– მიყვარს მაღაზიის ჩრდილში დგომა! – ნაღვლიანად გაიღიმა მან, – ჩემი პროფესია, ჩემო რობიზონ, სულ ჩრდილებთან და ხვრელებთან არის დაკავშირებული! – ღრმად ჩაისუნთქა, – ვერ გრძნობ, რა სუნი დგას!.. აქ, მაღაზიასთან, ყოველთვის შეუჭმელი საჭმლის სუნი დგას… ეს სუნი, ციფრებისა და ანგარიშების მერე ყველაზე სასარგებლო რამეა ფანტაზიის გასავარჯიშებლად!. ისე, პურის ყიდვა მინდა!,– ბაგე მოიკვნიტა და რობიზონს შეშინებული თვალებით შეხედა, – აგერ, უკვე ორი საათია, ვდგავარ… მაინც რამდენს ლაქლაქებს ეს სევერიანი!.. ნეტა, არსად არ ეჩქარება?!

– სევერიანთან შეხვედრა თუ არ გინდათ, ბატონო ქრისტეფორე, მე გამოგიტანთ ახლავე პურს! – ბუღალტერმა ფული მიაწოდა და მადლობის ნიშნად მკერდში ჩაიკრა… როცა მისი საქციელით გაკვირვებულმა რობიზონმა პური გამოუტანა, ბუღალტერი ადგილზე აღარ დახვდა. ის მაღაზიის უკან კიბის ქვეშ შეყუჟულიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.

– რა მოგივიდათ, ბატონო, რამ შეგაშინათ?

– ეშმაკი! ეშმაკის ფეხია სევერიანი! – ქვითინებდა ის, – გუშინწინ შევამჩნიე აბანოში! ფეხისგულებზეც ბალანი ჰქონდა. სქელი, შავი ბალანი!

რობიზონი იდგა და გაკვირვებული უყურებდა შავ, ორბორტიან კოსტიუმში გამოწყობილ, ნიანგის ტყავის ხელთათმანებში სახეჩარგულ გულაჩუყებულ კაცს.

– არა გჯერა, ხომ! არც შენ გჯერა; … ამ ბოლო დროს სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ერთი ფეხით მასწრებს მისვლას!… მერე როგორც კი დამინახავს, სულ ერთ და იგივეს ღიღინებს,– “მოგასწარი-მოგასწარი!..” აგერ, გუშინწინ, ვაღებ ჩემი კაბინეტის დალუქულ კარს და რას ვხედავ?! ეს სატანა წამოგორებულა ჩემს მაგიდაზე და ხვრინავს დამლაგებელთან და დარაჯთან ერთად დაულევია. გამოპრუტუნებულა. მერე შემძვრალა ჩემს ოთახში და იქ დაუძინია… რანაირად მოხვდა სიგნალიზაციითა და ლუქით დაცულ კაბინეტში, არავინ იცის!.. დღეს კიდევ…

– კარგი ახლა! ასე ნუ გადაირევით! – შეაწყვეტინა რობიზონმა – ხომ იცით, სევერიანი იმ ამბების მერე, თავზე რომ გადახდა, ცოტა… ცოტა სხვანაირი გახდა.

– დღეს კიდევ, – არ ცხრებოდა ბუღალტერი, – მკერავთან ვიყავი ისაკასთან! შარვალ-კოსტიუმის შეკერვა მინდოდა! ხომ იცი, ყოველი ახალი ბალანსის ჩაბარების წინ… ახალს ვიკერავ! რა ვქნა, ჩვეულებად მაქვს გადაქცეული და!.. ამიღო თუ არა ისაკამ ზომები… ტუალეტიდან სევერიანი არ გამოდის… მ ე ლ ო დ ე ბ ო დ ა! ყველაფერი დაიმახსოვრა! სიგრძეც და სიგანეც!.. კუბოს მიმზადებს!.. ერთხელ ასე მითხრა, სოფელში ყველასათვის უნდა დავამზადო კუბოებიო… იმათთვისაც კი, ვინც ჯერ არ ჩასახულა და არ დაბადებულაო!.. გამოთვლილი მაქვსო, ყოველი მეოთხე კაცი გავს ოცდამეთერთმეტეს სიგანით! და ყოველი მეორე  ას მეხუთეს სიგრძით!.. ალბათ, ჩემით დაიწყო, მაგ შეჩვენებულმა. გაიგე, ჩემით დაიწყო!

– სევერიანი კარგი კაცია, – ამშვიდებდა რობიზონი, – რამდენჯერმე შემთხვევით შეხვდით ერთმანეთს… მაგის გამო ასე ნუ აიწეწავთ ნერვებს. გადაიღალეთ, ალბათ! სულ ციფრები, სულ გამოთვლები! მასე ძნელია ცხოვრება! დაიხარჯებით!.. ხანდახან არ დათვალოთ და ისე იცხოვრეთ! თორემ ძალიან გაგიჭირდებათ, ბატონო ქრისტეფორე, მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაგექცევათ.

– ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში, ჩემო რობიზონ. მხოლოდ გვეშინია ამის გამხელა. – თქვა ბუღალტერმა და რობიზონი ისევ გულში ჩაიკრა; მერე შებრუნდა და თავჩაქინდრული სახლისკენ წალასლასდა.

– რაღაცა მკვდარივით დაბორიალობს ეს საცოდავი – გაიფიქრა რობიზონმა…

სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ბუღალტერი, გული გაუსკდა. საპირფარეშოში უპოვნია მის ცოლს, ანჟელიკას. საცოდავს მთელი ტანსაცმელი უნიტაზში ჩაუტენია, თვითონ კი მარტო ფეხსაცმელისა და ვარდისფერი წინდების ამარა დარჩენილა.

ალბათ, წყალი რომ მიუშვა, სევერიანი მოეჩვენაო!.. ამ ბოლო დროს წყლის ჩუხჩუხზე სულ სევერიანი ელანდებოდაო! – უთქვამს ანჟელიკას მორგიდან მოსული ექიმისთვის, რომელსაც ბუღალტრის დეიდაშვილი ჰყავდა ცოლად და უკვე მეათე წელია შვილი არ უჩნდებოდა. სოფელში ყველა ამბობდა, ეს ექიმი ახალი გამგებლის უმცროს ქალიშვილთან დადისო და იმიტომ არ აჩენს თავის კანონიერ ცოლთან შვილსაო. თუმცა, შეიძლება, არც მთლად ასე იყოს საქმე…

– წაუკიდეთ, ხალხო, ცეცხლი ამ სახლს! იქნება როგორმე გათბეს ჩემი ქმარი და გაცოცხლდეს! – გაჰკიოდა ანჟელიკა და სამძიმარზე შემოსულ ხალხს თავის კანტურით ესალმებოდა, – გადაწვით აქაურობა! ოღონდ ჩემი ქმარი გამიცოცხლეთ! ნუ დაინანებთ “სპიჩქას!”(ასანთი) ! ნუუ!

– გამოადგი ფეხი, შე გამოტვინებულო! – ხმამადაბლა მიაძახა მილიციის უფროსის ცოლმა შვილს, რომელიც კუბოს წინ გაჩერებულიყო და პირდაღებული უყურებდა თმაგაშლილ ანჟელიკას.

– რობიზონ, შე უბედურო! – ახლა რობიზონის დანახვაზე ატეხა ყვირილი ბუღალტრის ცოლმა – ჩემმა ქმარმა დაგაყენა გზაზე და კაცად გაქცია! ნახე,  რაფრა გაჩიკინებული წევს შენი მასწავლებელი. შენ მაინც მომეცი “სპიჩქა”,  ნუ დამიმალავ, მომეცი ახლავე! “სპიჩქა” მომეცი, რობიზონა, სანამ გადავრეულვარ!

ქალი შემოსულს ეცა და კუბოს მიაჯახა. მოულოდნელობისგან შებარბაცებულმა რობიზონმა მიცვალებულს ჩასჭიდა ხელი და ადგილზე გაშეშდა: ბუღალტერს თბილი ხელი ჰქონდა… სანამ გადარეულ ანჟელიკას დააშოშმინებდნენ და სკამზე დასვამდნენ, რობიზონმა მიცვალებულის სახეს შეხედა და უფრო მეტად გაოგნდა: ბუღალტრის გაბუშქული ცხვირიდან გამოჩრილი ბალნები, ნიავის წამობერვაზე დარწეული ლერწმებივით თრთოდნენ და ირხეოდნენ!

– ხომ არ სუნთქავს ეს შობელძაღლი?– გაიფიქრა რობიზონმა.

– შობელძაღლიც ხარ და იმაზე უარესიც! – საიდანღაც ჩაესმა მიცვალებულის ხმა, – რაც ახლა დაინახე, არავის გააგებინო თუ არა, იცოდე, ცხვირიდან ძმარს გადენ!.. ყოველ ღამე მოგელანდები, რობიზონ, ყოველ ღამე!

– რატომ აკეთებ ამას? – უხმოდ ჰკითხა რობიზონმა, – რატომ იკლავ თავს?~

– სიკვდილი, ჩემო რობიზონ, გარდამავალი პერიოდია ადამიანიდან ღმერთამდე! დამღალა უსუსური ადამიანის ქერქში ყოფნამ… და ახლა უფრო მეტი მინდა!

– კარგად იყავი! –ძლივს გადაყლაპა ნერწყვი რობიზონმა. გარეთ დარეტიანებული გამოვიდა, ტელეგრაფის ბოძს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.

– ადამიანზე ცოტათი მეტი რომ გახდე, მარტო არაადამიანური სიკვდილი არ კმარა. მაგ საქმეს ადამიანურად ცხოვრებაც სჭირდება, – გაიღიმა და ნესტით გაჟღენთილი ჰაერი შეისუნთქა. ირგვლივ უცნაური სუნი იდგა, რომელიც ძალიან ჰგავდა თევზებისა და ნიჟარების სუნს, რომლითაც კუნძულების ჰაერი იჟღინთებოდა ოკეანეზე შტორმის დაწყების წინ. ხელისგულზე დაცემულ რამდენიმე წვეთს გემო გაუსინჯა, მლაშე ხომ არ არისო… წვეთებს ოდნავ დაჰკრავდა მარილიანი წყლის გემო რობიზონმა ცას ახედა და ტირილი მოუნდა…

…სოფელი ყოველთვის განიცდიდა სასმელი წყლის ნაკლებობას. უკიდეგანო ტრამალებს შორის მოქცეული ეს დასახლება ცენტრალურ მოედანზე უხსოვარი დროიდან აშენებული ერთადერთი წყლის საქაჩიდან ღებულობდა ამ მაცოცხლებელ სითხეს. შენობას ეგვიპტური სფინქსის ფორმა ჰქონდა, რომლის უზარმაზარი პირიდან გამომავალი სასმელი წყალი შავი მილების მეშვეობით ახლომდებარე სოფლებში ნაწილდებოდა. ამბობდნენ, ადრე სფინქსს ტოპაზისგან დამზადებული უშველებელი თვალები და ამეთვისტოთი მოვარაყებული ნესტოები ჰქონდაო, მაგრამ ახლა მხოლოდ თათებზეღა შემორჩენოდა ლამაზად დამუშავებული გიშრის ბრჭყალები.

ას წელს გადაცილებული მოხუცები ყვებოდნენ, რომ ადრე თურმე სწორედ ამ სფინქსის ბრჭყალებთან მთავრდებოდა ზღვა და იწყებოდა უზარმაზარი ქალაქი ოქროთი გადახურული ტაძრებით, იასამნისფერი სასახლეებით, ოცნებისფერი კოშკებით, ვარდისფერი გზებითა და თაფლისფერთვალა, კეხიანცხვირიანი, კეთილშობილი მოქალაქეებით. ირმები, ვეფხვები, ფარშევანგები, ქვეწარმავლები თუ ადამიანები თავისუფლად დადიოდნენ ქუჩებში, არც უფრთხოდნენ და არც ერჩოდნენ ერთმანეთს,  პირიქით, მოწიწებითა და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულები, შემთხვევით თუ შეეჯახებოდნენ ვინმეს ქუჩაში, თავს დაუკრავდნენ და სახლში, ბუნაგში, სოროში თუ მდელოზე მიიპატიჟებდნენ, რათა პატივი მიეგოთ უცნობი არსებისათვის და თვითონაც პატივცემულნი ყოფილიყვნენო.

სფინქსის გასწვრივ გაშენებულ ნავსაყუდელში ყოველ კვირას უამრავი კრეისერი, იახტა, კატარღა, იალქნიანი ნავი, თუ კარაველა იდებდა ბინას, რათა ქალაქი ეგზოტიკური ხილითა და საქონლით, ძვირფასი ქვებითა და ჰაერზე მსუბუქი მატერიებით, ტყავის ქურთუკებითა და ქამელეონის სათვალეებით, ჰავანური სიგარებითა და აცტეკური თამბაქოთი, ლაღიძის ლიმონათებითა და სახელგანთქმული “ბორჯომით”, ხევსურული ლუდითა და ქარვისფერი ღვინით აევსო. ქალაქი კი არ ცხოვრობდა, დუღდა, როგორც დუღს ფელამუში სპილენძის უზარმაზარ ქვაბში და ირგვლივ სიტკბოთი და ადამიანურ სითბოთი გაჯერებულ სუნს აფრქვევს… ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ გაზაფხულის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, სანამ მერცხლები და ჭრელკუდა თუთიყუშები გადაიფრენდნენ ქალაქის თავზე, –  ღამით, განთიადის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, კიბორჩხალებისა და თევზების წვიმა წამოვიდოდა.

ქალაქელები ამ დღეს ვიოლინოსა და ჰობომის დაკვრით ხვდებოდნენ, ქუჩები კი გაზქურაზე თუ ელექტროღუმელებზე შემოწყობილი გახურებული ტაფებითა და მოთუხთუხე ქვაბებით ივსებოდა, რათა ციდან მოვლენილი საოცარი მადლი პირდაპირ ქუჩაშივე მოხარშულ-შებრაწულ-შემწვარიყო და ყოველ გამვლელს თუ გამოვლელს, ვისაც კი მოესურვებოდა, დაუბრკოლებლად ეგემა – ბაჟეში, ტყემალში ან ქინძძმარში ჩაწყობილი მსუყე და გემრიელი კერძები. შემდეგ კი, სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულს, ედიდებინა უფალი… და იმ ხანად არ არსებობდა გარდაცვლილი, რომ წმინდანობის ღირსი არ ყოფილიყო. ქალაქელები ადამიანებად კი იბადებოდნენ, მაგრამ ისე ცხოვრობდნენ, რომ ბოლოს, წლებით გამძღრები და ყველა ცოდვამონანიებულები უმანკო ბავშვებივით კვდებოდნენ. ცხოვრება ქალაქში ერთ დიდ ლოცვას ჰგავდა, თავმდაბლობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ ლოცვას… მაგრამ ერთ დღეს, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე იუპიტერის სარტყელს და კუდიანი კომეტის მოძრაობას უთვალთვალებდნენ, თქვეს – მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ! ავაშენოთ სვეტი და ცას მივაწვდინოთ მისი თხემიო! თხემზე დავდგათ კოშკი და ცის კაბადონს ვუთვალთვალოთო. და თუ საჭირო იქნა, პლანეტების, ატმოსფერული ფრონტების და სხვა ციური მოვლენების მოძრაობები შევცვალოთ, რათა უფრო ბედნიერად და განცხრომით ვიცხოვროთ, რათა იშვიათი უამინდობა, სეტყვა, ტორნადო თუ გვალვა ავიცილოთ თავიდანო… თქვეს და დაიწყეს შენებაც იშრომებდნენ, იწვალებდნენ, ოფლს დაღვრიდნენ, საღამოს კი კერძებით და მათრობელი სასმელებით დატვირთულ სუფრას მიუსხდებოდნენ. თავდავიწყებას ეძლეოდნენ და ყვიროდნენ, ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამსო! ნელ-ნელა ქალაქში ცხოვრება ლოცვიდან ჯერ სადღეგრძელოებად, შემდეგ კი ტაშ-ფანდურად გადაიქცა…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10