდება.

გულებს ისევ ჩვენი თავების სიბრალული თუ აგვიჩუყებს,

თუ ანარეკლი ამ შუაგულ დღესასწაულშიც

დაღლილი და გაცრეცილი მოგვეჩვენება.

და თუ თოვლი სრიალისთვის და ფოტოსთვის მოგვენატრება,

შვებულებას ვიღებთ და ზემოთ, მთას მივაშურებთ,

სადაც ფერდობი ჯერ კიდევ იკრავს წმინდა ყინულს

და ცას ირეკლავს,

თხილამურის კვალს კი მარტივად –

ერთი ღამის თოვაში წაშლის.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10