ეს სამანტა

 

– უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოგიტყდეთ, ბატონო გამომძიებელო, რომ ეს ის „სამანტა“ არ არის, რომელიც უნდა იყოს! – თქვა შაქრომ.

– რას ქვია ის არ არის რომელიც უნდა იყოს?! – იკითხა გამომძიებელმა შალვამ და შაქროს ეჭვის თვალით შეხედა.

– ჰო, ის არ არის! – თქვა ისევ შაქრომ. – ის, ანუ ნამდვილი, მე მოვკალი. შემთხვევით გადავუარე ხაზეინის მანქანით ამ ნახევარი წლის წინ ხაზეინის სახლის ჭიშკართან. მერე ჩავაგდე საბარგულში, გავვარდი და სხვა ვიყიდე. გამიმართლა – ტყუპისცალივით რომ გავდა ისეთი ვიპოვე… ქალბატონი მაკა კიდევ გაკვირვებას იყო, რამ შეცვალა ეს ჩემი ლეკვი ასე ძალიან ხასიათში, ან ტუალეტში რატომ არ გადის მოსასაქმებლად, როგორც ვასწავლე, ან თმების დავარცხნა რატომ არ სიამოვნებს უწინდებურადო… ძალიან კი მქეჯნიდა სინდისი, მაგრამ სიმართლის სათქმელად გამბედაობა არ მეყო… ის, ანუ ნამდვილი, უფრო ჭკვიანი იყო, თანაც ცაცია.

– ცაცია?! – ამჯერადაც გაოცდა გამომძიებელი შალვა. – საიდან იცით, რომ ცაცია იყო?

– საიდან და, თათის აწევა ვასწავლე მისალმების ნიშნად. მარჯვენის აწევას ვასწავლიდი და მარცხენა დაიჩემა. არადა, ქალბატონმა მაკამ, პეკინესები ამაყები არიან და წვრთნას არ ექვემდებარებიანო. ყველა ძაღლი და ადამიანი იწვრთნება, ოღონდ უნდა იცოდე, როგორ მიუდგე!

– მართალია! – თითქოს თავისთვის შენიშნა გამომძიებელმა შალვამ.

– ნუ გეშინია, არ მოკვდებიო, ექიმმა, მაგრამ სიცოცხლე თუ მინდოდეს, მე მოვკვდე, ბატონო გამომძიებელო. აი, თუნდაც ეს მოტეხილი ლავიწის ძვალი ჯოჯოხეთი ყოფილა პირდაპირ. მიჭირს ლაპარაკი ფიზიკურადაც და სულიერადაც, მაგრამ, რაკი შეწუხდით და ჩემს დარეკილზე მობრძანდით, ამ ერთი კვირის წინ რომ მოგიყევით ყველაფერ იმას ახლა უფრო დალაგებულად გიამბობთ, თუ შეიძლება? – ითხოვა შაქრომ.

– როგორ არ შეიძლება. ის კი არადა, საჭიროც კია, კაცმა რომ თქვას! – შენიშნა გამომძიებელმა შალვამ, მოწევა მოუნდა, მაგრამ აქ, საავადმყოფოს პალატაში ხომ არ გააბოლებდა?!

– დავაშავე ძალიან ის პირველი, ანუ ნამდვილი სამანტა მიწას რომ არ მივაბარე. იქნებ არც დაიჯეროთ და, სიზმრებში მეცხადებოდა ხოლმე, ეს, გარეთ გადმოყრილი ნაწლავები მაინც ჩამტენე უკან, მუცელშიო, მეხვეწებოდა… ვჩქარობდი და სანაგვე ბუნკერში ჩავაგდე საწყალი… იმას ძალიან ვუყვარდი, ეს კიდევ ცეტია. ამასაც „ცაცია პრინცესას“ ეძახდა ქალბატონი მაკა – არ ვიცოდი, თუ ცაცია ძაღლი შეიძლება მემარჯვენე გახდეს დროთა განმავლობაშიო, ეუბნებოდა ყველას… შოფერი კაცი იყო მამაჩემიც, სატვირთოზე მუშაობდა, წელებზე ფეხებს იდგამდა მე რომ მესწავლა. ინჟინერი ვარ, მაგრამ… რომ აირია ქვეყანა და სამსახური დავკარგე, ტაქსისტობა დავიწყე!

– რას იზამ! – გაზეპირებულივით წარმოთქვა გამომძიებელმა შალვამ.

– ჰოდა, დამიქნია ერთხელ ხელი ჩემი მომავალი ხაზეინის პირადმა მძღოლმა, ანუ ჩემმა წინამორბედმა. გავაჩერე და ჩემი მომავალი ხაზეინი ჩამიჯდა. თურმე იმას, ანუ ჩემს წინამორბედს პატარა ავარია გაეჩალიჩებინა… მე ჩემი გამჭირვებოდა, გახეთქვაზე მქონდა შარდის ბუშტი, საზოგადოებრივი ტუალეტისკენ მიმეჩქარებოდა… რატომ გავუჩერე თვითონაც არ ვიცი. ბედი იყო, ალბათ… გითხარით ეს ყველაფერი მაშინ?

– კი, ოღონდ არეულად! – მიუგო გამომძიებელმა შალვამ.

– სულ უფრო და უფრო უარესად მაწუხებდა შარდის ბუშტი. დავაწექი გაზს, რაც შეიძლებოდა მალე მინდოდა მიმეყვანა კლიენტი დანიშნულების ადგილზე და ამ სიჩქარეში კამერების წინ, შუქნიშანთან ჯარიმაც გავიჩალიჩე. მივაღწიეთ როგორც იქნა რესტორანს, სადაც ჩემს მომავალ ხაზეინს ბიზნესპარტნიორები ელოდებოდნენ. გადავიდა მანქანიდან და გადავედი მეც. წავიდა და მივყევი უკან. შევედით რესტორანში. შენ სადღა მოდიხარო, გადაირია კაცი. ტუალეტში, ჩემო ბატონო-მეთქი. გაეცინა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმეო და მხარზე დამკრა ხელი – აგერ შენ ოცი ლარი დამატებით იმ ჯარიმის გადასახდელად, ახლახანს რომ გაიჩალიჩეო. დაკვირვებული კაცია… გავედი ტუალეტში და რომ დავბრუნდი, ისევ იქ დამხვდა, სადაც დავტოვე. შაქრო არა ხარ შენო, მკითხა. მაგის უფროსი დაიკო და მე თანაკურსელები ვიყავით. ანგელოზივით გოგო იყო, მთელი ინსტიტუტის ბიჭები მაგაზე იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ, ბოლო კურსზე მოკვდა სისხლის გათეთრებით… ხაზეინმა კიდევ, როგორა ხარ, რას შვრებიო – არადა, მე ვერც ვიცანი. როგორ ვიქნები, ინჟინერი კაცი ვტაქსაობ-მეთქი… ორი დღის მერე დამირეკა. ძველი შოფერი უპასუხისმგებლო კაცი იყო, გავაგდე და შენ იმუშავე მაგის მაგივრად, კარგად ატარებო… რომ იცოდეთ, ბატონო გამომძიებელო, როგორ მინდა ახლა მოწევა, მაგრამ არ შეიძლება!

– თუ არ შეიძლება, უნდა მოითმინოთ! – დაუყვავა გამომძიებელმა შალვამ შაქროს.

– მოკლედ, იმ ღამეს ნაზიკო მესიზმრა!

– ნაზიკო? – გაიკვირვა გამომძიებელმა შალვამ.

– ჩემი ხაზეინის და, სისხლის გათეთრებით რომ მოკვდა–მეთქი!

– ახ… ხო… გასაგებია! – თანაბარი პაუზებით წამოისროლა გამომძიებელმა შალვამ.

– მიღიმოდა სიზმარში ნაზიკო… სიმართლე გითხრათ, არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი… არადა, მანამდე არასოდეს დამსიზმრებია. ვიმუშავებ პირად მძღოლად-მეთქი, გადავწყვიტე დილით. უფრო სწორად, მოვსინჯავ, თუ მომეწონა – კარგი, თუ არადა, წამოვალ-მეთქი. მანქანა სულ წესრიგში მყავდა. ცოტა რამე და ხელოსანს ვამოწმებინებდი. ხაზეინი იმაზე მეტს მიხდიდა, ვიდრე ტაქსაობით ვშოულობდი და კარგადაც მექცეოდა, სიგარებსაც მჩუქნიდა. ჩემი ბიჭიც აიყვანა პირად დაცვაში… ცოლი არ მოყავს და დამაწყვიტა ნერვები… მაგის ხნისებს, ზოგიერთს, შვილიშვილებიც კი ყავთ უკვე!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12