– გადამრევთ მე თქვენ! – კბილებიდან გამოსცრა ბელადმა კოჩიამ და რადგან სხვა საქმე არაფერი ჰქონდა, ისევ რაჟიკო-თევზისთვალის ქოხისკენ გაემართა. იქ მისული კი კვლავ მსხლის ქვეშ დადგა, რადგან ეს ხე ძალიან მოწონდა.

მასთან ცეცხლთუხუცესი კორსანტელი მივიდა.

– კი მეთანაღრებოდა გული, ბელადო კოჩია, რომ გერონტი-ბბბლლლლუუუს სამი დღით თავის ქოხში ცეცხლის დანთება ავუკრძალე, მაგრამ, კერიის გამოქრობა არავის ეპატიება. ხომ ასეა?! – მიმართა ცეცხლთუხუცესმა კორსანტელმა ბელად კოჩიას.

– ასეა! – დაუდასტურა ბელადმა კოჩიამ და აღმოაჩინა, რომ თიხის ყალიონი ჩამქრალიყო. – ხვალ ბუდუს დაბადების დღეა, მაგრამ, მისი სულის საამებლად ტახზე სანადიროდ ვერ წავალთ – ვაჟიკო-თევზითვალის დაკრძალვაა!

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ! – მიმართა ცეცხლთუხუცესმა კორსანტელმა.

რაჟიკო-თევზისთვალის ქოხის წინ მისი, სხეულს ახალგაცლილი სულის საამებლად ბავშვების ნაწილი უკვე იმ არამჭრელი ნივთებით თამაშობდა, რომელსაც გარდაცვლილი ყველაზე ხშირად იყენებდა – სხვები კი რიგში იდგნენ.

ბალახიც შემშრალიყო და ხეთა ფოთლებიც.

ბელად კოჩიას პრაქტიკაში ასეთი რამ, რომ სამივე ცოლს ერთად შეყროდათ დროებითი უძლურება, ჯერ არ მომხდარიყო.

ბელად კოჩიას აზრით, მსგავსი შემთხვევა, ალბათ, არც სხვა ტომების ბელადების პრაქტიკაში იქნებოდა. თუმცა, საკუთარ დასკვნაში ეჭვი შეეპარა და ისე მოუნდა სიმართლე ცოდნოდა, რომ მეტი არ შეიძლება.

– გადამრევთ მე თქვენ! – უნებურად წამოსცა მას.

– რა მოხდა, ბელადო?! – ჰკითხა შეშფოთებულმა ცეცხლთუხუცესმა კორსანტელმა.

– რა და რატომ ქრება ეს დედააფეთქებული ყალიონი ასე წამდაუწუმ?! – თქვა ბელადმა კოჩიამ და ცეცხლთუხუცესს ისე შუებღვირა, თითქოს ყველაფერი მისი ბრალი ყოფილიყო.

– მგონი ატმოსფერული წნევაა დღეს ნორმაზე გაცილებით მაღალი ან ისიც არ არის გამორიცხული, რომ თვითონ თუთუნის ბრალი იყოს! – მიუგო ცეცხლთუხუცემსა კორსანტელმა.

ბელადმა კოჩიამ კი ცაში ისე აიხედა, თითქოს იქ ატმოსფერული წნევის თვალნათლივ დანახვა შეიძლებოდა – თუთუნი ხომ მას, როგორც ბელადს, ყოველთვის საუკეთესო ჰქონდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12