– ჰო, შალვა, მე ვარ, რომანოზი! – დინჯად წარმოთქვა რომანოზმა, სათვალე აიწია, შუბლსზემოთ, შემელოტებულ თავზე დაიკოსა მოხდენილად და სამანტას გადახედა. – მოკლედ, ექსპერიმენტი ჩავატარე ახლახანს!.. რა ექსპერიმენტი და, პორნო ჩავურთე სამანტას… რა პორნო და, ტელეფონით პორნოსაიტზე შევედი და ვასმენინე ამ შობელძაღლს… მოკლედ, სამი სხვადასხვა ვიდეო მოვასმენინე და თითქოს არაფერი. გამოვრთე და ათი წამიც არ იქნებოდა გასული, რომ ჯერ დაიწკმუტუნა, მერე მეორეჯერაც და მოგუდული ყმუილიც მიაყოლა ბანივით. დავიჯერო ამის მერე, რომ ესეც უბრალო დამთხვევაა და, მართლა არ აწუხებდა ეს სულელი ძაღლი პატრონებს, როცა მარტო რჩებოდნენ?!.. არა, არაფრის ფხაჭნა არ დაუწყია, მაგრამ დანარჩენი ისე იყო, როგორც დაგიბარებია… არა, ზახარიჩისთვის არ მითქვამს, რომ შენ ეს ამბავი გამიმხილე… არა-მეთქი, გეფიცები!.. ვზივარ ახლა და არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო!.. ძლივს დავიწყნარე თავი!.. რა ვუყო ახლა ამ შტერ ძაღლს?!.. გადავსვა მანქანიდან და სადაც უნდა იქ წავიდეს?.. კი ბატონო, მაგრამ სახლში რომ დაბრუნდეს? ნახავს ხაზეინი და გადაირევა… მაშინ მივაბრიდო?.. როგორ თქვი, ახლა არა, თუ სახლში დაბრუნდა მერე მივაბრიდო?.. არ მინდა არავის დაბრედა, ძაღლი იყოს თუ გინდა. რაც მომიწია, იქ, ომში ადამიანების ჟლეტა, ისიც მეყოფა… ხომ უნდა ჩავსხდეთ, საღამოს?.. იცოდე, არ გადათქვა. მე უკვე დავეთხოვე ხაზეინს ტელეფონით და არ დამაღალატო, ოღონდ ამ ძაღლს რა ვუყო არ ვიცი!.. ჰო, კარგი, გავუშვებ!.. აბა, ჰე, დროებით!

რომანოზი საუბარს მორჩა, ტელეფონი გათიშა, ხელსაწყოების დაფაზე, სიგარეტის კოლოფის გვერდით მიაგდო დაუდევრად, კოლოფიდან კი ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა.

– სამანტა, შე ჩემის ჩვიდმეტიანო! – მიმართა მან ძაღლს, თავის კარზე შუშას ჩაუწია, გარეთ გააბოლა, მერე კი უცებ სიგარეტი პირში გაირჭო, ძაღლს იქით გადაიშვირა ხელი და კარი გაუღო. – ჰე, გაქრი ახლა, დამეკარგე აქედან!

ძაღლი წამოდგა, ჯერ ძირს, ასფალტს დახედა, მერე რომანოზს შეაცქერდა – შარდის ბუშტი აწუხებდა, ერთის სული ჰქონდა დაცლილიყო, მაგრამ, რატომღაც არც წასვლა უნდოდა.

– წადი რა, მომშორდი! – უფრო მკაცრად მიმართა რომანოზმა პეკინესს.

ამ უკანასკნელს ამჯერად რომანოზსთვის არც შეუხედავს – წინ იყურებოდა.

– წადი-მეთქი! – იფეთქა უცებ რომანოზმა და ძაღლს ხელი ჰკრა.

ის დაფრთხა, მაგრამ რომანოზმა მეორედ რომ გაიწია მისკენ, უცებ გონს მოეგო და ანგარიშმოუცემლად ხელზე კბილი გაკრა.

რომანოზი წინანდელზე უფრო გაბრაზდა. სანამ რამეს მოიმოქმედებდა, პეკინესმა მანქანის სავარძლიდან ძირს, ტროტუარზე ისკუპა.

– უხ, შენი!.. ახლა რა გამოდის, შრატი უნდა გავიკეთო?! – წამოიძახა რომანოზმმა და ნაკბენს დააჩერდა, საიდანაც სისხლის მომცრო წვეთმა გამოჟონა. – ჩავჯდები ფრონტელ მეგობართან-მეთქი და ჩემი ფეხები!

სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ თავისი კარი გამოაღო, გადავიდა და სამანტას დაუწყო ძებნა.

ძაღლი შორიახლო, ჭადრის გადაბელილ ხესთან შარდავდა. რომანოზმა, იმ განძრახვით, რომ იქიდანაც რაც შეიძლება შორს გაეგდო, მისკენ დააღირა.

პეკინესს შეეშინდა, საქმე შუა გზაზე შეწყვიტა, ტროტუარის გასწვრივ მწკრივად დაყენებულ მანქანებს შორის გაძვრა და რომანოზის თვალთახედვიდანაც გაქრა.

– შე მართლა მუმუ, შენა! – წარმოთქვა რომანოზმა, გაბრუნდა და თავისი მანქანისკენ გაემართა. სანამ იქამდე მიაღწევდა, ორჯერ შეჩერდა, სანახევროდ მიტრიალდა უკან და თვალების ცეცებით კვლავ უშედეგოდ მოიძია სამანტა.

როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, ტელეფონმა დაიწკრიალა – გამომძიებელი შალვა რეკავდა.

– მე თვითონ უნდა დამერეკა ახლა შენთვის! – ჩასძახა ტელეფონში რომანოზმა. – მიკბინა იმ წაკლამ!.. შრატის გაკეთება მომიწევს. შეიძლება არ გავიკეთო, რა ვიცი… მაინც უნდა გავიკეთო?.. ერთი კვირა ბნელ სარდაფში იყო დამწყვდეული და შეიძლება გაცოფებულიყოვო, თქვი?!.. ჰო, მაშინ არ გავრისკავ და გავიკეთებ, ალბათ!.. რა უნდა გამიმხილო?.. კიდევ ერთი საიდუმლო?.. არ გინდოდა გაგემხილა?!.. კარგი, რა, შალვა, ბოლოს და ბოლოს რამდენჯერ ვართ ერთად მტრის ზურგში ნამყოფი, ერთმანეთი ბოლომდე გაგვიტანია და ზახარიჩთან დაკავშირებული საიდუმლო არ გინდა გამიმხილო?!.. როგორ თუ ეს სამანტა ის სამანტა არ არის?!.. ღმერთო ჩემო!.. კი მაგრამ, ზახარიჩმა რატომ დამიმალა ეგ ამბავი?!.. არა, გეფიცები, არ ვეტყვი, რომ მითხარი!.. გეფიცები–მეთქი!.. ღმერთო ჩემო!.. ესე იგი, მთელი ნახევარი წელი ეს ძაღლი ის არ იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო?!.. რას არ გაიგებს კაცი?!..

რომანოზმა ერთი ამოიქშინა, თავისუფალი ხელით ხელსაწყოების დაფაზე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, იქიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა.

– რას არ გაიგებს კაცი!.. – თქვა მან ისევ ტელეფონში. – ჰო, აბა დროებით… კი, გავიკეთებ შრატს აუცილებლად!

რომანოზმა ტელეფონი გათიშა, კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა.

გზის მეორე მხარეს ტროტუარზე, გამვლელ მანქანებს შორის უცებ სამანტა გაკრთა – იდგა და სევდიანად იყურებოდა რომანოზისკენ.

– ეს ის არ არისო! – თქვა რომანოზმა და მანქანიდან გადავიდა. – მეც არ მიკვირდა, კაცო!

რომანოზმა ფეხები მბრძანებლურად გაჩაჩხა, შეიცადა და როცა ქუჩა მანქანებისგან დროებით დაიცალა, სანამ რამეს იტყოდა, სამანტას მისამართით ღიმილიც კი გამოიმეტა და ხელითაც კი მოიხმო – სწორედ იმით, რომელზეც კბილი გაკრა.

– მოდი, ძაღლო, კარგად შეგათვალიერო! – დამყვავებლური ტონით დაიძახა მან. – მოდი-მეთქი, ნუ გეშინია!

ძაღლი ადგილიდან არ იძვროდა.

რომანოზმა ისევ ის ხელი უიმედოდ ჩაიქნია, შეტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა.

სათვალე მოირგო, სამანტას უკანასკნელად შეავლო თვალი, ძრავი დაქოქა, მანქანა დაძრა და წავიდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12