ამ ჟურნალ – გაზეთებში ოკეანე რაღაც სხვანაირად იყო ჩახატული, სრულიად არ გავდა იმას, პარსკევას ნაღვლიან თვალებში რომ ხედავდა ხოლმე რობიზონი… ხანდახან აღარც კი უნდოდა ოცნებებივით წარმტაცი ოკეანის გახსენება. ან რა საჭირო იყო იმაზე ფიქრი და დროის დაკარგვა, რაც გაცრუებულ იმედებთან, დაძმარებულ ოცნებებთან და, თვალსა და ხელს შუა გალეულ წლებთან იყო დაკავშირებული. – ოკეანე?!..  ოკეანე ძალიან შორია და… იყოს მერე შორს! რა უჭირს! – იტყოდა ხოლმე ნაბახუსევი რობიზონი და აქაფებულ ტალღებს, ვეშაპების მოდგაფუნე კუდებს და დელფინების მხიარულ წკავწკავს  შემხმარი ტალახივით ჩამოიფშვნეტდა სახიდან. ~გაზეთებში ჩახატულ ტალახიან ლაქას სოფელში ოკეანეს ეძახიან!.. იქნება სწორედ ესღა დარჩა იმ ცხონებული ოკეანისგან?.. იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიძურწეთ ოცნების კუნძულებიდან, ძალიან დიდი დრო გავიდა! – ფიქრობდა რობიზონი, – იქნება აღარც კი არსებობს ოკეანე! მოკვდა. მოკვდა ადამიანების რწმენასავით!.. ან იქნება ჩვენ მოვიგონეთ ცხრათავა დევივით, მძინარე მზეთუნახავივით და უკვდავი ბელადივით!.. ხა-ხა-ხა!.. მოვიგონებთ რაღაცას და საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შევიყვარებთ, ველაქუცებით, ვეკურკურ-ვეკეკლუცებით!.. მერე გვბეზრდება, გვინდა მოვიცილოთ, მაგრამ ვერ მოგართვით!.. საკუთარ სიყვარულში ვიხრჩობით!.. მერე გამოჩნდებიან ელვისფერი თოლიები, ძაღლკბილა თევზები და დაგვიწყებენ ჭამას! გვკორტნიან და გვჯიჯგნიან! გვკორტნიან და გვჯიჯგნიან – როგორც ჩვენ ვკორტნით და ვჯიჯგნით ცხოვრებას მოშიებული და მსუნაგი სულებით!.. ისე ვიძირებით ფსკერზე, ვერც კი ვგრძნობთ.~ – ამ ფიქრებისგან დაღლილი დაჭრილი ლომივით ამოიბღავლებდა:

– პარასკევა! ქალო, პარასკევა! სიცოცხლის ყველაზე დიდი სასჯელი, იცი, რა არის? ვისაც უყვარხარ, ის რომ არ გიყვარს, და რაც გიყვარს, ის რომ გახრჩობს!.. სიამოვნებას ვეძებდი, პარასკევა, სიამოვნებას… სიამოვნების მიღება კი ბევრად უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე იმედის!..

რობიზონი ბუღალტრის სახლს მიუახლოვდა. ფართოდ გაღებულ ჭიშკართან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იდგა. თავწაკრული, წინსაფრიანი ქალები გულმოდგინედ გვიდნენ სახლისკენ მიმავალ ბილიკს.

– ხომ არ დამიგვიანდა? – იკითხა რობიზონმა, როცა ნაცნობების ჯგუფს მიუახლოვდა.

– უშენოდ როგორ დავიწყებდით, არ გრცხვენია?! – ბეჭზე ხელი დაუტყაპუნა კლუბის გამგემ, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას სადგურის პლატ¬ფორმაზე სამხედრო მარშებს უკრავდა ნაღვლიანი სახით. – გახსოვს, ცხონებულმა პირველ გაკვეთილზე რა გითხრა?

– კი მახსოვს! – სევდიანად გაიღიმა რობიზონმა, – სწავლას როცა დაამთავრებ, ტყუილის თქმასაც ისწავლიო.

– ეჰ-ჰე-ჰე! – ამოიოხრა კლუბის გამგემ, – დიდი პოტენციისა და ფაქიზი იუმორის კაცი დაგვაკლდა!

– აბა!

– ღმერთმა მიიღო კიდევ ერთი ანგელოზი, თუმცა ეს ანგელოზი ათეისტი იყო!

რობიზონს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიგარეტის ბოლში გახვეულმა სოფლის კოლორიტმა, ჟორა აქუბორდიძემ, ანეკდოტის მოყოლა დაიწყო.

– ოუჰ! ბიჭო, არ ვიცოდი, მამაშენი რომ მოკვდა და მითხარი, პანაშვიდი როდის გეწყებაო?.. მამაჩემის ნახვა თუ გინდა, ახლა შემოდი, მუსიკების მოსმენა თუ გინდა, ამ საღამოს შემოიარეო! გღი-გღი-გღი! – ახვიხვინდა ჟორა, მსმენელებიც მორიდებული სიცილითა და ხველებით აჰყვნენ.

რობიზონს სახლიდან ტირილის ხმა შემოესმა და უცებ გაახსენდა, რომ ბუღალტერს ყოველთვის შავი ფერის ლაკის ფეხსაცმელი ეცვა –  მზეზე ისე ბზინავდნენ, რომ მათი ზედაპირიდან არეკლილი სხივები სახლების კედლებზე, მზის ბაჭიებს ათამაშებდნენ. ზღაპრული სანახავი იყო სოფლის ცენტრალური მოედნისკენ მიმავალი, ცეცხლივით ელვარე ფეხსაცმლიანი, ბუღალტერი. ჩამოსულ კაცს, შეიძლება, მოჩვენებოდა, რომ ეს მზის არეკლილი სხივები კი არა, თვითონ ბუღალტრის ფეხები ანათებდნენ საოცარ მოყვითალო-მომწვანო ფერებად.

როცა რობიზონი სახლს მიუახლოვდა, იგრძნო – ირგვლივ ლაკის მძაფრი სუნი იდგა.

– კაცი ჯერ ამ სუნით იჟღინთება და მერე იწყებს ლპობას – გაიფიქრა მან…

ბუღალტერს ამ ბოლო დროს სულ ასეთი სუნი ასდიოდა. ოთახშიც კი ვერ შეხვიდოდი, ხანდახან ისეთ მძაფრ სუნს გამოსცემდა მისი საქმიანობა. ხალხს, განსაკუთრებით ხელფასებისა და პენსიების დარიგების დროს, უჭირდა მასთან ურთიერთობა. საკმარისი იყო ბუღალტრის ხელები ფულს შეხებოდა, რომ კაბინეტში მთელი ატმოსფერო ამ ეგრეთ წოდებული სურნელით იჟღინთებოდა. თანამშრომლები სახეზე ცხვირსახოცაფარებულები შედიოდნენ რაიმის საკითხავად თუ კვარტლის ბალანსის შესაჯამებლად. გაწამდა ხალხი, მაგრამ დადგა ზამთარი და სოფლელების უმეტესი ნაწილი სურდოთი და გრიპით დაავადდა. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილმა შედარებით კომფორტულად იგრძნო თავი. უარესად გაუჭირდა დანარჩენს, რომელთა რიცხვში ერთ-ერთ პირველ ადგილზე სოფლის ახალი გამგებელი იყო. მას კაჟის გული, შევარდნის მუხლი, არწივის თვალი, მგლის სმენა, დათვის ტორები, ხარის ჯანმრთელობა და ფაქიზი ნერვები ჰქონდა. ითმინა გამგებელმა, ითმინა და ბოლოს, რომ ვეღარ მოითმინა, აიღო და ბუღალტრის კაბინეტი მილიციაში, დროებით თავისუფალ წინასწარი პატიმრობის საკანში გადაიტანა… საკანს მასიური რკინის კარი და პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ბუღალტერს ფულით, ბლანკებით, მედიკამენტებით და ციხის საკვებით ამარაგებდნენ. სამწუხაროდ, ამ ღონისძიებამ სუნი უფრო გააძლიერა და ახლა ბუღალტრის ხელში მოხვედრილი ყოველი ნივთი თუ საგანი ლაკის აუტანელი სურნელით იჟღინთებოდა. ამაზე ხარივით ჯანმრთელი, მაგრამ ფაქიზი ნერვების მქონე გამგებელი სულ გადაირია, გაცოფდა, ექვსი სკამი, ოთხი ტელეფონი და თერთმეტი საფერფლე დაამტვრია და, ბოლოს და ბოლოს, ბიუროს საგანგებო კრება მოიწვია:

– ან ფული უნდა გამოვცვალოთ, ან ბუღალტერი უნდა გავუშვათ კატორღაში, ან ჩვენ უნდა წავიჭრათ ეს ცხვირები! – ღრიალებდა ის, – ხომ ხართ ბიუროს წევრები? შემოსულია სამი საქმიანი წინადადება და გადაწყვიტეთ აწი, რა ვქნათ?

– ფული უკვე ორჯერ გამოვცვალეთ! ფერიც კი გამოვუცვალეთ და სახელწოდებაც, მაგრამ ამ სუნს ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი! ამ სუნის გამო კურსი დღითი-დღე ეცემა! ეს უკვე ინფლაციაა და… ფინანსური ტერაქტიც! – თავი მოიფხანა საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსპექტორმა, რომელიც გამგებლის ბიძაშვილი იყო, – იქნება სავალუტო ფონდი ჩავრთოთ ამ საქმეში?

– იქნება დავხვრიტოთ ან დავუკვეთოთ ვინმეს მისი მოკვლა და მერე ჩვენს მტრებს გადავაბრალოთ?! – წამოიძახა მილიციის უფროსმა, რომელსაც წინასწარ პატიმრობის საკანში ფინური აბანოს მოწყობა უნდოდა და რომელიც ბუღალტრის დის ქმარი იყო, თანაც კლუბის გამგის ნახევარძმა, – მაგრამ მაგ რომ დავხვრიტოთ, მერე ინფლაცია ვის დავაბრალოთ?

– იქნებ დავბანოთ. ეს უფრო ჰუმანურია. – თქვა კლუბის გამგემ, რომელიც ახალი თავმჯდომარის პაპის მამიდაშვილი იყო მამის მხრიდან და მილიციის უფროსის ბიძაშვილი ბებიის მხრიდან, – დღეში სამჯერ, ლიმონის შამპუნით!

– მერე, ვინ გადაიხდის მაგის ბანაობის ფულს? – იკითხა თავმჯდომარემ, – არა! ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რასაც არც ფული დაჭირდება და არც შამპუნი!… მით უმეტეს, არც დაკვეთილი მკვლელობა… ჩვენ სოფლელები ვართ და, ესე იგი, ვართ ევროპელები… ამიტომ რაიმე ცივილიზებული, ჰუმანური, დემოკრატიულ-დიქტატორულ-ნათესაური უნდა მოვიფიქროთ!

– იქნება გავანიავოთ! – წამოიძახა სკოლის დირექტორმა, რომელიც მილიციის უფროსის ძმა და კლუბის გამგის ნათლული იყო, – სკოლის მოსწავლეები მივამაგროთ ბუღალტერს, ბავშვები, ხელმოწერილი ქაღალდებითა და ფულით ქუჩაში ირბენენ და ასე გაანიავებენ ჩვენს ბიუჯეტს.

– მშვენიერი წინადადებაა! – წამოიძახა თავმჯდომარემ, – ოღონდ ფულთან არავინ უცხო არ უნდა მივუშვათ! უცხო პატიოსანს მე ჩემი უნამუსო სისხლი და ხორცი მირჩევნია.

– ფული გაანიავონ ჩვენმა შვილებმა, – წამოიძახა ინსპექტორმა, – დანარჩენი ქაღალდები კი ოპოზიციონერების შვილებმა!

– სწორია! – კვერი დაუკრა თავმჯდომარემ, – ბიუჯეტის ფულს ჩვენს შვილებზე უკეთესად ვერავინ გაანიავებს! მაგათ ენაცვალოთ მამა!.. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდეთ: ვალუტას ჩემი შვილები გაანიავებენ! პენსიებს – საგარეო ინსპექციისა! სავალუტო ფონდის დახმარებას – მილიცია! კლუბის გამგე და მისი შვილები კი ხელფასებს გაანიავებენ!

– მეე! – ეწყინა სკოლის დირექტორს, – მე რაღა გავანიავო!

– შეენ! – ჩაფიქრდა თავმჯდომარე, – შენ კლუბის გამგესთან ერთად გაანიავე ხელფასები! ხელოვნებასა და განათლებას, ბევრი ფული არ სჭირდება!

– როგორ არ სჭირდება, როგორ არ სჭირდება?! – აყაყანდნენ კლუბის გამგე და სკოლის დირექტორი, – ბავშვები გაუნათლებლები გაიზრდებიან! სოფელი დაკარგავს კულტურულ თვითმყოფადობას!

– ჩვენ შვილებს ვასწავლით საზღვარგარეთ; მაგისი ნუ გეშინიათ! აქაურ კულტურას სახლშიც ეზიარებიან!.. სხვებმა იკითხონ! – გაიცინა თავმჯდომარემ, – თუმცა რაში გვინდა განათლებული სოფლელები! უტვინოსა და უცოდინარს უფრო კარგად გავაკეთებინებთ იმას, რაც საჭიროა! სპეციალისტებად კი ჩვენი შვილები დაუდგებიან! ასე რომ, მორჩა ბაზარი!.. ხომ ყველა თანახმა ხართ?..

– ვართ! ვართ! – ასე თუ ისე ხალისიანად აიტაცეს ბიუროს წევრებმა და მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნავად სოფლის რესტორან “არ იდარდოში” გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამე ვახტანგურებს სვამდნენ და დარდიმანდულ სიმღერებს გაიძახოდნენ – დედ-მამის, ეკლიანი ვარდებისა და ეშხიანი ქალების შესახებ…

– მეც წამიყვანე თაან! მეეც! – კიოდა ქალი, – ვისთან მიხვალ, ვისთაან!.. ხომ იცი, სხვაზე არ გამცვალო, თორემ ძაან მეწყინება! ძაან!

რობიზონმა პაპიროსს მოუკიდა. … ამ ერთი კვირის წინ შემთხვევით შეეჩეხა ბუღალტერს.

– აქ რას აკეთებთ, ბატონო ქრისტეფორე? – ჰკითხა რობიზონმა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10