– ცეცხლთუხუცესი კორსანტელი ჩემი პირით გაცნობებთ, ბელადო კოჩია, რომ გერონტი-ბბბლლლუუუს სამი კვირით აუკრძალა თავის ქოხში ცეცხლის დანთებაც და ჭრაქისა და კვარის ანთებაც, იმის გამო, რომ, თურმე, გუშინ, მორიგე მწყემსი რომ იყო და ტომის ნახირს უდგა, დილით თავისი ქოხის კერიაზე მუგუზალის ნაცარში გახვევა დავიწყნოდა და საღამოს ბონდო-ყურებასგან უთხოვია ნაღვერდალი! – ამცნო ძუკუმ ბელად კოჩიას. -ცეცხლთუხუცესი კორსანტელი თქვენს საბოლოო განაჩენს ელოდება!

ბელადი კოჩია დაფიქრდა.

– გამაგიჟებთ მე თქვენ! – ჩაილაპარაკა თავისთვის.

ამ დროს ქოხიდან ციალა გამოვიდა და ძუკუს თავის დაკვრით მიესალმა.

– ვადასტურებ ცეცხლთუხუცესი კორსანტელის განაჩენს! – ბრძანა ბელადმა კოჩიამ. – მართალია, გერონტი-ბბბლლლუუუს ბოლო დროს ნანინატრი ვაჟის სიკვდილის გამო სიცოცხლის ხალისი ნაწილობრივ დაკარგული აქვს, მაგრამ წესი – წესია და გამონაკლისს ვერ დავუშვებ?!.. სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ მე – ბელადი კოჩია!

– სწორედ მასე თქვა ცეცხლთუხუცესმა კორსანტელმაც! – მაშინვე მიაგება ძუკუ ძუკუს-ძემ.

– ჩემს პრინციპულობაზე? – დაინტერესდა ბელადი კოჩია.

– არა, იმისიც მესმის, რომ გერონტი-ბბბლლლუუუს სიცოცხლის ხალისი რომ აქვს დაკარგული, მაგრამ ბელადი კოჩია არ მომცემს გამონაკლისის დაშვების უფლებასო!

– ესე იგი, მაინც ჩემ პრინციპულობაზეა ლაპარაკი! – დაასკვნა ბელადმა კოჩიამ.

– ეგრეა! – დაფიქრების შემდეგ დაუდასტურა ამაში არც თუ ბოლომდე დარწმუნებულმა ძუკუმ ძუკუს-ძემაც.

– შეგიძლია წახვიდე! – მიუგდო მას ბელადმა კოჩიამ.

– ჭეშმარიტად, რომ დიდი ბელადი ხარ! – მიმართა ძუკუ ძუკუს-ძემ ბელად კოჩიას და წავიდა.

– საწყალი რაჟიკო-თევზისთვალი, როგორ დაგვწყვიტა ყველას გული! – თითქოს ფიქრი გაამხილაო, ისეთი ტონით ჩაიბუტბუტა ისევ ბელადმა კოჩიამ.

– აბა, აბა! – შორიდან დაუდასტურა ციალამ.

– მაგულისთან კი არა, მაყვალასთან მივდივარ! – ამცნო მას ბელადმა კოჩიამ. – ხოდა, ჩემი და მაყვალას შვილები თუ დაბრუნდნენ მოულოდნელად და ქოხში დააპირეს შესვლა, უკვე იცი რაც უნდა ქნა!

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ! – მისწვდა თავისი და უფროსი ცოლის ქოხისკენ მიმავალ ბელად კოჩიას ყურებს უმცროსი ცოლის სიტყვები.

შევიდა თუ არა მაყვალასთვის მიჩენილ ქოხში, ბელადმა კოჩიამ დიასახლისს თვალი ჩაუპაჭუნა.

მაყვალამ, რომელიც ისევ ტყავის დამუშავებაში იყო, მორცხვად გაიღიმა.

– დღეს ვერა, საყვარელო, – მიმართა მან თავის გამორჩეულ ქმარს. – ვერც დღეს და ვერც რამდენიმე დღე კიდევ!

ბელადმა კოჩიამ მაყვალას გამომცდელად შეხედა, ხომ არ მეხუმრებაო.

– რატომ გაგიკვირდა, საყვარელო, ისედაც დაიგვიანა მოსვლამ და ისიც კი მეგონა, რომ ორსულად ვიყავი! – თავი იმართლა მაყვალამ. – ციალამ რაო?

პასუხის ნაცვლად ბელადმა კოჩიამ მიწაზე დააფურთხა და შემდეგ იმ ადგილს ფეხი ჩასცხო.

– გამაგიჟებთ მე თქვენ! – ამოთქვა მან.

მაყვალამ ისეთი შეწუხებული სახე მიიღო, თითქოს ისიც მისი ბრალი იყო, რომ ბელად კოჩიას იმ დილით უმცროს ცოლთანაც მოეცარა ხელი.

– ხომ არ გასაუზმო? – შესთავაზა მაყვალამ.

– ვისაუზმე უკვე მაგულისთან! – მიუგო ბელადმა კოჩიამ.

– აკოცე არა შუბლზე რაჟიკო-თევზისთვალს? – ჰკითხა მაყვალამ.

ბელადმა კოჩიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, მანამდე კი ამოიოხრა.

– ნამდვილად რომ ღირსი იყო! – შენიშნა მაყვალამ. – მაგულისთან მიდი. თუ იმას უკვე მიეფერე წუხელ?

ბელადმა კოჩიამ უფროსი ცოლი პასუხის ღირსად არ ჩათვალა.

– მერე, ყველაფერს რომ მორჩებით, მაგულის უთხარი გადმოვიდეს, იმანაც წამიკრას ცოტა ხელი, შენ უფრო დაგიჯერებს! – სთხოვა მაყვალამ ქმარს. – კიდევ უფრო გაზარმაცდა რაღაც ამ ბოლო დროს!

ბელად კოჩიას არც ამჯერად გაუხდია უფროსი ცოლი პასუხის ღირსად, მაგრამ ეტყობოდა, რომ მის დანაბარებს მაინც გადასცემდა შუათანა ცოლს.

– ციალა რა იქნა? – იკითხა მაყვალამ.

– მოვა ისიც ცოტა ხანში! – ბრძანა ბელადმა კოჩიამ.

– ღამე ჩვენმა შუათანა ბიჭმა გამოიღვიძა და მამა მინდაო, იტირა, – თქვა მაყვალამ. – ძლივს დავაძინე, შემოევლოს დედა!

– მოგეყვანა მერე, შე ქალო! – უსაყვედურა ბელადმა კოჩიამ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12