თბილისი-რომი-თბილისი

 

შენ ახლა რომში ხარ, რომელმაც ომები უკან მოიტოვა

და დიდი ხმაურით ყიდის მოგონებებს, ყიდის სუვენირებს.

მე ვზივარ კაფეში, ისეთი წვიმაა, სჯობია მოთოვოს.

და დილის თბილისი ნელნელა ივსება ბაცი სურვილებით –

გაურკვეველია ამბავი მცოცავი დღეების, გველების,

ბრმა მავთულხლართების, მძიმე და მსუბუქი ვალების, მომავლის.

რომიც ხომ – ასეთი სავსე – ნანგრევებით, ასე უვნებელი –

ყიდის სუვენირებს, რადგანაც წარსულის დიდი მოვალეა.

 

 

 

***

ფოტოჯიხური შემოდგომის ფერებს გამოჭრის.

ეს ოქტომბერი სხვა ოქტომბრებს სჯობია შუქით.

და დანარჩენი შეიძლება სულაც გამოგრჩეს.

და დანარჩენი შეიძლება სხვა ვინმეს უკვირს.

პლაკატები კი ერთმანეთზე ასახევია –

სრულიად არა არსებითი ყოფნის ასლები,

ვიდრე ფოთლები გვერდს უვლიან მათ ბრტყელ სახეებს

და მიწას უხვი სილამაზის ნაგვით ავსებენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10