კილომეტრები

 

რა ახლოს ვცხოვრობთ ცოცხლები მკვდრებთან

არა და, თითქოს ჩვენ შორის იყოს

რაღაც, მიწაზე და ცაზე მკვეთრი,

რაც კრძალვასა და შიშს ერთად ითხოვს.

და დავიწყებას ითხოვს, რომ ძალა

მოგვცეს ყოფნის და კანშიც ვეტევით,

თუმც ასე ახლოს ვცხოვრობთ და ძვლებიც

ერთნაირი გვაქვს, კილომეტრები –

ჩვენს ტერფებამდე და ტერფებს მიღმა –

არყოფნისაკენ გადატკეცილა.

დღეს შეგვიძლია წარმოვთქვათ სიტყვა,

და თავი ვიგრძნოთ ავად, კეთილად,

გულგატეხილად თუ ბედნიერად,

დამარცხებულად, იმედით სავსედ.

და არასოდეს, აღარასოდეს

არავინ აღარ განიცდის ასე

მსგავს გრძნობას. რადგან სასწაულია

შობა და მოსვლას ტირილით ამცნობს

ქვეყანას ყველა ახალშობილი,

ჩვენ უნდა შევხვდეთ ამ ღამეს, ამ დროს,

რომელიც აღარ განმეორდება

განათებებით, სუნთქვით, ხედებით,

სწორედ დღეს, როცა ოდნავ მოკლდება

არყოფნის შორი კილომეტრები.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10