– აუჰ, რას მეუბნები! არ იშოვება, ხომ, არსად! – შეიცხადა სევერიანმა, – არადა, რომ შევხედავდი, სულში რაღაცა ტკბილად ჩამეღვრებოდა!.. ისე, რომ იცოდე, მაგან გამაძლებინა ამდენ ხანს, თორემ აქამდე დასამარებულიც ვიქნებოდი და დავიწყებულიც! ეეჰ! – ამოიოხრა სევერიანმა, – რა ცოტა გინდა კაცს ნეტარებისათვის, რა ცოტა?… მაგრამ ვერსად პოულობ!… ბევრი კია მსგავსი, მაგრამ ის არაა! ის არაა, რაც ნაღდია!.. კაი, აბა წავედი… არ დამივიწყო, რობიზონ! შენ მაინც არ დამივიწყო!

– კარგად! კარგად! – რობიზონმა პაპიროსიანი ხელი დაუქნია და, სიმწრით რომ არ აბღავლებულიყო, სახლისკენ მიმავალ ბილიკს ორმეტრიანი ნაბიჯებით გამოეკიდა. იმ წუთში არაფერი არ უნდოდა, სულ არაფერი…

სოფელს ორი “ჰიმნი” ჰქონდა: აქედან ერთს დილით ასრულებდნენ, მეორეს კი საღამოს. დილის, ანუ “წადილითა და ლტოლვით” აღსავსე “ჰიმნს” კლუბის გამგის ინიციატივით ასრულებდა სოფლის “ინვალიდთა, ვეტერანთა და უმუშევართა თვითშემოქმედებითი კოლექტივი”, რომლის ლოტბარი, სამხატვრო ხელმძღვანელი, სოლისტი და აკომპანიატორი თვითონ კლუბის გამგე იყო. ჰიმნის მელოდია იწყებოდა ნაბიჯების გამაყრუებელი ხმაურით, გადადიოდა აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ინვალიდების, ვეტერანების, უმუშევრებისა და გამგის გარმონის ერთობლივ “კანტანტაში” და მთავრდებოდა მთელი ამ ავანგარდისტულ-კონსერვატორული კოლექტივის საერთო ამოოხვრა-ამოგმინვით. “ჰიმნი” უაღრესი პოპულარობით სარგებლობდა, თუ შეიძლება პოპულარობა იმით განსაზღვროთ, რომ პირველივე ჰანგებიდან ყველა გცნობს. საკმარისი იყო, სოფლელებს თვითშემოქმედების ეს განუმეორებელი შედევრი მოესმინათ, საწოლში გაჩერების და, მით უმეტეს, ძილის გაგრძელების სურვილი, ყველას პირწმინდად გაქრობოდაო. ისინი ერთხმად იღვიძებდნენ და ცხოვრების, ბედისა და ერთიმეორის დედების ხშირ-ხშირი გახსენებით სამუშაო ადგილებისკენ მიიჩქაროდნენ.

მეორე “ჰიმნი”, რომელიც თავისი მინორულობით აბსოლუტური ანტიპოდი იყო პირველისა, ზუსტად ნოლ-ნოლ საათზე და ნოლ-ნოლ წუთზე სრულდებოდა. მას შვიდიდან ათ წლამდე ბავშვების გუნდი მღეროდა და მელოდია თავისი სანტიმენტალობითა და სინაზით ძალიან ჰგავდა, როგორც პარასკევა იტყოდა, – “წვიმის ხმას ყაყაჩოებით დაფარულ მდელოზე”. ეს “ჰიმნი” სოფლელებისთვის ძილისპირული უფრო იყო, ვიდრე რაიმე სხვა და ამიტომაც, გაიგონებდნენ თუ არა პირველსავე ჰანგებს, უაზრო ღიმდადენილები თვალების გაუთავებელ ფშვნეტას, მთქნარებასა და პირის წკლაპუნს იწყებდნენ… და ძილიც ნაზი ფაფუკი საცეცებით ფერადი სიზმრების ბადეში ახვევდა მათ.

– ადამიანს თუ ტკბილად სძინავს, რანაირი საშინელი განსაცდელებით სავსე დღეც უნდა ჰქონდეს, მაინც მადლიერი და ბედნიერია… არაფერი არაა ადამიანებისათვის ტკბილ ძილზე უფრო დიდი და ძვირფასი საჩუქარი! ჩვენც ვზრუნავთ მათზე და ოცნებების კოშკებით, თაფლის მდინარეებითა და შაქარყინულის მთებით გაჯერებულ ძილსა და სიზმრებს ვჩუქნით! ამას თქვენც მიხვდებით, როცა ჩვენ დაგვემსგავსებით – ასე უთქვამს ერთ-ერთ პირველ გაკვეთილზე ბუღალტერს, როცა რობიზონსა და პარასკევას სოფლის ორჰიმნიანობის შესახებ გაოცება და მცირედი ცინიზმი გამოუხატავთ.

– ესენი როდის ცხოვრობენ? – უკითხავს გაკვირვებულ რობიზონს, როცა პარასკევასთან ერთად მარტო დარჩენილა.

– როცა ბედნიერები არიან. – ნაღვლიანი ღიმილით უპასუხია პარასკევას…

გასვენებიდან მოსულ რობიზონს მაცივრის უკან შენახული ერთი ბოთლი წითელი ღვინის დალევა მოუნდა. მაგრამ, რაკი დღეს უკვე ორჯერ გადადო ერთი და იგივე საქმე, მესამედაც რომ ასე მოქცეულიყო, თავის თავს “ტუტუცსა და მუქთახორას” დაუძახებდა.

ტანზე სწრაფად გაიხადა და ჯაყვამომარჯვებული გრძელი “სალდათური” ნიფხვის ამარა გავარდა გარეთ. სიცივემ უკან დაიხია, ალბათ, რობიზონის ასეთ ფორმაში გამოჩენას არ მოელოდა, მაგრამ ცოტა ხანში ავხორცი საყვარელივით მთელ სხეულზე შემოეხვია.

– აბა, ახლა პატარას გატკენ და უნდა მაპატიო! – კბილებში გამოსცრა რობიზონმა და დანა სამოთხის ვაშლს  მთელი ძალით ჩაარჭო, – თუ ცოცხალი ხარ, ხომ კარგი!.. მაგრამ თუ მოკვდი, მეც ბევრს არ გაწვალებ, წამში მოგჭრი!.. ჰოდა, ამისთვის ნუ დამძრახავ!… შენ კი არ გკლავ, ჩემს სულს ვკლავ, ჩემს სულს ვკოდავ! – ხმა აუთრთოლდა და ტირილი ძლივს შეიკავა.

დანის ტარს ორივე ხელი წაავლო, ქვევით დააწვა და შავად აქერცლილი კანი რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუჭრა. მერე ჭრილი გააფართოვა და, როგორც ჭუჭრუტანაში, შიგ შეიხედა – იქ რაღაცა წითელი თრთოდა და ფეთქავდა!

– აუჰ! – გაუკვირდა რობიზონს და თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მომეჩვენაო. პირჯვარი გადაიწერა და კიდევ ერთხელ შეიხედა. ის წითელი არსად არ გამქრალა, პირიქით, უფრო სწრაფად და ენერგიულად დაიწყო ფეთქვა.

რობიზონი ცოტა ხანს გაოგნებული იდგა, მერე ხეს ორივე ხელით ჩაეჭიდა და მთელი ძალით შეანჯღრია. ტოტებმა რამდენიმე წრე შემოხაზეს ცეკვისას მონარნარე ქალიშვილებივით და გაირინდნენ. კაცმა ბელტი აიღო, დაანერწყვა და ხეს ჭრილობაზე ნაზად გადაუსვა.

დღეს რაღაც უნდა მოხდეს – სადღაც სულის სიღრმეში გაიფიქრა და უეცრად აყვავებული ხის სურნელი იგრძნო… რობიზონმა, თითქოს ფრთები ამოუვიდაო, ხელები გაშალა და დიდი ხნის უნახავი სატრფოსავით შემოეხვია… სულ ცოტაც და, ფარდასავით გადაიწეოდა დაძმარებული იმედებითა და გაძვალტყავებული ოცნებებით დახატული ტალახიანი სოფლის ხედი და ოქროსფერი მზე, ზურმუხტისფერი ტალები, ქარვისფერი ქვიშა და იასამნისფერი ცა გამოჩნდებოდა…

– რაო, როდის უნდა მოჭრა? – იკითხა პარასკევამ. რობიზონმა პასუხის მა¬გივ¬რად ავადმყოფის წინ “მთიულურის&ქუოტ; რამდენიმე ილეთი შეასრულა და “ასსა”-ს შეძახილით დანა მაგიდაზე დაასო.

– შტერი ხარ და შტერად დარჩები! – გაბრაზდა პარასკევა, – ასე გიქნია… იგი!

რობიზონი ღიღინ-ღიღინით გავიდა სამზარეულოში და მაცივრის უკან გადამალული ღვინო გამოაძრო და  სულმოუთქმელად დალია. სასმელმა მისი დაღლილი სული გაათბო და გააბრუა.

– ნეტა, დავბუნდებით, როდისმე? – იკითხა პარასკევამ.

– საად? – კითხვა შეუბრუნა რობიზონმა, – იქ? ასე ვეღარ დავბრუნდებით, ჩემო პარასკევა!… იქაურებად აწი ჩვენ ვეღარ ვივარგებთ!…. ძალიან დავიღალეთ ცხოვრებისგან! ისეთები კი, როგორებიც ახლა ვართ, იქ აღარავის დავჭირდებით!

– ოღონდ იქ დავბრუნდეთ და თუნდაც მკვდარივით ვიყო დაღლილი! ოღონდ, თექ დოვრთო დო თუნდაც, ღურელცალო ვორდე შულადილი! – თავიანთ ენაზე დაამატა პარასკევამ.

– ქორთხინგ, პარასკევა! ქორთხინგ! – ხელზე მოეფერა რობიზონი.

– აბა, მოჭერი მაშინ ის ხე, რობიზონა! – ვეღარ მოითმინა ქალმა და ატირდა, – ხომ ხედავ, არც მაგი გაძლევს ნაყოფს და არც მე!.. მოჭერი! ან მე გამომჭერი ყელი!

– სამივე ერთმანეთს ვგავართ! სამივე ერთნაირად ვცოცხლობთ და არც ვცოცხლობთ! შეხედავ გვერდიდან, მკვდარია…  როგორც კი ქერქს ცოტას მოუჩიჩქნი, _ ფეთქავს ეს დალოცვილი! ფეთქავს!

– მოჭერი, რობიზონა! მოჭერი! მაგან დაგვალპო ჩვენ!.. მაგის გახარების იმედი რომ არ გვქონოდა, ან ოკეანეში დავიხრჩობოდით, ან აქვე მოვიკლავდით თავს! მაგისმა იმედმა დაგვღუპა ჩვენ! მოჭერი, რობიზონა! – შეეხვეწა ქალი, – მეცოდინება მაშინ, რომ არაფერი არსებობს ამ სოფლის მეტი და… მეც მოვისვენებ! გაიგე, მო-ვის-ვე-ნებ!

– რა გინდა, ქალო! რას შემჭამე! უუხ, თქვენი.. – ვეღარ მოითმინა რობიზონმა და აყვირდა, – რა ჩემი ფეხები მინდოდა აქ, რას მოვრბოდი! ვყოფილიყავი იქ! გავყვებოდით დინებას და ვიქნებოდით ბედნიერები!.. ისეთი მეგონა, ვიყავი, ჩემთვის ვინმეს საჯდომზე რომ ეკოცნა, ამისათვის სპეციალურად სკამზე უნდა დამდგარიყო თუ არა, ისე ვერ მომწვდებოდა! საკუთარი თავის უფალი მინდოდა ვყოფილიყავი!.. წამოვედით აქ… მაგრამ აქაც რას ვაკეთებ! მივყვები დინებას და … მაინც უბედური ვარ, მოიქნიე მკლავი, რობიზონ, მოიქნიე! მოვიქნევ, აბა რას ვიზამ! მაგრამ, მაინც წამიღებს ეს შობელძაღლი ცხოვრება და რა ვქნა?.. რა ვქნა?

– რა ქნა და, უნდა ჩაყვინთო! – მწარედ გაეცინა პარასკევას.

– შენ რატომ არ ჩაყვინთე?

– იმიტომ, რომ! იმიტომ რომ, მე ნორმალური ვარ! – იყვირა პარასკევამ, – გაიგე, ნორმალური!.. ამ ცხოვრებაში ან ხარ ნორმალური ადამიანი და ან ხარ რობინზონ კრუზო!

რობიზონს მწარედ გაეცინა.

– მე თუ რობინზონ კრუზო ვარ, შენ ხომ ხარ პარასკევა! ვუძახოთ ახლა ასე ერთმანეთს და ვიყოთ!

– ვიყოთ, ბატონო! იმიტომ, რომ მეტის ღირსები არა ვართ! არავის ვჭირდებით, არავის!

– რატომ? ერთმანეთს ხომ ვჭირდებით! შენ ხომ გჭირდები? ხომ გჭირდები?

– კი, მჭირდები ფსლისა და განავლის გასატანად! – იყვირა პარასკევამ და წლობით დაგროვილი უიმედობა, დარდი და ტკივილი ერთიანად ამოანთხია.

რობიზონმა ღრმად ჩაისუნთქა, თავი ხელებში ჩარგო და მთელი საათი ხმადაბლა იგინებოდა. მერე, როგორც იქნა, დაწყნარდა, წელში გასწორდა, აჩეჩილ თმაზე ხელი ენერგიულად გადაისვა და კალოშებში ფეხები ჩარგო.

– სად მიხვალ? – ბოდიშის მაგივრად მიაკნავლა პარასკევამ.

– არსად, ისე! – სცადა ხმა შეერბილებინა, – თუთუნს ვიყიდი და… იქნება!.. რაღაცნაირად ვარ! ყველაფერი მექავება! ისე მექავება, თითქოს ფარფლები უნდა ამომივიდეს! ვერ გავიგე, რატომ!

– დარჩი, თუ გიყვარვარ! – შეეხვეწა პარასკევა, – არ წახვიდე! აგერ ფეხებთან დამიჯექი და, შენ რომ იცი, ისეთი ამბები მომიყევი!.. კუნძულებზე, ოკეანეზე, ადამიანებზე და თოლიებზე!.. გახსოვს, ამათ რომ უყვებოდი?.. რა კარგად უყვებოდი! _ აღრფრთოვანებით შეხედა კაცს.

– მახსოვს, აბა, არ მახსოვს! – თავი დაუქნია რობიზონმა, თვალები დახუჭა და სადღაც შიგნით, კინკრიხოსა და გულს შორის პალმების შრიალის ხმა გაიგონა.

– მომიყევი! გეხვეწები, მომიყევი!

– რინე რე რულა, ოცნებას დო შქურინა შქას!

– მუ ქო თქვი? – ქალი უეცარი სასწაულის მოლოდინმა შეიპყრო.

– ცხოვრება სირბილია ოცნებებსა და შიშს შორის! – ახლა, რატომღაც სოფლისთვის გასაგებ ენაზე გაიმეორა  რობიზონმა, იქვე ძველ სკივრზე ჩამოჯდა, პარასკევას ოცნების ფერი თვალებით შეხედა და,  როცა საიდანღაც მოახლოებული ოკეანის სუნმა ცხვირში შეუღიტინა, ბაგეების თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით დაიწყო:

იმ ღამით, სოფელში, ლაჟვარდოვანი ცის ფსკერზე, თევზებისა და ნიჟარების წვიმა მოვიდა!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10