– კარგით! – დათანხმდა ისიც. – როგორ უნდოდა ხაზეინის გახარება ქალბატონ მაკას ერთი მემკვიდრით, მისი გვარისა და ბიზნესის გამგრძელებლით, მაგრამ ვერაფრით დაორსულდა. ვერც გერმანიაში მკურნალობამ უშველა და ვერც სოფლის წამალებმა!.. ის, პირველი, ნამდვილი სამანტა რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ მოხდებოდა ასეთი რამე და ქალბატონი მაკაც ცოცხალი იქნებოდა ახლა!

– არა მგონია, ასე გადაწყვეტილად შეიძლებოდეს ამის თქმა! – შენიშნა გამომძიებელმა შალვამ.

– კარგით ერთი! – გაბედა და უსაყვედურა მას შაქრომ. – ბედია ეს ყველაფერიო, მამშვიდებს ვითომ თავისი ჭკუით ჩემი ბიჭი!

– ამას წინათ თქვენც იგივე არ ბრძანეთ?! – პირზე დაადგა გამომძიებელი შალვა.

– მე?! – გაოცდა შაქრო.

– კი. თვითონაც ვერ გამიგია რატომ გავუჩერე მანქანა ხაზინის წინა მძღოლს, მე ხომ ჩემი გამჭირვებოდა, შარდის ბუშტი გახეთქვაზე მქონდაო, რომ მითხარით, სწორედ მაშინ ბრძანეთ, ბედი იყო ესეცო! – დამყვავებლური ტონით მიმართა გამომძიებელმა შალვამ შაქროს. – დამშვიდდით, არ შეიძლება ასე!

– არ მინდა მე დამშვიდება. არაფერი არ მინდა!.. ავარიის მეორე დღეს, როცა ქალბატონი მაკა კვდებოდა, უცებ წვიმა შეწყდა და მზემ გამოანათაო!.. ამ დილით გავიგე ეს ამბავი – ცისარტყელაც ამოვიდაო… მომკალით, არადა, მოსაკლავი ნამდვილად ვარ, მაგრამ, მაინც არ მგონია, რომ მართლა ასეთი რეაქცია ჰქონდა ამ ძაღლს პატრონების განმარტოებაზე…

შაქრო აქვითინდა.

– ნება მომეცით გკითხოთ, თუ ეგ ამბავი, კარის ფხაჭნაზე და მაგისთანებზე, მართლა ჭორი იყო და მეტი არაფერი, რატომღა იყმუვლა მაშინ ამ სამანტამ? – იკითხა გამომძიებელმა შალვამ.

– არ ვიცი! – მიუგო მოქვითინე შაქრომ. – მოვკვდე, თუ ვიცოდე! – არადა, იქნებ ჯობდა კიდეც რომ ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მომკვდარიყო?!

კითხვა რიტორიკულს გავდა და არც გავდა.

– რთულია ცხოვრება ძალიან! – ტრადიციული ფრაზით შემოიფარგლა გამომძიებელი შალვა. – მოიცათ ერთი, ქალბატონი ვერა ხომ არ მონაწილეობდა თქვენს მიერ ნახსენები ჭორების გავრცელებაში?

– არა, ბატონო გამომძიებელო. ამას კი არა იმ სამანტასაც ვერ მოესწრო. მის დროს ქალბატონ მაკას სულ სხვა ძაღლი ყავდა – ცხენისტოლა დოგი. რომ მოკვდა, მუშებმა იმოდენა საფლავი გაუთხარეს, ძაღლი კი არა კაცსაც ეყოფოდა თავისუფლად თავის კუბოიანად!

– გასაგებია! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– ჭორების გამავრცელები რომ ყოფილიყო, მკვლელობის თანამონაწილეც კი გამოვიდოდა ჩემთან და ამ სამანტასთან ერთად ქალბატონი ვერა, არა?! – იკითხა შაქრომ.

– ასეა! – დაუდასტურა გამომძიებელმა შალვამ.

– მესმის, რომ მდგომარეობის შემსუბუქება გინდათ ჩემთვის და მადლობა, რომ გეცოდებით ასე ძალიან! – თქვა შაქრომ და თვალები დახუჭა.

– რთულია ეს ცხოვრება – მართალი ბრძანეთ ამას წინათ! – თვალდახუჭულმავე წარმოთქვა მან მოზრდილი პაუზის შემდეგ.

 

***

გამომძიებელი შალვა კლინიკის შენობიდან გამოვიდა და მის წინ, მოზრდილ შადრევანთან შეჩერდა. ახლაღა აღმოაჩინა, რომ სიგარეტის ღერი, პალატიდან გამოსვლის შემდეგ ხელში რომ ათამაშებდა, გადატყდომოდა. კოლოფიდან ახალი ამოიღო და მოუკიდა. ძველის გადაგდება უნდოდა და მზერით ურნა მოიძია.

– ამას ვის ვხედავ?! – მოესმა უცებ.

მისკენ კაჭა, ხელებგაშლილი, გახარებული ბრგე მამაკაცი მოემართებოდა. მასში, მისი მზის სათვალისდა მიუხედავად, თავისი ფრონტელი მეგობარი, რომანოზი შეიცნო.

გამომძიებელ შალვასაც გაუხარდა რომანოზის ნახვა და თვითონაც ზუსტად მასავით გაშალა ხელები.

ყოფილი მზვერავები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

– ახლა არ მითხრა, ბატონი შაქრო მამაჩემიაო! – უთხრა გამომძიებელმა შალვამ რომანოზს.

– ახლა არ მითხრა, ავარიის საქმეს რომ იძიებს ის გამომძიებელი მე ვარო, თორემ გადავირევი! – წარმოთქვა რომანოზმაც და როგორც იქნა მოისაზრა, სათვალე მოეხსნა, უფრო სწორად აეწია და შუბლს ზემოთ შემელოტებულ თავზე დაეკოსებინა.

– ძალიან გავხარ ბატონ შაქროს, ანუ მამაშენს! – უთხრა რომანოზს გამომძიებელმა შალვამ. – ვუყურებდი და შენ მომაგონდი უცებ. პირველ შეხვედრაზე ვერა, მაგრამ ახლა უკვე შენ მედექი თვალწინ!

– ამ ერთი კვირის წინ, რომ მითხრა, გამომძიებელი იყო ჩემთან, შალვა ერქვაო, ეგრევე შენ გამახსენდი. მოვკვდე, თუ ვტყუოდე! – წარმოთქვა რომანოზმაც.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12