ამბებით სავსე მაისი

 

ისევ ამბებით გაივსო მაისი.
ოღონდ ქალაქში არა. სოფლად.
ძილს წაართვეს თავი არსებებმა.
ვარდებმა გულებში ფუტკრები ჩაისვეს –
საკუთარ ფერებს უკეთ გრძნობენ მათ საცეცებში.
და მოკლე წვიმები არ ასვენებენ წითელ ხოჭოებს,
ფუღუროებს რომ აფარებენ სწრაფ ქორწინებებს.

მოკლე იქნება ეს მაისიც,
დაუორთქლავი ამოსუნთქვა ზამთრებს შორის,
აჩქარებით გადახვევა დღეების ფირის,
გამზადებული, სრული ფინალით,
ვიდრე მისი პერსონაჟები
ჯერ კიდევ შუა ფილმში ცხოვრობენ,
გზას იკვლევენ კადრიდან კადრში.
მათი სიცოცხლე – ბუდის შენება,
მათი სიკვდილი – ჩაბუდებაა.

სწორედ დღეს არის ამოვსებული
ფირი ყველა შესაძლო ფერით,
ყველა შესაძლო სულიერით,
ბგერით, სცენარით.
ეს დღე სავსეა ბოლო წვეთამდე.
ნამდვილია მასში ტანჯვა და სიყვარული.

მას კიდევ ბევრჯერ გადაახვევენ
დასაწყისისკენ უცხო ღმერთები.
კიდევ ბევრჯერ შეისრუტავენ კადრების სურნელს.
კიდევ ბევრჯერ დააბრუნებენ მაისის დღეს –
ადამიანის თვალით დანახულს.

დააბრუნებენ აი, ამ წამს – გადახუნძლულს
ბლის ხეების კენწეროებით, –
ყველა სიგიჟის პარალელურად
სადაც მარცვალი ტკბება, მწიფდება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10