– რა ვიცი, არ გაგაღვიძე, გულმა მიგრძნო რომ ტკბილად გეძინა! – თავი იმართლა მაყვალამ. – ციალა მეხვეწება უმცროს გოგოზე, ღამით ჩემთან დავაწვენ ხოლმეო. გავაყოლო?

– გააყოლე, რა უჭირს! – მიუგო ბელადმა კოჩიამ.

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ და დიდი სიამოვნების მიღებასაც გისურვებ ახლაც და ყოველთვის! – დალოცა ის მაყვალამ.

ბელადმა კოჩიამ ხელი ჩაიქნია და ქოხიდან გამოვიდა.

ციალა ისევ მოედანზე იდგა და ბელად კოჩიას ასეთი უეცარი დაბრუნება გაუკვირდა.

– ასე მალე მორჩით?! – იკითხა მან.

– არ იცოდი, რომ მაყვალაც შენს დღეში იყო თუ დაგავიწყდა და იმიტომ არ მითხარი?! – შეუღრინა მას ბელადმა კოჩიამ.

– არ ვიცოდი!

– გადამრევთ და ეგ არის, კიდევ კარგად ვარ თქვენ ხელში! – ბრძანა ბელადმა კოჩიამ, ქამარზე ჩამოკიდებული ხარის ბუშტისგან დამზადებული ქისიდან თუთუნი ამოიღო და ყალიონში ჩატენა.

პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად ციალამ თავისი კერიიდან ნაკვერცხალი მოურბენინა.

– დავრჩე კიდევ, თუ თავისუფალი ვარ? – იკითხა ციალამ, როცა ბელადმა კოჩიამ ყალიონი გააჩაღა და პირველი ნაფაზიც გემრიელად დაარტყა.

– გეჩქარება სადმე?! – შეუბღვირა ბელადმა კოჩიამ.

– სანამ მაყვალასთან იყავი შენმა რძალმა შემოირბინა! – ამცნო ციალამ. ბელადი კოჩიას აწ უკვე გარდაცვლილი ძმის, ბუდუს ქვრივი იგულისხმა.

– რა მინდაო? – იკითხა ბელადმა კოჩიამ.

– გადმოდი ჩემთანო – ბუდუს საყვარელი ნაწნავის გაკეთება უნდა. ხვალ ხომ მისი დაბადების დღეა – აცხონოს ღმერთმა.

ბელადი კოჩია შეცბა: ეტყობოდა, რომ ძმის დაბადების დღე გადავიწყნოდა.

– კარგი კაცი იყო ბუდუ, კარგი ვაჟკაცი, ტომის ნამდვილი პატრიოტი! – თქვა ციალამ. – დიდ პატივს მცემდა, როცა ახალი რძალი ვიყავი!

– ყველანი სიკვდილის შვილები ვართ! – ამოიოხრა ბელადმა კოჩიამ. – ახლა უკვე მართლა მაგულისთან მივდივარ და ჩემი და მაგულის ბავშვები თუ დაბრუნდნენ მოულოდნელად, იცი რაც უნდა ქნა!

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ და დიდი სიამოვნების მიღებასაც გისურვებ კიდევ ერთხელ! – ისევ დალოცა ციალამ.

ბელად კოჩიას შუათანა ცოლი, მაგული, ერთი ფაშფაშა ქალი იყო, ცოტათი ზარმაცი. სამაგიეროდ ბელად კოჩიას ორი ზორბა ბიჭი გაუჩინა, რისთვისაც ტომის დაუღალავი ხელმძღვანელი მისი მეტად მადლიერი გახლდათ. მაგულის დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ მთელს ტომში გამორჩეული მაწვნის შეყენება ეხერხებოდა.

როგორც კი ბელადი კოჩია მაგულისთვის მიჩენილ ქოხში შევიდა და თვალი ჩაუპაჭუნა, იმან დამნაშავესავით გაიღიმა.

– ვერა, საყვარელო, ვერც დღეს და ვერც რამდენიმე დღე. წუხელ დამეწყო, მაგრამ, რაკი არ მოგნდომებივარ არაფერი მითქვამს. კი მიგრძნობდა გული, რომ უცებ წამოგივლიდა და მისაყვედურებდი, რატომ არ გამაფრთხილეო, მაგრამ…

ბელადმა კოჩიამ მას ხელის აწევით გააწყვეტინა სიტყვა. უნდოდა მიწაზე დაეფურთხებინა და იმ ადგილისთვის ფეხიც დაეკრა, მაგრამ უკვე დაეზარა.

– მაყვალასთან მაინც გადადი და მიეხმარე! – ესროლა შუათანა ცოლს.

– ციალა ხომ ეხმარება. სამი ქალი რაღათ უნდა ერთი ტყავის დამუშავებას, ხელსაც კი შევუშლით ერთმანეთს! – თქვა მაგულიმ.

– რაც გითხარი ის გააკეთე! – შეუღრინა ბელადმა კოჩიამ.

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ! – უთხრა მაგულიმ, ბელად კოჩიას წინამორბედის უფროსმა ქალიშვილმა, ვისაც ბელადი კოჩია იმაზე უფრო უყვარდა, ვიდრე თავად ბელად კოჩიას ის.

 ბელადი კოჩია შეტრიალდა და ქოხიდან გავიდა.

– მიდი, საქმეს მიხედეთ! – მიუგდო მან ციალას.

– მორჩით უკვე ასე მალე?! – ამჯერადაც გაოცდა ის.

ბელადმა კოჩიამ პასუხად ხელი ჩაიქნია.

– ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ! – წარმოთქვა ციალამ, მორჩილად შეტრიალდა და მაყვალას ქოხისკენ გაემართა.

– აბა ნაწნავიო?! – დაადევნა ბელადმა კოჩიამ.

– ჰო, მაგრამ, ხომ უნდა გავაფრთხილო მაყვალა, რომ ცოტა ხანს არ მეცლება? – შეახსენა ციალამ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12