– ჰო. იყმუვლა და სავარძლის საზურგეც მოფხოჭნა ბრჭყალებით უკნიდან. ქალბატონი მაკა რომ იჯდა იმ სავარძლის და მე გამეცინა. უფრო სწორად ჩამეცინა უნებურად საულვაშეში. ეს ამბავი ქალბატონმა მაკამ დააფიქსირა უკანა ხედის სარკით, ელდა ეცა და სამანტას მოუტრიალდა დასაცაცხანებლად, მაგრამ ვერ მოასწრო… წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც  ვერ მოვასწარი… მერე, ყველაფერი რომ დამთავრდა, სამანტამ გამომაფხიზლა. სახეს მილოკავდა და თვალები რომ გავახილე, უცებ იმქვეყნად მეგონა თავი, რადგან ის სამანტა მიყურებდა ამ სამანტას თვალებით. მგონი, ასე ვუთხარი, ბოდიში მიწას რომ არ მიგაბარე-მეთქი… იმიტომ ამილოკა სახე, რომ გონზე მოვეყვანე და მერე ქალბატონ მაკას მივშველებოდი, ხომ გესმით?… იმ სამანტას სული იყო თითქოს ამაში ჩასახლებული იმ მომენტში, იმიტომ რომ, ეს, ანუ ახლანდელი, მაგდენს ვერ მოიფიქრებდა… ახლაც სიზმარში ვარ მგონია და ამიტომაა, ალბათ, რომ ჯერ არ გავგიჟებულვარ!

– მესმის! – თქვა გამომძიებელმა შალვამ. – რა თქვით, რატომ იყმუვლა იმ პეკინესმა?

– იმან კი არა, ამან იყმუვლა – ამან… იქნებ, არ უნდა გამემხილა და ჩემთან ერთად უნდა მომკვდარიყო ეს საიდუმლო, მაგრამ, იცით რა არის?

– რა არის?

– ყველა იმას ჭორაობდა ხაზეინის სახლში… მოსამსახურეები მყავს მხედველობაში… ხაზეინი და მისი მეუღლე ოთახში რომ ჩაიკეტებიან ცოლ-ქმრული მოვალეობის აღსასრულებლად… მოკლედ, მიადგება პატრონების საძინებლის კარს სამანტა (ანუ, ეს, ახლანდელი), ფხოჭნის წინა თათებით და წკმუტუნი ყმუილში გადასდის, არ მოისვენებს, სანამ პატრონები კარს არ გაუღებენ, ამწარებს სიამოვნებასო, ამბობდნენ…

– გასაგებია! – წარმოთქვა გამომძიებელმა შალვამ და საულვაშეში ჩაეღიმა.

– მოუკიდეთ და ერთი-ორი ნაფაზი მეც დამარტყმევინეთ! – პატარა ბავშვივით სთხოვა მას შაქრომ.

– გამოდის, რომ ქალბატონმა მაკამაც უწყოდა ის ამბავი, რომ მომსახურე პერსონალი უშნოდ ჭორაობდა! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– ჰო, ეგრე გამოდის! – დაეთანხმა შაქრო. – კვნესაზე მოახდინა რეაგირება სამანტამ… არა, იმას კი არ ვამბობ, სექსუალურად წამოიკვნესა ქალბატონმა ვერამ-მეთქი – სად ჰქონდა მაგის თავი საწყალს?!.. არადა, ნაზიკო დამესიზმრა ისევ ამ ამბამდე ორი დღით ადრე… ქალბატონი ვერაც წაიღებს მალე წერილს, მაგრამ იმას ის წერილი ისედაც ჯიბეში ედო, თან სამოცდათერთმეტი წელი მაინც იცხოვრა, ქალბატონმა მაკამ კი ოცდაათზე ცოტა მეტი… ნეტა მე მოვმკდარიყავი!.. მკვდარი ვარ, თუმცა, ფაქტიურად. მორალურ პლანში, რა თქმა უნდა… რაკი ქმარზე ოცდასამი წლით გახლდათ უმცროსი, ჩურჩულებდნენ უშნოდ, საყვარელი ყავსო, არადა, უპატიოსნესი ქალბატონი იყო… და თუ ხაზეინმა თავისი პირველი ცოლი მიატოვა, არც ეს ყოფილა ქალბატონ მაკას ბრალი. იმ ქალმა, ანუ პირველმა, სამასათი ათასი წააგო კაზინოში… ვერაფრით გადააჩვია ხაზეინმა აზარტულ თამაშებს!

შაქრო გაჩუმდა.

– ახლა უკვე ყველაფერი იცით! – თქვა მან პაუზის შემდეგ. – ისე გამოდის, რომ მე მოვკალი ქალბატონი მაკა… ქალბატონი ვერა ისედაც მოკვდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეგ, მგონი უკვე ვთქვი ახლახან!

– ქალბატონ ვერას ჯერჯერობით არა უშავს. დღეს დილით ორი თუ სამი სიტყვაც უთქვამს! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– მართლა?! – განცვიფრდა შაქრო და უცებ ატირდა. – ეგ ჩათლაშკა ვირიშვილი!

– ვისზე ამბობთ? – იკითხა გამომძიებელმა შალვამ.

– სამანტაზე!.. „მუმუს“ ვეძახდი… პეპელას გამოეკიდა ერთხელ და ბასეინში ჩავარდა ხაზეინის აგარაკზე. არიქა, არ დაიხრჩოს-მეთქი და ტანსაცმლიანად გადავეშვი მე სულელი… ახალი მობილურიც შევწირე ამ ამბავს… როდის იყო ძაღლმა ცურვა არ იცოდა?!

– ჰო, ყველა ძაღლმა იცის ცურვა! – თვითირონიული ჩაღიმებით დაეთანხმა  გამომძიებელი შალვა. – ეგ რომელ სამანტაზე თქვით ბასეინში ჩავრდაო, ამაზე, ახლანდელზე თუ იმაზე, მაშინდელზე?

შაქრომ უცებ ტირილი შეწყვიტა და გამომძიებელ შალვას შეხედა.

– ახლანდელზე… როცა ვყიდულობდი, პირდაპირ ხელებში ჩამიხტა. ძველმა პატრონმა კიდევ, ვისგანაც ვიყიდე, აქამდე სხვას არავის გაეკარა, ეტყობა, შენ გელოდებოდაო! – თქვა შაქრომ და ისევ სატირლად მოემზადა. – პეკინესი ყველა ერთნაირია სახეზე, თვალებიც ერთნაირი აქვთ და ერთნაირად იყურებიანო, იტყვით თქვენ, მაგრამ მაინც, თითქოს იმ სამანტას თვალებით მიყურებდა ეს ზოგჯერ მარტო ჩემთვის შესამჩნევი საყვედურით!.. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ სამანტამ იმ სამანტას სახელი ისე შეირგო, თითქოს დედის მუცლიდან დაყვა… არადა, ის კინოლოგი, ვინც მომყიდა, სულ სხვა რაღაცა ეძახდა…

– არ იტიროთ! – უთხრა გამომძიებელმა შალვამ შაქროს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12