– რა ბედი გვქონია! –თავის გაემხნევებას ცდილობდა ნიჩბებმომარჯვებული რობიზონი – მთელი ცხოვრება ვოცნებობდი კუნძულებიდან წასვლას… რაღაც ახალის, რაღაც უცნობის პოვნასა და შეგრძნებას!.. და ამისთვის თურმე მხოლოდ სამოთხის ვაშლის ჩრდილში შენთან ერთი დღის გატარება ყოფილა საჭირო! მხოლოდ ერთი ცხელი დღის გატარება!

– ბედი? – ცრემლები ძლივს შეიკავა პარასკევამ, – არ არსებობს ბედი, არსებობს მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ!..

– ორმოცი წელი! – ამოიოხრა რობიზონმა და გაახსენდა, როგორ დარგო ეს ხე ხელისკანკალით, როგორ გაუფხვიერა მიწის ყოველი ბელტი, როგორ დაურჭო ჭიგო და ნავიდან დარჩენილი, მამონტის ტყავისაგან გამოჭრილი თასმებით, როგორ მიამაგრა ერთმანეთს – ქარმა არ წაგაქციოსო! როგორ სიამოვნებით  დააბერტყა შუბლიდან მოწმენდილი ოფლი – სუქი-სუქი-სუქიო!.. და როგორ დათვრა პირველად პარასკევასთან ერთად სისხლივით სქელი და სიყვარულივით დამბანგველი ღვინით, რომელიც კახელ გლეხს გაუცვალა ვეშაპის ულვაშში და ზვიგენის ცამეტ კბილში… ეს იყო ის ერთადერთი ბედნიერი დღე, როცა პარასკევა და რობიზონი, ჩახუტებულები, ერთმანეთს უმღეროდნენ იმ უკანასკნელ სიმღერას, რომლითაც ახლობლებმა მათი ნავი ოკეანის ტალღებს მიაბარეს… შემდეგ?.. შემდეგ ორმოცი წელი გავიდა!

დღეს კი რობიზონი უნდა წასულიყო სწორედ იმ კაცის გასვენებაში, რომელიც სოფლის გზაზე პირველი შემოხვდათ და რომელმაც პირველმა აუხსნა უსულო ციფრების, რაციონალური აბდაუბდის, მატერიალური მირაჟებისა და ყოფიერების მითების, ლოგიკური არსი. ვინაც პირველმა მოუზომა საცხოვრებელი ადგილი და კვადრატულ მეტრებში დაუნაწევრა ოჯახური ფართი. ვინაც პირველმა გადაუხადა ქაღალდის ფული იმ ოფლისმღვრელ შრომაში, რომლის გარეშეც, მაიმუნი ვერ იქცეოდა ადამიანად. და ვინაც პირველად შეეცადა დაერწმუნებინა, რომ ოკეანე ადამიანთა ოცნებებით, ფიქრებითა და გრძნობებით სავსე სივრცე კი არა, უბრალოდ, მარილიანი წყლით გაპიპინებული ბუნებრივი დიდი ქვაბი იყო.

– კი მაგრამ! – გაუკვირდა პარასკევას, – ოკეანე ხანდახან ხომ ღელავს! ხანდახან ხომ ვერ ეტევა თავის კანში! ბორგავს, დუღს და ბრაზობს!! განა უბრალო მარილიან წყალს ეს შეუძლია?.. ოკეანე ყოველთვის ცოცხალი იყო ადამიანების რწმენასავით, სიყვარულივით, ოცნებებივით, თქვენ კი ამბობთ, რომ ის უბრალო, მკვდარი წყალია?!. ხომ არ ცდებით?

– ვცდები?! – ჭკვიანი მასწავლებელივით გაეცინა ამ კაცს და ხუჭუჭა წვერზე ხელი მოისვა, – ცდება ის, ვინც არ იცის! ცდება ის, ვინც სამყაროს ტვინით კი არა, გრძნობებით ხსნის!.. ჩვენ აქ ისეთი კაპიტალი გვაქვს, გრძნობებს თოფი თუ არ ვესროლეთ და მხოლოდ ტვინით არ ვიმუშავეთ, სოფელი დაგვენგრევა!

ღამით კი, როცა ცოლ-ქმარი მარტო დარჩა, შეშინებულმა პარასკევამ უკუნი სიბნელისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:

– ხედავ, რობიზონ, არსად ციცინათელები არ დაფრინავენ?!

– მართლაც! – პირველად შეამჩნია რობიზონმა და გაოცდა.

– იმიტომ არ დაფრინავენ, რომ აქ ჰაერია გაფუჭებული! ციცინათელები მარტო იქ დაფრინავენ, სადაც სუფთა ჰაერია!.

– მართლაც!… – კვერი დაუკრა რობიზონმა.

– იცი, ის კაცი ვინ არის, ჩვენ რომ გვასწავლის ყოველდღე?

– არა, არ ვიცი!

– ის კაცი ადამიანი კი არაა, ბუღალტერია და თანაც მთავარი!

– ადამიანი არაა? – დაეჭვდა რობიზონი, – აბა, ჭამის დროს რომ ლაპარაკობს?!

– მერე რა, ბუღალტრებს თურმე ეგეც შეუძლიათ, – მიეკრო რობიზონს, – მაგენს ერთდროულად ჭამაც შეუძლიათ, ლაპარაკიც და ანგარიშიც! მეშინია, რობიზონ, ჩვენც არ შეგვჭამოს!

– ნუ გეშინია, – აკოცა რობიზონმა.

– ციცინათელები დაფრინავენ იქ, სადაც ადამიანები სუფთა ჰაერით ცხოვრობენ, – ამოიოხრა პარასკევამ, – აქ არაა სუფთა ჰაერი.

– შენი ტკივილი ჩემს ტკივილზე მწარე არ არის, იცოდე! – თქვა რობიზონმა და მის გონებაში ზურმუხტისფერ წერტილად ჩარჩენილი, კუნძულის უკანასკნელი ხედი ამოტივტივდა…

… ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ!  ორმოცი წელი!..

პარასკევა ნელ-ნელა ხვრეპდა ცხელ ჩაის, თითებით პურს კორტნიდა და დაუღეჭავად ყლაპავდა.

– საშინელებაა, როცა კანტორის ბუღალტრად კვდები, – თქვა პარასკევამ და ხელისგულით გაქონილი ტუჩები მოიწმინდა, – კვდები და თანაც როდის, როცა გაზაფხული მოდის!

– ეხე-ხე-ხეე! – ამოიოხრა რობიზონმა და გაახსენდა, ბუღალტრის გასვენებაში რომ უნდა წასულიყო, – საშინელება ისაა, თანამდებობად რომ კვდები და არა ადამიანად!

– რაო, რა თქვი? – იკითხა პარასკევამ.

– არაფერი, – ჩაილუღლუღა კაცმა და ფანჯრის მინებივით გასქელებულ ფეხის ფრჩხილებს დახედა, – არ გინდა ამ “ტუფლების” ჩაცმა? როცა ვიცვამ, ასე მგონია, ვიხრჩობი, სუნთქვა მიჭირს.

– გახსოვს? იქ… მაშინ, სულ ფეხშიშველები დავდიოდით! არაფერი არ გვტკიოდა მაშინ, გახსოვს?

უცებ რობიზონს მოუნდა, ყელში წვდომოდა პარასკევას და სამოთხის ხეზე კლუბის აფიშასვით მიეჭედებინა. იქნებ მაშინ მაინც გაევლო იმ საშინელ წვას, გულ-მუცელსა და სულს რომ უდაგავდა.

– იცი, რას გეტყვი?!.. ყოველთვის ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რაც არ ვიცით!

ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ და კაცს ბუღალტრის მოვლილი, უფერო ლაქწასმული ფრჩხილები გაახსენდა და კინაღამ გული აერია.

– გახსოვს, პირველად რომ მაკოცე, რა მითხარი? – იკითხა პარასკევამ.

– მაგას რა დამავიწყებს! – ჩაახველა კაცმა და გაახსენდა, რომ სამოთხის ვაშლი უნდა მოეჭრა.

– ღმერთმა იმისთვის შექმნა ღამე, რომ შეყვარებულებს ერთმანეთი უსირცხვილოდ უყვარდეთო! გახსოვს?

– იქნება მთლად არ გამხმარა! – ხმამაღლა თქვა რობიზონმა, – ჯაყვით პატარას მოვჩიჩქნი, თუ შიგნით ცოტა სველი მაინცაა, არ მოვჭრი… იქნება აწი მაინც გაიხაროს!

ამ აზრმა გაახალისა. დიდ ოთახში შევიდა, სადაც დათვის ტყავი ეკიდა და ძველი რადიოლა ჩართო. მერე ტყავზე ქინძისთავებით მიმაგრებული ვარდებით მოხატული ფირფიტა ჩამოხსნა და რადიოლაში ჩადო. ეს ფირფიტა, ამ ოცდაათი წლის წინ უცნობმა თაყვანისმცემლებმა გამოუგზავნეს დათვის ტყავთან ერთად, რომელზეც მწვანე ძაფით ლამაზად იყო ამოქარგული შემდეგი სიტყვები: “ოკეანისა და ოცნების კუნძულების უტყავო დათვს, რობიზონს და მის მარადიულ მეუღლეს, პარასკევას, მათი თავგადასავლების მოწიწებული თაყვანიმცემლებისგან!”

ნემსი ფირფიტაზე კალიასავით ორჯერ ახტა და გოგონას ხმით ალაპარაკდა.

“- ჟამგამოვლილო! ძვირფასო! რომანტიკულობით მოცულო, რობინზონ!.. და სინატიფით, სინარნარითა და სიტურფით სახელმოხვეჭილო პარასკევავ! ანუ როგორც ჩვენში იტყვიან – პრასკოვიავ! – რობიზონიცა და პარასკევაც გულში იმეორებდნენ უკვე მილიონჯერ მოსმენილ ამ სიტყვებს, – უთვალავი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მარგამ ისე ვნერვიულობ, ისე ვნერვიულობ, რომ ლაპარაკი მიჭირს და ამიტომ ვიმღერებ… იცოდეთ, ამ სიმღერაში ყველაფერია: ჩემი სულიც, ჩემი თქვენდამი უსაზღვრო სიყვარულიც და მონატრებაც, რომლითაც თქვენს მიერ აღწერილი ოცნებების კუნძულები მესახება… Yთქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ გვეცოდინებოდა ჩვენ, ამ სოფლის ხალხს, თუ რა არის ცხოვრება ხელფასის გარეშე. სიყვარული საცხოვრებელი ბინის გარეშე და… ოცნება სიმდიდრის გარეშე. გახსოვთ თქვენი სიტყვები, მეგობრობაზე რომ თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში, – ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მის შვილებს თვალის ჩინი დააკლდებათო… იცით, რომ ბიბლიაში, ძველ აღთქმაში ზუსტად ეს სიტყვები წერია… ესე იგი, თქვენ გქონდათ “ბიბლია” იქ, იმ კუნძულებზე! ესე იგი, თქვენ ცხოვრობდით…”

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10