– კაი, ერთი, თუ ძმა ხარ? – გაუკვირდა რობიზონს – მერე იპოვნე ის რაღაცა?

– კი, აგერ მაქვს! – სევერიანმა ჯიბიდან ოთხად დაკეცილი ლურჯი ბარათი ამოიღო და რობიზონს გადასცა. მან ფრთხილად გაშალა ქაღალდი და კითხვა დაიწყო:

“საღამო ხანს ცეცხლოვანი ანგელოზი მივიდა მასთან და ჰკითხა – აქ ცხოვრობ?

– არა, _ უპასუხა მან – მე აქ ვბანაობ. ვცხოვრობ სხვაგან.

– შენ ჩამორჩი!

– რას? – იკითხა მან.

– დინებას! _ უპასუხა ანგელოზმა.

– რამდენად ჩამოვრჩი დინებას?

– სამუდამოდ! – უპასუხა ანგელოზმა, – უსასრულოდ!

მერე დაიხარა და მის გაფითრებულ ბაგეს ნაზად ემთხვია:

– ნუ გეშინია, შემიძლია დაგაწყნარო. მე შენზე ისევე ვფიქრობ, როგორც სხვებზე _ ყველა მეზიზღებით! – თქვა ანგელოზმა და ცეცხლოვანი თვალებით მის გულში ჩააღწია.

– ის, ვინც უნდა მოვიდეს, ის კი არ არის, ვინც ყველას სძულს და არავის უყვარს, არამედ ის, ვინც თითქმის ყველას უყვარს და მხოლოდ ერთეულებს სძულთ!.. თუმცა სიყვარული, ჩვენ ვიცით მხოლოდ, როგორ იწერება! _ ბარათის გვერდზე კი აჩქარებული ხელით მიეწერა – ვერ ვეტევი საზღვრებში! რატომ?.. ღმერთს, სამწუხაროდ, არ შეუძლია, რომ ორჯერ ათი არ იყოს ოცი!

რას უნდა ნიშნავდეს ეს წერილი? – იკითხა გაკვირვებულმა რობიზონმა.

– ეეჰ, რა ვიცი. – მრავალმნიშვნელოვნად გადახედა სევერიანმა, ღმერთმა მოგვცა არა ცხოვრების ცოდნის, არამედ მისი გამოყენების ნიჭი… ადამიანია ის, ვინც იბრძვის და არა ის, რასაც სასაფლაოზე დასამარხად მივათრევთ.

ცოტა ხანს უხმოდ მიაბიჯებდნენ სოფლის ტალახიან გზაზე.  ბოლოს ისევ სევერიანმა დაარღვია სიჩუმე.

– გახსოვს, რომ მიყვებოდი, კაი ნაყოფს იბამსო ის შენი ვაშლის ხე?… ღამღამობით მესიზმრებოდა იმისი გემო… ერთხელ იმდენი ნერწყვი მომივიდა ძილში, რომ კინაღამ დავიხრჩე!.. ეს მაშინ იყო, პირველად რომ გამასვენეს!.. თუ მოისხა, იცოდე, ერთი-ორი კილო მეც უნდა მიწილადო!

– ჰოო! – ოდნავ შეცბუნდა რობიზონი.

– ისე, თუ გინდა, ფინიკის პალმის ნერგებს მოგცემ. კაი ნერგებს! წითელი ხის მასალა როცა გამომიგზავნეს, ნერგებიც გამოუყოლებიათ, საჩუქრად. ხუთ წელიწადში ერთი ვაგონი ფინიკი მოგივა.

– არა, ვაშლის ხე მირჩევნია!

– რაკი არ გინდა, ნუ გინდა!.. რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს! – დაასკვნა სევერიანმა.

სასაფლაოზე რომ მიაღწიეს, ბუღალტერი უკვე მიწისთვის მიებარებინათ და რაღაცით გახალისებული ხალხი უკან ჯგუფ-ჯგუფად ბრუნდებოდა.

ბუღალტრის ცოლი სასაფლაოს კართან იდგა და სოფლელებს ქელეხში ეპატიჟებოდა, თან ნამტირალევი სახიდან მაკიაჟს ცხვირსახოცით იცილებდა. მის გვერდით ჟორაია აქუბორდიძის ძმა, რაჟდენა იდგა.

– კაცი უნდა იყო ბოლოს და ბოლოს! – მოესმა რობიზონს ანჟელიკას გაბზარული ხმა.

– აწი რაღა დაგვრჩა, აღარაფერი გვაბრკოლებს!.. მაგრამ ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვიცადოთ! ასე უცებ ნუ ვიზამთ, სირცხვილია! – მორიდებულად პასუხობდა რაჟდენა.

– როდის დამთავრდება ეგ შენი ცოტა ხანს? – არ ცხრებოდა ქალი.

– ცოტა ხანში დამთავრდება!

ანჟელიკამ რაჟდენას დამცინავად გადახედა.

– მაინც კიდევ რა გინდა? რა?!

– რაც მინდოდა, ის კი მივიღე და აწი!.. – ნიშნის მოგებით ახედა ბუღალტრის ცოლს.

– მართლა! – ქალმა დასვრილი ცხვირსახოცი პიჯაკის ჯიბეში ჩაუტენა, – კაცებს ყოველთვის გაქვთ უფლება, მიიღოთ ყველაფერი ის, რაც გინდათ?!

ჟორაია აქუბორდიძეს საფლავზე დაწყობილი სამგლოვიარო კალათებიდან შამპანურები ამოეღო და მესაფლავეებთან ერთად სვამდა. რობიზონმა და სევერიანმა ცოტა ხანს შეიცადეს ახლად დატკეპნილ სამარესთან, მერე ნელი ნაბიჯით გამოუყვნენ უკან.

– რა საოცარი რამაა გზა! – გაიფიქრა რობიზონმა – შემოდის სოფელში, ყოფს მას ათას პატარა ნაწილად, მერე ბოლოში ერთიანდება და სადღაც მიდის! სოფელი კი ადგილზე რჩება!

– კი! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. – თითქოს მის ფიქრებს შეეხმიანა სევერიანი და ჯიბიდან ამოღებულ საათს დახედა, – რას შობა, რობიზონ, ის შენი ვაშლის ხე? ხომ არ გარცხვენს?

– მთლად კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ ჯერ იმედს არ ვკარგავ! – რობიზონმა თავი მოიფხანა და სევერიანს ეჭვის თვალით შეხედა.

– იმედი არაფრით არ გაიცრუო, ჩემო რობიზონ!… ისე, თუ გინდა, ფინიკის პალმის ნერგებს მოგცემ! წითელ ხესთან ერთად გამომიგზავნეს, საჩუქრად! ამბობენ გემრიელიაო! არ გინდა?

– არ მინდა, ბატონო!

– კაი, რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს! – თქვა სევერიანმა და რაღაცაზე ჩაფიქრდა, – ჰო, მართლა! ხომ იცი, ჩემი შვილიშვილები რა ეშმაკის მაშხალები არიან! სულ ხვანცალებენ, სულ დარბიან! წუხელ შენი ნაჩუქარი ის დიდი ნიჟარა არ გამიტეხეს?! აბა! ვირისთავები! მერე როგორ მიყვარდა! სულ “კრაოტის” თავზე მედგა, “ვეფხისტყაოსნის” გვერდით! ჩამოვიღებდი, როცა დამშვიდება და დაწყნარება მომინდებოდა, მივიდებდი ყურზე და ვუსმენდი ტალღების დგაფუნს და თოლიების ყივილს!… ვისმენდი და პაპაჩემის მონაყოლი ამბები მახსენდებოდა! ქალაქზე, გემებზე, ზღვაზე!… ეეჰ, რავა უნამუსოდ, საკუთარი კუჭისა და გროშადღირებული სიცოცხლის სანაცვლოდ დავთმეთ ეს ხმა.… აწი ვეღარც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს ზღვა?!

სევერიანი ცოტა ხანს თვალდახუჭული იდგა, თითქოს ცდილობდა, წარმოედგინა ზღვის ხუჭუჭა ტალღები, ღონიერი, მარადიული, უსაზღვრო და, რაც მთავარია, თავისუფალი სივრცე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და რობიზონს გულდაწყვეტილი შეეხვეწა:

– თუ კაცი ხარ, მითხარი, სად იყიდე ის ნიჟარა?… უსიკვდილოდ უნდა შევიძინო!

– სად ვიყიდე?! – რობიზონს სუნთქვა შეეკრა, – სად ვიყიდე?! – თვალები დაუმრგვალდა და სისხლმა გულიდან ლამის შადრევანივით ამოხეთქა, – ~ვიყიდე კი არა, შე ბატისტვინა, ამ ხელებით მოვაგლიჯე ოკეანის ფსკერს და ნაპირზე ამოვათრიე. დაგავიწყდა, რომ გიყვებოდი, – ისეთი წნევა იყო ფსკერზე, კინაღამ ყურის ბარაბნები გამისკდა – მეთქი! დაგავიწყდა ხომ ყველაფერი! და-გა-ვიწ-ყდათ!.. აღარც ის გახსოვთ, როგორ მჭამდით აღრფთოვანებული თვალებით!.. ზეიმი რომ მომიწყვეთ?! ჩემი გულისთვის მიცვალებულების გასვენება ორ-ორი კვირით რომ გადადეთ, დასაფლავებებმა  ოკეანის ამბები არ დაამძიმოს და ფასი არ დააკარგვინოსო!… დაგავიწყდათ ყველას, როგორ გრცხვენოდათ ცრემლების გამოჩენა – პარასკევას და რობიზონს არ ეწყინოთ და სოფლიდან არ გაგვექცნენო! არ გახსოვთ, ფერხთით ღვინით სავსე ჭიქებს რომ მიწყობდით და მეხვეწებოდით – დაამტვრიე და ჩვენს ღვინოში ფეხები დაისველეო! მერე კი ნამსხვრევებს ტელევიზორებსა და პიანინოებზე აწყობდით და ამაყობდით! რა მოგივიდათ ყველას? რა?.. რა დაგემართათ? ასე რამ შეგცვალათ?!.. იმიტომ აღარ გახსოვთ, რომ თქვენს გვერდით ვცხოვრობდი, ვსუნთქავდი, ვჭამდი და ვშრომობდი, იმიტომ?.. ყველამ სახლის კარს რომ მიაწერეთ ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე – ზღვა როდის დაგვიბრუნდებაო?.. – თუ ზღვა გინდათ დაგიბრუნდეთ, გადააბიჯეთ თქვენს სისუსტეებს და იწამეთ ღმერთი მეთქი… ესეც აღარ გახსოვთ?!. ეეჰ, ვიცი, რატომ ივიწყებთ ყველაფერს! იმიტომ, რომ ხსოვნა ყველაზე მძიმე ტვირთია და, თუ სოფელში ცხოვრება გინდა, ჯობია, არ გახსოვდეს! არაფერი არ გახსოვდეს!~ – რობიზონს ყველაფრის თქმა უნდოდა, მაგრამ ენა ვერაფრით მოაბრუნა, გული ვერაფრით დაიწყნარა და აზრი ვერაფრით დაალაგა, – მოშე თუ გახსოვს, ჩემო სევერიან! მოშე!.. ძველი, გაყვითლებული წიგნებით რომ დადიოდა სოფლის ბიბლიოთეკაში. იმას დაუმზადებია და მომყიდა, თორემ სად იშოვი ახლა მაგხელა ნიჟარებს და თანაც ოკეანეში!.. ან სადღაა ახლა ოკეანე!.. ერთი “ტაშტისხელა” გუბეღა იქნება დარჩენილი! თავკომბალებითა და წურბელებით სავსე… ნიჟარები ახლა ხელისგულისოდენა ძლივსღა იზრდებიან! სიბერეში კი ქაღალდებივით იკუჭებიან და კვდებიან! – თქვა და იგრძნო, როგორ დაპატარავდნენ, როგორ დაშორდნენ მის სულს კუნძულები კიდევ მთელი ორი ცხოვრებით. – იმ მამაცხონებულმა მომყიდა ორი ცალი! ერთი შენ გაჩუქე დაბადების დღეზე და ერთიც საძირკველში ჩავაყოლე, სახლს როცა ვაშენებდი!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10