ერთ დღეს კი, ქუჩაში გამოსულმა ქალაქელებმა ზღვა ვეღარ იპოვეს. შეშინებულებმა და გაკვირვებულებმა დაუწყეს ძებნა, მაგრამ ვერც ერთი საათის, ვერც ერთი კვირის და ვერც ერთი წლის სავალზე ზღვას ვერ მიაგნეს. იმედგაცრუებულები მიმოიფანტნენ მთელი დედამიწის ზურგზე და უზღვო ქალაქში ცხოვრებას სხვა ქვეყნებში ლტოლვილობა არჩიეს.

მხოლოდ ერთმა კაცმა გააგრძელა ძებნა და, ათასი წლის ძიების შემდეგ, როცა დაღლილ-დაქანცული მტვერში და ნაგავში გახვეულ ქუჩებს დაუბრუნდა, სფინქსთან მივიდა და დაუძლურებული ხელით მიაწერა:

– ზღვა კი არ დაშრა, არამედ ადამიანთა ამპარტავნება და გარყვნილება აღზევდა!

მიაწერა და ტროპიკული ქარების, საჰარის ქვიშიანი ქარიშხლებისა და აუტანელი სიცხისაგან გასავათებული უსულოდ დაეცა, – დამტვრეული ბოთლებით, დახეული ფეხსაცმლებითა და საჭმლის ნარჩენებით სავსე ქუჩაში ისე მოკვდა, რომ ვერავინ მოასწრო, ეკითხა – ნახა თუ არა ცხონებულმა ზღვა ან, თუ ვერ ნახა, მაშინ რა ნახა?.. და რაკი ყველა ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ქალაქში დარჩენილებმა აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ და რა უნდა ეკეთებინათ?.. დაბნეულები და შეშინებულები უხმოდ იდგნენ და ოღროჩოღრო ასოებით დაწერილ სიტყვებს კითხულობდნენ. მაგრამ, როგორც კი აღმოსავლეთის ქარმა დაბერა, ყველანი თავ-თავიანთი სახლებისაკენ გაეშურნენ და კარებები, საიდუმლო ურდულებით ჩარაზეს.

უეცრად ქალაქი საშინელი შიმშილისა და წყურვილის გრძნობამ მოიცვა. სიამაყითა და სინატიფით ცნობილი ქალაქელები გამალებით ჭამდნენ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ – ჯერ, რაც მაცივრებში ჰქონდათ, ის შესანსლეს; მერე ყველაფერი, რასაც მარნებში და სარდაფებში ინახავდნენ, გაანადგურეს; მერე ავეჯის, ტანსაცმლისა და გადამალული ოქროულობის ღეჭვა და ყლაპვა დაიწყეს. როცა ესეც გაუთავდათ, ქუჩებში გამოვიდნენ და ოქრო-ვერცხლით გადახურული ტაძრები, იასამნისფერი სასახლეები და ოცნებისფერი კოშკები შესანსლეს. როცა აქაც აღარაფერი დარჩათ შესაჭმელი, ვარდისფერ გზებსა და ქარვისფერ ბილიკებს დაუწყეს გლეჯა და ღეჭვა; როცა, ბოლოს და ბოლოს, ესეც მოინელეს, მიადგნენ ქალაქის წარსული ბრწყინვალებიდან შემორჩენილ უკანასკნელ ნაგებობას, პირდაღებულ, მზისფერ, ამეთვისტოთი, ტოპაზითა და გიშრით შეკაზმულ სფინქსს და… მიხვდნენ, თუ რატომ გაექცათ ზღვა. მიხვდნენ, რომ დროსტარება არაა ცხოვრება და ის რაც აქამდე უცხოვრიათ და ის, რითაც აქამდე ამაყობდნენ, ცხოვრება კი არა, სიამოვნების, განცხრომისა და ღრეობისაკენ გაუთავებელი ლტოლვა იყო. და რომ ღმერთი მათ რწმენაში მხოლოდ იმდენი ღირდა, რამდენ ოქროსაც გამოსძალავდნენ ან წაგლეჯდნენ სხვას, და იმდენად მშვენიერი, სასიამოვნო და საყვარელი იყო, რამდენად მშვენივრად, სასიამოვნოდ და სიყვარულით დაიკმაყოფილებდნენ ადამიანურ სურვილებს. მიხვდნენ, რომ ადამიანები ხშირად აკეთებენ იმაზე უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა. ფიქრობდნენ, იმაზე უფრო მეტს, ვიდრე ესმოდათ! ცხოვრობდნენ იმაზე უფრო მეტს, ვიდრე სუნთქავდნენ! და უნდოდათ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჭირდებოდათ! მიხვდნენ ამას და შემოიხიეს ტანზე სამოსი, დაიყარეს თავზე ნაცარი და ატირდნენ მიტოვებული ბავშვებივით.

მათ ტირილზე და გოდებაზე შორეულ მთებში დაბადებული მდინარე გრანიტის ლოდებს უკანასკნელი იმედივით მოსწყდა, ტრამალებად ქცეულ ზღვის ფსკერზე დაეშვა და ქალაქის შეჭრილ ქუჩებში ღრიალით შემოვარდა, ახვეტა საუკუნეების მანძილზე დაგროვილ-დაყრილი ნაგავი, ეულად დარჩენილ სფინქსს გვერდი გაჰკრა და უცნობი ჰორიზონტისკენ, დაგეშილი ძაღლივით გაექანა.

ქალაქელები გაოგნებულები უყურებდნენ ამ ვნებით, წყურვილითა და ლტოლვით გავსებულ წყლის მასას და იმედს არ კარგავდნენ, რომ მდინარე ოდესმე ისევ აავსებდა გამოფიტული თევზებით, გამხმარი წყალმცენარეებით და მკვდარი ნიჟარებით მიმოფენილ მინდვრებს. და ზღვა რწმენასავით დაუბრუნდებოდათ ან თვითონ დაუბრუნდებოდნენ მას, ცოდვილი, უპოვარი შვილებივით…

– რობიზონა! რობიზონა! აქით მოდი! აქით!

რობიზონი მიბრუნდა და დაინახა, სევერიანი გამალებით უქნევდა ხელს. სევერიანი მთელს სოფელში ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდა მისი და პარასკევას კუნძულური აქცენტი, ზღვის ვარსკვლავებით სავსე ტომარა და მფრინავი თევზების გალია. რობიზონს სიამოვნებდა სევერიანთან საუბარი, ამ დროს ყოველთვის ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს თავისი ახალგაზრდობის ალბომს ათვალიერებდა.

– რას შობი, რას?! – სახლიდან ქალის გამყინავი ხმა ისმოდა, – სად მიგყავთ, ვერ ხედავთ, რომ ცოცხალია! გაახილეთ ეგ დასამიწებელი თვალები! ვერ ამჩნევთ, რომ ცოცხალია და ძინავს!

– ეეხ! – დაახრჭიალა კბილების პროტეზი სევერიანმა, – თფუი, ამ ცხოვრებას!

– მართლაც, თფუი, ამ ცხოვრებას! – კვერი დაუკრა რობიზონმა.

მეზობლის ბიჭებმა  ფრთხილად გამოიყვანეს გოდებითა და ნერვიულიობით გასავათებული ანჟელიკა და შუაგულ ეზოში სპეციალურად გამზადებულ სკამზე დასვეს. ყველა ყურადღებით უყურებდა იმ ოთახის ფანჯრებს, სადაც ბუღალტერი ესვენა. იქ, შიგნით, კაცები ფუსფუსებდნენ და რაღაცაზე ხმადაბლა ჩხუბობდნენ. როცა კარები გამოაღეს და “მიცვალებული” გამოასვენეს, ჟორაია აქუბორდიძემ ხელების ქნევითა და ჯიკავ-ჯიკავით ხალხი აქეთ-იქით გასწია და ბილიკს ყვავილების ფანტვით გამოუყვა.

– ნახვამდის, სოფლელებო! – წამოიძახა ბუღალტერმა და ხელის ქნევით ყველას გამოემშვიდობა.

– აბა, შენ იცი, კარგად იყავი, კარგად! – თითქმის ავტომატურად უპასუხა გაოგნებულმა ხალხმა. პროცესია რაღაც მომენტში ადგილზე გაიყინა, არავინ იცოდა, რა ექნა, ერთმანეთს უსუსური თვალებით უყურებდნენ, მაგრამ, როცა უხმოდ და გაუნძრევლად გაშოტილმა ბუღალტერმა სიცოცხლის არავითარი ნიშან-წყალი აღარ გამოავლინა, ყველამ იფიქრა, ალბათ, მოგვეჩვენაო და გასვენებაც ჩვეულებრივი წესით გაგრძელდა.

რობიზონმა სევერიანს შეხედა და ხრინწიანად ჩაახველა. “მიცვალებული” გზაზე გამოიტანეს და სასაფლაოსკენ ნელი ნაბიჯით წაასვენეს. ცოტა ხანს ყველა ჩუმად მიდიოდა,  მაგრამ რაც უფრო შორდებოდნენ ბუღალტრის სახლს, მით უფრო უწევდნენ ხმას.

– ეეჰ! – ამოიოხრა რობიზონმა, – გონია, ის ჩემი ჩამოტანილი სამოთხის ვაშლი გახმა.

– დაიღალა, ალბათ! –ისე ჩაილაპარაკა სევერიანმა, “მიცვალებულისთვის” თვალი არ მოუცილებია.

რობიზონი ვერ მიხვდა, ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები.

პროცესიამ სოფლის ცენტრალური ქუჩა ჩაათავა. მოსახვევში სევერიანმა რობიზონს ხელკავი გამოსდო და ხმადაბლა ჰკითხა:

– რაა შენკენ ახალი, ჩემო რობიზონ?.. შვები რამეს ახალს?

– არაფერს ისეთს, ვცოცხლობ ძველებურად!

– ასე მარტო რატომ მტოვებ?! – ტიროდა ანჟელიკა.

– ძველებურად ვცოცხლობთ, ხომ! ძველებურად?! – ისევ დაახრჭიალა კბილები სევერიანმა და რობიზონს შეხედა, – რას შვება ის შენი სამოთხის თუ ედემის ვაშლის ხე?

– გახმა, გონია! – რობიზონი თვითონ ვერ მიხვდა, რა გაუხარდა.

– მოჭერი მერე და შეუნთე “ფეჩში”! – ურჩია მეგობარმა, – მე მაქვს ფინიკის პალმის ნერგები და იმას მოგცემ. გაიზრდება და ფინიკს მოგცემს, არ გინდა?

– ეგეც რომ გახმეს! – დაეჭვდა რობიზონი, – ვაცდი კიდე ცოტა ხანს… თუ კვირტებს არ გამოიბამს, “რაგატკის” (შურდული)  ტარებს მაინც გამოვუთლი მეზობლის ბავშვებს… რამდენი ხანია მეხვეწებიან.

– ბავშვებზე რომ ზრუნავ, კარგია, – რაღაცაზე ჩაფიქრდა სევერიანი, – სათქმელი მაქვს შენთან და, ვიცი, არ დამცინებ!

– გისმენ, მეგობარო!

– რაცხა, ამ ბოლო დროს გასვენებებში სიარული შემიყვარდა! ისეთი გულის ფანცქალით ვემზადები, თითქოს კონცერტზე მივდიოდე. ოთახში რომ შევდივარ და მიცვალებულს დავინახავ… ფეხის თითებიდან მთელ ტანში ისე დამაჟრიალებს, ისე დამაჟრიალებს, რომ სიამოვნებისაგან თვალზე კურცხალი მადგება. სულ ვფიქრობდი, რა ნაცნობი შეგრძნებაა-მეთქი და ახლა გამახსენდა… ახალგაზრდობისას ქალთან რომ ვწვებოდი, ისეთი გრძნობა არ მეუფლება, კაცო!

– ისე ნუ ვიზამთ, ჩემო სევერიან, რომ ხანდახან ფიქრებმა უფსკრულზე დაბლა დაგეცეს! – ხმადაბლა ჩაიცინა რობიზონმა. სევერიანი ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას, სასაფლაოს გადასახვევთან უცებ გაჩერდა და მეგობარს გამომცდელათ ჩახედა თვალებში.

– კიდე რაღაც უნდა გითხრა, ჩემო რობიზონ!

– გისმენ, ბატონო!

– ცხონებული ამ ბოლო დროს, სულ უკან დამყვებოდა! საცა წავიდოდი, ხუთ წუთში “შტიკივით” იყო იქ დასობილი!… მერე ისეთი საწყალი თვალებით მიყურებდა, ისეთი საწყალი, რომ… გული მიკვდებოდა. სულ ბოლოს, აგერ, ისაკასთან ვიყავი, მკერავთან, იღლია მქონდა, კიტელზე გარღვეული და იმას ვაკერებინებდი, სანამ საქმეს მოათავებდა, ფხი-ფხი! – მუჭში ჩაიცინა სევერიანმა, – კინაღამ არ შევრცხვი, კაცი! კუჭის პრანჭვა-გრეხა დამეწყო! კინაღამ… შევრცხვი!.. კიდევ კაი, საპირფარეშო იქვე აქვს იმ მამაცხონებულს! შევვარდი! ასე ვთქვათ, მოვიყვანე ჩემი თავი წესრიგში! გარეთ გამოვედი და… იქ არ დამხვდა. როგორც კი დამინახა, ჩარგო თავი ხელებში და ატირდა. მერე გადამეხვია მკოცნა და მკოცნა. პატარა ბავშვივით იქცეოდა. ვიფიქრე, მთვრალი ხომ არ არის-მეთქი… გვერდზე გამიყვანა და მითხრა – მე და შენ კი ვიცით ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ დანარჩენს რა ეშველებაო… მერე ყურში ჩამჩურჩულა – რაღაცას იპოვი ჯიბეში და, რობიზონს რომ ნახავ, იმას წააკითხე, მეტს არავისო… და, გაიქცა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10