აქ წყდებოდა გოგონას ხმა და იწყებოდა დარდითა და მონატრებით სავსე, სევდიანი სიმღერა. რობიზონმა რადიოლას ხმას ბოლომდე აუწია და ჯაყვამომარჯვებული გარეთ გავიდა. ხემდე ორიოდე წუმპის გადავლაღა აკლდა, რომ ღობესთან ბავშვების ხმადაბალი ლაპარაკი გაიგონა და გაბრაზდა.

– რა გინდათ, ბავშვებო? აღარ მოგბეზრდათ ჩვენი ყურება?  ა? არ გვყავს ეს გასაწყვეტი ლომი სახლში. აღარ გვყავს! ხუთი წლის წინ დავკალით და შევჭამეთ! რამდენჯერ უნდა გითხრათ, რამდენჯერ!

ბავშვები, ჯაყვამომარჯვებულ რობიზონს შიშნარევი ღიმილით უყურებდნენ.

აბა, წიგნში რომ წერია! – გაბედა შეპასუხება ერთ-ერთმა.

– რომელში? – იყვირა რობიზონმა – ვინ დაწერა ეგ წიგნი?.. ვინ მოგცათ თქვენ წასაკითხად?

ყველაზე მაღალმა ხელი მისკენ გაიშვირა და გვერდით მდგარ ბიჭუნას ჩქარ-ჩქარა რაღაც ჩასჩურჩულა, ყველაზე დაბალმა კი ცალი თვალი მოჭუტა და რობიზონის სხეულის ყოველი ნაკვთი საქონელმცოდნესავით შეაფასა.

– აბა, თუ არ გყავთ, რატომ ნერვიულობთ? – გაბედა მაღალმა, – ხომ იცით, რომ ნერვიული უჯრედები არ აღდგება?!

– აღარა გვყავს, ბატონო, ლომი! აღარა გვყავს! – შეეხვეწა რობიზონი – ლომს, დედა მოუკვდა და… იქაა წასული ახლა, გასვენებაში.

– როგორ, ლომს დედაც ჰყავს? – გაუკვირდა დაბალს.

– ლომს აღარ ჰყავს, მაგრამ თქვენ ხომ გყავთ! თქვენს დედებს… დაუბრუნდით სახლებში! – გამოსცრა რომიზონმა და გაბრაზებული სახლში შებრუნდა…

– კაია, როცა მკვდარი ხარ! – ქმრის დანახვაზე ამოიხვნეშა პარასკევამ.

კაცი ტაბურეტზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლებს ზიზღით დახედა.

– მკვდარს არაფერი გინდა, ქხ! – ჩაახველა ქალმა, – ეეჰ! როცა აღარაფერი გინდა, მაშინ გაქვს ყველაფერი! არც ტანი გაქვს, არც არაფერი. არც აღარაფერი გწყურია.

რობიზონმა მაშველს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერც მაშველი და ვერც დიდი კოვზი ვერ იპოვა. ბოლოს, ყველაფერზე განაწყენებულმა, კრიახითა და ქოთქოთით ძლივძლივობით ჩარგო ფეხები კარგა ხნის ჩაუცმელ ფეხსაცმელებში.

– ტანი არა აქვსო, რომ ამბობ, აბა, რა ლპება? აა?

– რა ლპება და სული! ადამიანის ლპობა სულიდან იწყება, თორემ უსულოს რა დაალპობს! – ქმარს გამომცდელი თვალებით შეხედა, – რობიზონ, როცა მოვკვდები, იცოდე, ძალიან გთხოვ: კუბოში გულაღმა არ დამაწვინო, მუცელზე დამაწვინე!

– უუჰ! ძალიან მიჭირს! – რობიზონმა რამდენიმე ნაბიჯი რის ვაი-ვაგლახით გადადგა და ფანჯრის რაფასთან ჩამოჯდა, – როგორ გამოსულელდები ხოლმე. არ გრცხვენია, ეგეთ რამეებს რომ ლაპარაკობ?!

– რა იყო, რა გაიკვირვე? არ გახსოვს, სევერიანს რა მოუვიდა?!.. ოთხჯერ წაასვენეს სასაფლაოზე და ოთხჯერვე უკან მოაბრუნეს.

– ჰო, მახსოვს.

– გახსოვს, ბოლოს როგორ ეხვეწებოდა თავისი შვილი: მამიკო, თუ ცოცხალი ხარ, გაახილე თვალი, თორემ შენმა გასვენებებმა და ქელეხებმა, კაპიკი აღარ დაგვიტოვა ოჯახშიო!.., სანამ ეს ხალხი პურის საჭმელად დამჯდარა, თუ გიყვარვარ, მანამდე გაცოცხლდიო! –პარასკევა წამოჯდა, – ისე გააწბილა თავისიანები, რომ მეოთხეჯერ სასაფლაოდან სახლამდე კუბოს თვითონ მოათრევდა… სულ თავბედს იწყევლიდა ის უბედური.

– ჰოო! კუბოს თრევამ თიაქარი გამიჩინაო. – გაახსენდა რობიზონს სევერიანის ნათქვამი და გაეღიმა.

– როგორ არ შეგრცხვა მეოთხეჯერ გაცოცხლება, რომ ვკითხე… იცი, რა მითხრა?… უცბად თვალი გავახილე და ცას შევხედეო. ისე კარგად დავინახე ყველაფერი, რომ შემეშინდა და წამოვჯექიო. ცა დაბინძურებული იყოო – დამხრჩვალი იმედებით, ჩაძირული ოცნებებით და გახრწნილი წლებითო! ისეთი დაბინძურებული იყოო, რომ ღმერთამდე შეიძლება ვერც კი მიგეღწია, ისე გახვეულიყავი ვიღაცის სურვილების ბადეში ან ხიშტებად ქცეულ ნატვრაზე წამოგებულიყავიო!

– ეეჰ! – ხელი ჩაიქნია რობიზონმა – მშიშარა ყოფილა სევერიანი, მშიშრები ღმერთამდე ვერასოდეს მიაღწევენ.

– რა ჭირს სევერიანს შენი დასაძრახი! – გაბრაზდა პარასკევა, – ოთხივე კუბო რომ გაყიდა თუ მეკუბოვეობა რომ დაიწყო, იმიტომ დასცინი?!.. აწი კი იცის, კუბოს რომ აღარავინ აღირსებს. შვილები პირდაპირ ეზოში დაწვავენ! შეშაცა აქვთ მაგისთვის მომარაგებული და ერთი “ბოჭკა” სალიარკაც!

– შეშა ზამთრისთვის აქვთ მომარაგებული.

– ზამთრისთვის, ზამთრისთვის! – გამოაჯავრა პარასკევამ, – ზამთარი გავიდა უკვე, მაგრამ იმ შეშას მოაკლდა რამე?.. სპეციალურად ლიტრიანი თუნუქის ქილა აქვთ სევერიანის ფერფლისთვის გამზადებული… იცოდე, რომ მოვკვდები, პირდაღმა ჩამაწვინე კუბოში! თუ შემთხვევით გავცოცხლდი, ცას მაინც ვერ დავინახავ და აღარც შემეშინდება! ხმას არ ამოვიღებ, სანამ არ დამმარხავ! ქორთხინქ, რობიზონა! ქორთხინქ! – დააყოლა იმ ენაზე, რომელიც ამ უზღვო და უოკეანო ქვეყანაში მარტო მათ იცოდნენ.

– ეეჰ! საცოდავო, რა გვიქნა ამ ცხოვრებამ, ხედავ?! – ცრემლი ძლივს შეიკავა რობიზონმა.

– მუ, ქიმინუდო, ხვალე ქუდომტუეს! რა გვიქნა და, მარტოები დაგვტოვა! – ამოიკვნესა ქალმა.

– ქო! ქო! – დაუმატა კაცმა კუნძულელთა ენაზე.

ორივეს გაახსენდა – იქ, შორეულ რიფებზე ჩამომსხდრები როგორ უცქეროდნენ ხავსითა და წყალმცენარეების სუნით გაჟღენთილ ნაღვლისფერ ოკეანეს. შიშნარევი აღფრთოვანებით როგორ უთვალთვალებდნენ თოლიებს, რომლებიც მაშველ რგოლებში გაჭედილ მკვდარ მეზღვაურებს უმოწყალოდ კორტნიდნენ…

– მარადისობას ვერ დავემალებით! – უთხრა ერთხელ პარასკევამ, როცა ოკეანის უკიდეგანო ჰორიზონტის ყურებით დაღლილი მანგოს ბუჩქის ჩრდილში წამოწვა.

– არაფერში არ მჭირდება მარადისობა, პარასკევა! გემო იმასა აქვს, რაც არ დაბრუნდება, ან, რაც არ იცი, როდის იქნება!.. სიცოცხლე მინდა, პარასკევა! ცხოვრება, არსებობა მწყურია! – დარდობდა რობიზონი, – სიკვდილიც მინდა! ტკივილიც! აქ ადამიანურ წარსულსა და გაუხრწნელ ოცნებებს შორის ვარ გაჭედილი!.. ასე არ შემიძლია!.. ასე არ შემიძლია!

პარასკევა თვალდახუჭული უსმენდა, ტალღების მარადიულ ხმასა და რობიზონის წუწუნს. მან იცოდა, რომ ოკეანე ერთი მთლიანი ყოვლისმომცველი სივრცე იყო,  და რომ, მას ყველასათვის ყოველთვის იმდენი მოჰქონდა, რამდენსაც მუჭისოდენა გული და დაუდგრომელი სისხლი გაუძლებდა, რამდენსაც ადამიანის ნერვები და ხელისგულისოდენა გონება აიტანდა.

ისე, ადამიანი ოკეანეზე დიდია, მხოლოდ პატარა თვალები აქვს, და ამიტომ ეჩვენება ყველაფერი თავის თავზე, უზარმაზარიო! – ეუბნებოდა პარასკევას დედამისი – ის მკვდარი მეზღვაურები, ჩიტებს და თევზებს ბოლომდე რომ ვერ შეუჭამიათ, რობიზონის სულის წყურვილი, ოცნება და წადილიაო!.. ის თეთრი გემი კი, ყოველ ღამე რომ ეზმანება, ფილტვებივით დაბერილი, ალისფერი იალქნებით… იცოდე, კაცის ვნებაა, გაუმაძღარი ხორცის ლტოლვააო… გახსოვდეს, ქალის ენას თუ ციხემდე მიყავს კაცი, კაცის დაუცხრომელ წყურვილს ქალი, – განადგურებამდეო!..

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10