– კაი, ხო, მჯერა! – გაიღიმა ნასიამოვნებმა გამომძიებელმა შალვამ.

– არ მიყვარს, როცა ამბობენ, ეს დამესიზმრა, ის დამესიზმრა და ამიხდაო, მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ მართლა დამესიზმრე! – დიდის ამბით წარმოთქვა რომანოზმა.

– მართლა? – ისევ ნასიამოვნებმა გაიღიმა გამომძიებელმა შალვამ.

– გეფიცები! – თქვა რომანოზმა. – რაო, რა გითხრა მაინც ზახარიჩმა?

– ზახარიჩი ვინ არის? – იკითხა გამომძიებელმა შალვამ.

– მამაჩემი! – თქვა რომანოზმა. – შოკშია ხომ ტიპი?

– ჰო, ეგრეა! – დაუდასტურა გამომძიებელმა შალვამ. – იცი, რა მინდა გკითხო?.. დადიოდა არა სამანტაზე ჭორები, პატრონების საძინებლის კარს ფხაჭნის და ვერ ისვენებსო?

– კი, დადიოდა! – დაუდასტურა რომანოზმა. – მანქანაში მიზის ეგ წაკლა!

– ვინ წაკლა?! – გაიკვირვა გამომძიებელმა შალვამ.

– ძაღლზე ვამბობ!.. ავარიის დღიდანვე აგარაკზე, სარდაფში მყავდა დამწყვდეული და საჭმელი დამქონდა ყოველდღე. დღეს კიდევ ხაზეინმა, მოაშორე საერთოდ, მიაბრიდე სადმეო. მაგრამ, ძაღლს ვერ ვესვრი, ძმაო. კაცს – კი ბატონო, ძაღლს – ვერა. ჰოდა, ჩავისვი მანქანაში და არ ვიცი რა ვუყო!

– მართლა?

– ჰო! – წარმოთქვა რომანოზმა. – ღმერთო, მაპატიე და, ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე, საფლავზე ხომ არ ავიყვანო-მეთქი?!

– რა საფლავზე?! – იკითხა გამომძიებელმა შალვამ.

– რა ვიცი, ამასწინათ წავიკითხე ინტერნეტში ერთ ძაღლზე, პატრონის საფლავს რომ დარაჯობდა სამი წელი და მერე იქვე აღესრულა. წავიყვან და უდარაჯოს-მეთქი!

– კარგი ერთი!

– აბა რა ჯანდაბა ვუყო?!

– რა ვიცი!

– გავიყვან ქალაქიდან და უახლოესი სოფელში ჩამოვსვამ. შეიკედლებს რომელიმე გლეხი… თუმცა, გლეხებმა პეკინესის ფასი რა იციან… იცი რა, საღამოს უნდა ჩავსხდეთ მე და შენ აუცილებლად. გავიხსენოთ ძველი ამბები, დაღუპული ბიჭებიც მოვიგონოთ. რას იტყვი?

– ჩავსხდეთ.

– გახსოვს ჩვენი მეთაური?.. თუ გინდა მზვერავები გახდეთ, სიგარეტს თავი უნდა დაანებოთო, გვითხრა, ცხონებულმა. ჰოდა, ჩვენც, ისე ძალიან გვინდოდა მზვერავობა, იმავე დღეს მივატოვეთ მოწევა, მაგრამ ის მეთაური კი დაიღუპა მალევე. ესეც ხომ გახსოვს?

– როგორ არ მახსოვს!

– ჰოდა, საღამოს უნდა ჩავსხდეთ აუცილებლად. ტელეფონის ნომრები გავცვალოთ!

– გავცვალოთ.

– ჯიგარი ხარ! – თქვა რომანოზმა და უცებ ღიმილი შეაშრა სახეზე: – მოიცა, თუ კაცი ხარ!.. რატომ იკითხე სამანტაზე და ჭორებზე?!

გამომძიებელი შალვა შეყოყმანდა.

– ძაღლმა ყეფა კი არ დაიწყო, იყმუვლაო, მამაშენმა!

– რაო?

– ქალბატონ ვერას ტკივილისგან კი არ წამოუყვირია, წამოუკვნესია და… თუ სიმართლე გინდა, ძაღლმაც ყმუილში გადაზრდილი წკმუტუნი მორთოო და კიდევ სავარძლის საზურგეს ფხაჭნიდა თურმე, თითქოს კარები იყოო!

– უყურე შენ! – წარმოთქვა რომანოზმა. – ეგ უბრალო ჭორი მეგონა და, გამოდის, რომ მართლა ყმუოდა და ფხაჭნიდა კარებს იქ, ხაზეინის სახლში, როცა ის და ქალბატონი მაკა ბიჭის შექმნას ცდილობდნენ?!

– მამაშენმა, მართლა ეგრე კი არ იყო, უბრალოდ ჭორაობდნენ, მაგრამ ამის შესახებ, თურმე, ქალბატონ მაკასაც სცოდნიაო! – თქვა გამომძიებელმა შალვამ. – ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ძაღლის ყმუილი და სავარძლის საზურგის ბრჭყალებით ფხაჭნაა… მოახლის კვნესაზე მოახდინა ამგვარად რეაგირება!

– მე რატომ არ გამიმხილა მაინც ყველაფერი ეს ზახარიჩმა?!.. ან მე თვითონ რატომ ვერ მივხვდი, რომ სულ სხვა რაღაცაში იყო საქმე?! – იწყინა რომანოზს.

გამომძიებელმა შალვამ მხრები აიჩეჩა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.

– მეც მომეცი, ერთი ღერი, თორემ ჩემი მანქანაში დამრჩა! – თქვა რომანოზმა. – პირდაპირ მანქანაში არ მომისაქმოს იმ წაკლამ, თორემ მაშინ მართლა მივაბრიდავ!.. გასკდა ტირილით ზახარიჩი, არა?

– იტირა! – დაუდასტურა გამომძიებელმა შალვამ. – ოღონდ, მე რომ ვთხოვე – გაჩერდა!

 

***

რომანოზს მანქანა ერთს, შედარებით წყნარსა და მშვიდ ქუჩაზე, სავალი ნაწილის განაპირას გაეჩერებინა, თვითონ ტელეფონი მოემარჯვებინა და სადღაც რეკავდა. მის გვერდით, სავარძელში მოწყენილი პეკინესი მოკალათებულიყო. უფრო სწორად, სავარძელზე წამოსკუპებულიყო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12