იმ დილით რობიზონმა პირველად იგრძნო: გაურეცხავი ჭურჭლის, წლობით მოუხვეტავი იატაკის, მოჩვენებებად ქცეული ფიქრების და, რაც მთავარია, დაძმარებული ოცნებების მძაფრი სუნი, რომლითაც აკაციის ხის მორებისაგან გამოთლილი მისი სახლი ყარდა…

გაბრაზებულმა ნაოჭებად ქცეულ სახეზე ხელი მოისვა, წითლად შეღებილ ცას ახედა და სადღაც აღმოსავლეთისაკენ გადააფურთხა.

ზამთრის, სუსხიანი ქარისგან, ღრუბლები სოფლის თავზე, უცნაურად იკუჭებოდნენ, შემდეგ კი, ნაგლეჯებად ქცეულები, სხვადასხვა მხარეს მიქროდნენ.

– აი, რა მოსდის ამ სოფელში მარადიულ სიყვარულს! – სიმწრით თქვა  და უძილობისაგან  დაწითლებული თვალები მოიფშვნიტა.

ხელისგულისოდენა ეზოში ქაღალდის ფულებივით ეყარა თოვლ-ტალახში არეული, გახრწნილი ფოთლები.

– ეზო! – სევდიანად გაიღიმა რობიზონმა, – ამბობენ, თუ კაცი უყვართ,  იმისი ეზოც უნდა უყვარდეთო! თქვენ გიყვართ ჩემი ეზო? – ხმამაღლა იკითხა  და, პასუხი რომ ვერ მიიღო, ზღვის ნიჟარებით მოკირწყლულ საპირფარეშოსკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა…

გაზაფხული უკვე კარგა ხანია უნდა დამდგარიყო სოფელში, მაგრამ აქ ისევ ჩრდილოეთის ქარები, პოლარული ნათებები და აუტანელი ყინვები ბატონობდნენ. გაჭიანურებული ზამთრისგან დაღლილი ხალხი ყოველ ცისმარე დღეს საბჭოს წინ იკრიბებოდა და შორეულ მთებზე მცხოვრები სინოპტიკოსებისგან იმედისმომცემ ცნობებს ელოდებოდა… მაგრამ სოფლის გამგებელს სულ ერთი და იგივე პროგნოზი ჩამოჰქონდა:

– დილით ყინვა! შუადღისთვის მცირედი მოღრუბლულობა! საღამოს თოვლი!… ღამით კი, მოუკვდათ მაგათ პატრონი, ცივი, სუსხიანი ქარი!

– მეტი არაფერი დაუბარებიათ? – კითხულობდნენ იმედგაცრუებული სოფლელები.

– დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობა იცვლებაო და ჩვენი სოფელი მარადიული გამყინვარების ზოლშია მოხვედრილიო! – ტალახიან ჩექმებს იწმენდდა გამგებელი.

– ესე იგი, ვიღუპებით?! – ამოიგმინა ხალხმა.

– არა კაცო ვხუმრობ! – საცოდავად იღიმებოდა ამბის მომტანი და ფილტრიანი სიგარეტით უმასპინძლდებოდა გაოგნებულებს. – დაიღალა ბუნება! მარტოა და დაიღალა; არავინ ვეხმარებით, პირიქით ხელს ვუშლით! იმასაც გამოეცალა ძალა და აღარ შეუძლია გაზაფხულის მოყვანა!.. ამიტომ ცოტა ჩვენც უნდა მ ი ვ ე ხ მ ა რ ო თ!

– რა ვქნათ, კვირტები გამოვიბათ? –სოფლელები გახუმრებას ცდილობდნენ.

– არა, კაცო! უნდა გავუგოთ ერთმანეთს! უნდა შეგვიყვარდეს ერთმანეთი! უნდა გვეცოდებოდეს გაჭირვებული და მათხოვარი!.. თუ არა, ჯოჯოხეთი არ აგვცდება!.. ციმბირული ჯოჯოხეთი! ასე არაა, ძმაო, აა? – შესძახა კუთხეში მიყუჟულ რობიზონს.

რობიზონი ცივი ნაღველით სავსე თვალებით მიაშტერდა გამგებელს და ჩუმად თქვა:

– ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში იმიტომ, რომ ეშმაკებს ვეღარ ვამჩნევთ!..

ეს იყო ერთი კვირის წინ;

იმის მერე რობიზონი არ გამოფხიზლებულა. დალია, რისი დალევაც შეიძლებოდა: “სამაგონი”, კბილის პასტის ნაყენი, კიტრის, ვარდის თუ იასამნის ლოსიონები, დენატურატი თუ აეროზოლის, დეზადორისა და მეთილის სპირტის კოქტეილები. ბოლოს კი, როცა გუტალინწასმული პური შეჭამა და გული აერია, მიხვდა,  თუ არ გაჩერდებოდა, დაიხრჩობოდა. დაიხრჩობოდა იმ ხილვების მორევში, რომლის ჩაწვას, ჩაფერფვლას და ჩათუთქვას ასე გამალებით ცდილობდა…

გაზაფხულის მოახლოებას რობიზონი მთელი ტანით გრძნობდა… კოღოებს უყვარდათ მისი სისხლი და საკმარისი იყო, თოვლს დნობა დაეწყო, რომ უნამუსო ლოთებივით დააცხრებოდნენ რობიზონის მოყავისფრო კანს. გახვრეტდნენ თავისი მჭრელი, კოპწია ხორთუმებით და თბილ სისხლთან ერთად დაკარგულ წლებს, დასვრილ ოცნებებს, გაოფლილ ფიქრებსა და უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებს იწოვდნენ.

ბევრჯერ უთქვამთ რობიზონისთვის – ევკალიპტის ზეთი მაინც იხმარეო! მაგრამ, რაც  უნდა ეცადა, რაც  უნდა გამოეძებნა, ან, ბოლოს და ბოლოს, რაც  უნდა ჩაეცვა, კოღოები მაინც პოულობდნენ მისი სისხლისკენ მიმავალ სანუკვარ ღრიჭოს, უმოწყალოდ სწოვდნენ, ძღებოდნენ და შემდეგ, თავიანთი ღორმუცელობით კმაყოფილები, სახლის ჭუჭრუტანებში მიძვრებოდნენ დროის გასატარებლად ან გამოსაძინებლად.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10