მარტო დარჩენილი სამანტა მიხვდა, რომ მიაგდეს. იმ საშინელი დღის შემდეგ, ყველაზე უფრო ახლა მოენატრა პატრონი. აქამდე უფრო გუმანით ხვდებოდა, ვიდრე გონებითა და ლოგიკის მოშველიებით, რომ მას ვერასოდეს იხილავდა. ახლა კი პატრონთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფიც გაწყდა – რომანოზი უკანმოუხედავად და სამუდამოდ წავიდა. მარტოობის გრძნობა პირდაპირ გულზე შემოაწვა ტკივილად. თვალები დახუჭა და ცისკენ აიშვირა დინგი, მაგრამ მიხვდა, რომ ამჯერად ყმუილიც ვერ მოგვრიდა შვებას, როგორც იქ, აგარაკის ნესტიან სარდაფში, სადაც მზის სხივიც ვერ აღწევდა.

რამდენიმე ხანი უძრავად იდგა, მერე, თვითონაც არ იცოდა რატომ, იმ ადგილისკენ დაიძრა, სადაც წეღან რომანოზის მანქანა იდგა.

ძუნძულით გადაკვეთა გამონთავისუფლებული სავტომობილო გზის ნახევარი და გამყოფ უწყვეტ ზოლთან შედგა, ისევ გაირინდა – ვერ გადაეწყვიტა, გზა გაეგრძელებინა, თუ უკან მიბრუნებულიყო.

ის-ის იყო თავი ისევ ცისკენ აიშვირა, რომ უცებ მის უკან გამვლელმა მანქანამ ძალზე ხმამაღლა დააპიპინა. შეეშინდა, უნებურად წინ გახტა და სწორედ ამ დროს აღმოჩნდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მეორე მანქანის ბორბალქვეშ.

მანქანის წინა და უკანა საბურავმა ერთმანეთის მიყოლებით ზედ წელზე გადაუარა და ნაწლავებიც გადმოაყრევინა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12