• აქილევსს, მარტო ქუსლი ჰქონდა, მე კი მთელი ტანი მიმიგავს ამ ქუსლსო! – იცინოდა რობიზონი და შეზარხოშებულ მეგობრებს დაკბენილ ტანს უჩვენებდა, – აა, ნახეთო!

მეგობრები, თავის მხრივ, ბავშვობაში მიღებულ ჭრილობებს “ანახვებდნენ”, მაგრამ, თუ არაფერი ჰქონდათ საჩვენებელი, კისერში კოცნიდნენ და “დაღვრილი” სისხლის სანაცვლოდ თავიანთს სთავაზობდნენ, რაღა თქმა უნდა, “შეღავათიან ფასებში”;  რობიზონი ასეთ “გულუხვობაზე” ხმამაღლა იცინოდა და “ნაღდი” მეგობრების სადღეგრძელოს, მაგიდიდან აღებული სამარილეთი სვამდა…

სოფელში ერთადერთი ვაშლის ხე საპირფარეშოსა და სახლს შუა დაერგო რობიზონს.  ხის ტოტები ძალიან ჰგავდნენ მის დაკოჟრილ თითებს. იცოდა ეს რობიზონმა. სოფელში ეს ყველამ იცოდა.

  • აღარ შემიძლია! – რამდენჯერ შესჩივლა პარასკევამ, – საცა არ გავიხედავ, ყველგან თვალში მეჩხირება ეგ უპატრონო! ნაყოფს მაინც იძლეოდეს.
  • შეგეჩხირება, აბა რა! – გაიცინებდა რობიზონი, – სამივე ერთ ეზოში ვცხოვრობთ და სხვანაირად როგორ გინდა!
  • მე ამ ეზოში მაგასთან ერთად კი არა, შენთან ერთად ვცხოვრობ! – ბრაზობდა ქალი.
  • ორივესთან ერთად ცხოვრობ, ჩემო პარასკევა, ორივესთან ერთად! – ეტყოდა რობიზონი და ნაზად აკოცებდა, – შენ მაგ ხის უნაყოფობა კი არა, სხვა რაღაც გაწვალებს, ჩემო ძვირფასო! მაგრამ მაგის წამალი ამ მიწაზე არ იშოვება!.. – იტყოდა და ამოიოხრებდა ჭრილობამოშუშებული ავადმყოფივით. ამ ხის მოჭრას უკვე შვიდი წელია ფიქრობდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიზეზს პოულობდა, ამ განზრახვის გადასადებად, გუშინ კი მიხვდა, თუ არ მოჭრიდა, პარასკევა მოუკვდებოდა! ადამიანი, რომელიც უყვარდა! ადამიანი, რომელიც სძულდა!..

სანამ ჩაი ადუღდებოდა, იმ შორეული, “ოცნებისა და მოგონების” კუნძულებიდან ჩამოტანილი გიგანტური კაქტუსისგან გაკეთებულ სკამზე ჩამოჯდა,  ჯერ კიდევ რომ შემორჩენოდა ოკეანის სუნი და სავანის სიმხურვალე; ხანდახან, როცა დაღლილ რობიზონს ამ სკამზე ძილი მოერეოდა, კუნძულის მცხოვრებთა ნაზი სიმღერა, ჩონგურისა და ტამტამების ხმა და ძუ ლომებთან ცეკვები ეზმანებოდა. ეს ყველაფერი იმდენად ახლობელი, რეალური და ხელშესახები იყო, რომ ელდანაკრავივით იღვიძებდა და შიშნარევი ხმით სამზარეულოში მოფუსფუსე პარასკევას ეძახდა… თუმცა ეს ძალიან ადრე იყო, სანამ ლოთობისა და დავიწყებების გემოს იგემებდა.

  • არ არსებობს უვარგისი ხე! მართალი იყავი შენ! არსებობს უვარგისი ადამიანი… და ეს შენა ხარ! – უთხრა მისი ლოთობით, გინებითა და ცემა-ტყეპით გამწარებულმა პარასკევამ, მერე მუხლებზე დაეცა და დაჭრილი ძუ ლომივით აბღავლდა. იმის მერე ფეხზე აღარც ამდგარა, რობიზონმა ძლივძლივობით გადაათრია საძილე ოთახში და პალმის ფოთლებით გატენილი საბანი გადააფარა.
  • რატომ სვამ ამდენს? – ცრემლნარევი ხმით ჰკითხა ქალმა – ბედნიერი ხარ?
  • არა!
  • უბედური ხარ?
  • არა! – ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ უპასუხა რობიზონმა.
  • არც ბედნიერი ხარ, არც უბედური! აბა, მკვდარი ხომ არა ხარ, შე მიწადასაყრელო? – იკივლა პარასკევამ.

რობიზონს ყელში რაღაც გაეჩხირა და კინაღამ დაახრჩო, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო პასუხის გაცემა:

  • ძვირფასო, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უბედურებასთან, იცოდე!.. რადგან! რადგან შორსა ვართ ღმერთისგან!

პარასკევამ თვალები დახუჭა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლები, ხელის კანკალით მოიწმინდა.

  • ყველა ერთად ვცხოვრობთ! ერთ სოფელში და… მაინც მარტონი ვართ! სულ მარტონი!.. ვისი ბრალია ეს, პარასკევა, ვისი?
  • არავისი! მარტოობის ბრალი ადამიანმა თავის არჩეულ გზაში უნდა ეძებოს! – ამოილუღლუღა პარასკევამ და რობიზონთან ერთად უგზო და უკვალო ოკეანეში გატარებული, საშინელი შვიდი თვე გაახსენდა; ღელვებში და ჩქარ დინებებში გაილია შვიდი თვე, სანამ მათი ნავი ამ სოფლისკენ მომავალ გზას მიადგებოდა, პირდაპირ ტალღებიდან რომ იწყებოდა და მზით გარუჯულ გორაკებს შორის იკარგებოდა. გაახსენდა, როგორ გადმობობღდნენ ნავიდან და გზის დატკეპნილ ზედაპირს მთვარეულებივით დაუწყეს კოცნა. ასე კოცნა-კოცნით და ხოხვით მიადგნენ სოფელს, რომელშიც ახლა ცხოვრობდნენ და გამალებით ელოდნენ გაზაფხულს…

როცა პარასკევამ თაფლწასმული კარაქიანი პურითა და ჩაის ფინჯნით შემოსული რობიზონი დაინახა, საწოლიდან ოდნავ წამოიწია და სცადა მხნე ღიმილით შეხვედროდა, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა:

– შენ არ დალევ ჩაის?

– დავლევ! აბა, რას ვიზამ! შენ რომ დალევ, მერე მეც დავლევ! – რობიზონმა ავადმყოფს სახეზე სველი ტილო გადაუსვა. სიგრილის შეგრძნებამ პარასკევა გამოაცოცხლა. – ჩაისაც დავლევ და მის დეიდაშვილ-მამიდაშვილებსაც მივაყოლებ!.

ქალმა თაფლისა და ცხელი ჩაის სურნელი შეიყნოსა და ქმარს თბილად გაუღიმა.

– ბედნიერი ქალი ვარ, რობიზონ… ხომ ჩავარდნილი ვარ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ!

შორიდან ყინულების მტვრევის ხმა გაიგონეს. იორის წყალი სულ მალე გაზაფხულის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავდა, აბა, როდემდე უნდა ცმოდა ეს მოსაბეზრებელი თეთრი პერანგი.

როგორც კი მდინარის აბობოქრებული დინება ყინულის უკანასკნელ ნაგლეჯებს შემოიხევდა ტანზე და, სითბოსა და მზეს მონატრებული გიჟივით მოწყდებოდა შორეული მთების კალთებს, რათა სოფლის შუაგულში ჩამოეგრგვინა და მერე უკიდეგანო მინდვრებში ორთქლად, ნამად და ჭაობად დაკარგულიყო; როგორც კი საშობაო გოჭივით ჩაპუტკუნებული მთვარე სოფლის ცაზე გამოჩნდებოდა – გამთენიისას პარასკევა კვირტების აფეთქების ხმას გაიგონებდა. გაიგონებდა და მიტოვებული ოცნებების კუნძული, დედ-მამა, ნათესავები და ოკეანის უკიდეგანო სივრცე გაახსენდებოდა. ამ დილიდან მოყოლებული მთელი თვე ასე თვალდახუჭული, ხმაამოუღებლად იწვებოდა თავის საწოლში, და არავის ეცოდინებოდა, რაზე ფიქრობდა ან რა ეზმანებოდა ამ დროს. ეს მარტო რობიზონმა იცოდა, ნამდვილად იცოდა და გაკვირვებულ მეზობლებს იდუმალებით მოცული სახით ეუბნებოდა:  მარადისობა ყოველთვის მერე იწყება და არა მაშინ, როცა გინდაო!..

მერე შევიდოდა სამზარეულოში, მოუშვებდა წყალს და ტომრიდან გადმოყრილ კაკალს ბრახუნითა და რახა-რუხით ამტვრევდა, რათა მისი ტირილის ხმა არავის გაეგონა, პარასკევასაც კი…

ახლა, ამაზე რომ არ ეფიქრა, ცხელ ჩაიდანს ხელი დაავლო, ეზოში გავიდა და გამხმარ ვაშლის ხეს დაუსხა.

– იქნება გათბე და გაცოცხლდე, შე საცოდავო!.. თუ არა, გავთავდი კაცი შენი ყურებით!

დილის სუსხში ცხელი წყლის ორთქლი ფეხებიდან თვალებამდე მისწვდა და ცრემლმომდგარმა, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ, როგორც გუშინ წინის წინ და როგორც იმის წინის, წინის, წინის, წინის წინ სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩხერილი სიტყვები გამოცრა.

– ორმოცი წელი გავიდა, რაც აქ ჩამოვედი! ორმოცი წელი!

გაახსენდა, როგორ დაინახა ეს ხე მწიფე გრეიფრუტებს შორის წამოყლორტილი, ვარდისფერი ფოთლებითა და ცისფერი ყვავილებით შემკობილი. ამ ხეს კუნძულელები სამოთხის ვაშლს უძახდნენ და გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, სიყვარულითა და მოწიწებით სავსე სიმღერებს უძღვნიდნენ. თაკარა მზისგან ამ ხის ჩრდილში შეფარებულმა შეიცნო რობიზონმა პირველად პარასკევა.

– ჯოჯოხეთი, ყოველთვის მწიფე ნაყოფებად გეპარება სულში! – ეუბნებოდა ვიღაცის, იდუმალებით მოცული ხმა, წყურვილით დაღლილ შეყვარებულებს. ესმოდა ეს რობიზონს, ესმოდა ეს პარასკევასაც, მაგრამ ორივეს, ვნებითა და ლტოლვით აპილპილებულებს, ერთმანეთის ოფლში და ნერწყვში აზელილებს, მხოლოდ ერთიმეორის ხორცის აღმგზნები კვნესის გაგონება, დაჯერება და კიდევ ერთხელ გაგონება სურდათ და მეტი არაფერი…

მერე კი კუნძულელებმა ორივენი მუშმალას ხის ბოძებისა და მამონტის ტყავისაგან შეკრულ ნავში ჩასვეს, ბროწეულის ყვავილებისა და პალმის ფოთლებისაგან შეკერილი საბანი გადააფარეს და ოკეანის ტალღებს გააყოლეს. როგორც გაცრუებული იმედები, ისე გააცილეს, ტამტამების, ბობღნებისა და წინწილების დაკვრით, ექსტაზში შესული სხეულების როკვითა და ახლობლების სევდიანი სიმღერით.

ოკეანეში პირველი ღამე რომ გაათენეს, მაშინვე იგრძნეს, როგორ დაიხურა ყვავილოვანი ველების, ფორთოხლის, მანდარინის, გრეიფრუტის ტყეებისა და შეუცნობი, ზმანებაგაჯერებული კუნძულების ზღაპრული წიგნი და როგორ გადაიშალა დინებებთ, გზებითა და დასახლებული სოფლებით გამძღარი ცხოვრება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10