ბელადი კოჩია და მისი სამი ცოლი

 

წინა დღესაც წვიმდა და ღამითაც, ახლა კი მზე ამოსულიყო. სველი ბალახი და ხეთა ფოთლები საზეიმოდ ბრწყინავდა.

ბელადი კოჩია რაჟიკო-თევზისთვალის ქოხში შევიდა, მის ცხედარს შუბლზე ეამბორა, რითაც ის ტომის გამორჩეულ მიცვალებულთა დასში ჩარიცხა და ქოხიდან ღირსეული ნაბიჯებით გამოვიდა, თანატომელთა მოწიწებული მზერით მოცული ხეჭეჭურის მსხლის დიდი ხის ქვეშ დადგა, თავისი თიხის ყალიონი გააწყო და ვიღაცის მიწოდებული ნაკვერცხლით მოუკიდა.

რაჟიკო-თევზისთვალს სული უფლისთვის ნაშუაღამევს მიებარებინა წვიმის ხმაურსა და სრულ სიმარტოვეში. როგორც წესი და რიგი მოითხოვდა ახლა იქ მთელი ტომის ბავშვები ირეოდნენ – ისინი უფროსების ნაამბობს ისმენდნენ გარდაცვლილზე, რათა ეს უკანასკნელი სიკვდილამდე ხსომებოდათ. მათ შორის იყვნენ ბელადი კოჩიას შვილებიც როგორც უფროსი ცოლისგან, ისე შუათანასგანაც.

რაც შეეხება, თვითონ რაჟიკო-თევზისთვალს, შუახნის მამაკაცი იყო. თავის დროზე, ანუ, ტომის ძველი ბელადის სიკვდილის შემდეგ ლამის ის აირჩიეს შემცვლელად – კოჩიამ ორიოდ ხმით თუ აჯობა. რაჟიკო-თევზისთვალს, რა თქმა უნდა, გული დაწყდა, მაგრამ, კოჩიას მაინც მიულოცა ბელადობა და სამი ქოხის ქონისა და სამი ცოლის ყოლის უფლების მოპოვებაც. მიცვალებული სიცოცხლეში ორჯერ დაეკბინა გარეულ ძაღლს, ერთხელ კიდევ აფთარს კბილი გაეკრა მარჯვენა ბაყვზე. აფთართან შეტაკების დროს ნერვული დაძაბულობის ფონზე ცალი თვალი სამუდამოდ გაშეშებოდა და სწორედ ამიტომ შეარქვეს “თევზისთვალი”. მისი ცოლი ორი წლის წინ გარდაცვლილიყო (ისიც მასავით უეცარი სიკვდილით გადაბარგებლიყო იმქვეყნად). კარგი დიასახლისი გახლდათ და სტუმრის პატივისცემაც არ ეშლებოდა, ოღონდ ეგ იყო, რომ ხმაურიანი ქალი ბრძანდებოდა და ჭორაობა უყვარდა.

ბელადმა კოჩიამ კიდევ ერთხელ გახედა რაჟიკო-თევზისთვალის ქოხს.

– იყო კაცი და აღარ არის! – თქვა მან ყველას გასაგონად და ყალიონის წევა-წევით გაემართა თავისი ქოხებისკენ.

შუა გზაზე კი უცებ ქალი მოუნდა და გადაწყვიტა ციალასთან განმარტოებულიყო – ცოლებიდან ყველაზე უმცროსთან.

ციალა მაღალ ფეხებზე იდგა და ჯიშიანი თეძოები ჰქონდა, მაგრამ ბელად კოჩიას შვილს ვერ უჩენდა. ამის გამო ბელად კოჩიას ერთი ხანობა გადაწყვეტილი ჰქონდა ის რომელიმე თავისტომელი ქვრივი კაცისთვის ეფეშქაშა, თვითონ კი სანაცვლოდ სხვა ქალი შეერთო. ტომის ქვრივი კაცებიც სულ იმის მოლოდინში იყვნენ, რომ ტომის თავი დღე-დღეზე ციალას ქოხიდან გამოიყვანდა, პანჩურს ამოკრავდა და ეტყოდა, ოთხივ კუთხივ დამილოცნიხარო.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ უკანასკნელს უფლება ჰქონდა (ვალდებულიც იყო) ნებისმიერი ქვრივი მამაკაცის ქოხის კარს მისდგომოდა. ხოდა, ამქვეყნად ცხოვრების უღელს კენტად შერჩენილებიც ციალას თავს წინასწარ აწონებდნენ – ბელადის ნაცოლარის ყოლა ხომ დიდი პატივი იყო.

ბელადმა კოჩიამ კი სულ ბოლო მომენტში ციალასთვის პანჩურის ამოკვრა გადაიფიქრა. ჯერ ერთი, ის ბელად კოჩიას უფროს ცოლს, მაყვალასა და შუათანას, მაგულისაც ეხმარებოდა შვილების გაზრდაში და სხვა საოჯახო საქმეებშიც. გარდა ამისა თავსაც ირჩენდა – ისეთი რთული ნაწნავების დაწვნა იცოდა, რომ გათხოვების მოსურნე ქალიშვილები პირველ რიგში მასთან მიდიოდნენ და საჭმლითაც მოიკითხავდნენ ხოლმე. კარგად ნაკვები ციალა კი სულ უფრო და უფრო მშვენდებოდა. ის კი არადა, თითქოს სიმაღლეშიც იზრდებოდა.

ბელად კოჩიას ციალასთვის მიჩენილი ქოხი ცარიელი დახვდა. თურმე, უფროს ცოლთან, მაყვალასთან გადასულიყო და მათი საერთო ქმრის მიერ რამდენიმე დღის წინ დაკლული ბებერი ძროხის ტყავის კირით დამუშავებაში ეხმარებოდა.

ბელადმა კოჩიამ მაყვალას ქოხში შესვლისთანავე ციალას თვალი დემონსტრაციულად ჩაუპაჭუნა – ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მასთან განმარტოება ახლავე უნდოდა.

– ბარემ მოვრჩებით და მერე ქენი, შე კაცო! – რბილად უსაყვედურა მაყვალამ ქმარს.

ბელადმა კოჩიამ ახლა უკვე თვალი ბრაზიანად დააპაჭუნა და მაყვალამაც მაშინვე უკან დაიხია.

– ჭეშმარიტად რომ დიადი ბელადი ხარ! – მიმართა მან ქმარს.

– გამაგიჟებთ მე თქვენ! – ნიშნისმოგებით წარმოთქვა ბელადმა კოჩიამ.

ციალა და მაყვალა მეზობელი ტომიდან იყვნენ, მათი ქოხებიც ერთმანეთის გვერდით იდგა. მაყვალა ციალაზე თორმეტი წლით გახლდათ უფროსი და თავის დროზე ბევრჯერ დაურწევია კიდეც მისი აკვანი. ბელად კოჩიას, როცა ბელადად აირჩიეს, მაყვალა ახალშერთული ყავდა. იმას კი ქმრის მოულოდნელი აღზევება ისე გაუხარდა, რომ ბედნიერებისგან დაფრინავდა და ერთხელ შემთხვევით ხელიც დაიმდუღრა. ხელდამდუღრულმა კი თავისი ძველი მეზობლის, ციალას დედის დამზადებული მალამო მოინატრა. ბელადმა კოჩიამაც სურვილი შეუსრულა და მალამოს მოსატანად კაცი გააგზავნა. ამ უკანასკნელისთვის ციალას დაებარებინა, თუ ეცალოს, ბარემ სოფლის მკურნალის ქალიშვილიც გამოგყვეს, მომენატრა როგორღაც და რამდენიმე დღით ვისტუმრებო. ციალას კი, როცა მაყვალას დანაბარები გადასცეს, მაშინვე უგრძნო გულმა, რომ ბელადი კოჩიას მეორე ცოლი გახდებოდა. ასეც მოხდა – ახალგამომცხვარ ბელადს ახალდაქალებული ციალა ისე მოეწონა, რომ მთელი ერთი კვირა მისი იღლიების სუნით გაბრუებული დადიოდა და ლექსიც კი დაწერა შეყვარებულ აფთარზე, რომელსაც ტრფობა ისე მორეოდა, სულაც არ ანაღვლებდა, რომ მეორე აფთარმა ჩხუბის დროს ყური მოაჭამა. ბელადმა კოჩიამ ეს ლექსი ერთ წვიმიან დღეს ფანდურზე დაამღერა. მაყვალამ მაშინვე იყნოსა რაშიც იყო საქმე.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12