– შენ კი აგაცილე ყველა მეხი, აგარიდე ყველა ღვარცოფი და სეტყვის დროსაც მთელი ტანით რომ გადაგეფარე, ასე ძალიან მე არ გყვარებივარ, შე ოხერო! – უსაყვედურა მან ქმარს. – მაგრამ, რაც არის – არის, ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა. შეირთე ბარემ ეს გოგო და ფანდურზე ღრიალსაც შეეშვები. ოღონდ ჯერ მაგულის უნდა სთხოვო ხელი, შენი წინამორბედის უფროს ქალიშვილს, როგორც ამას წინაპართ დადგენილი წესი და რიგი მოითხოვს!

ბელადი კოჩიაც ასე მოიქცა – ადათი რომ არ დაერღვია, მეორე დღეს მაგულიზე იქორწინა, მესამეს კი – ციალაზე.

ბელადი კოჩია უფროსი ცოლის, მაყვალას ქოხიდან ზურგზე ხელებშემოწყობილი გამოვიდა, უმცროსი ცოლის, ციალას ქოხს მიადგა, შიგ შევიდა და წელზე ქამარი მოიბოშა.

ციალაც ორიოდ წუთში ეახლა.

– აბა ჰე, გამხადე და გაიხადე! – უბრძანა მას ბელადმა კოჩიამ.

– დღეს ვერა, საყვარელო! – მიუგო ციალამ ქმარს და თავი დამანაშავე ბავშვივით ჩაქინდრა. – ვერც ახლა და ვერც რამდენიმე დღე კიდევ!

ბელადმა კოჩიამ ცოლს გამომცდელად გადახედა, ხომ არ მეხუმრებაო.

– ადრე დამეწყო, რა ჩემი ბრალია?! – თავი იმართლა ციალამ.

ბელადმა კოჩიამ, იმის ნიშნად, რომ მეტად გაგულისებული იყო, მიწაზე დააფურთხა და შემდეგ იმ ადგილს ფეხი ჩასცხო.

– გადამრევთ მე თქვენ! – ბრძანა მან.

– ხომ არ გშია, გასაუზმებ თუ გინდა! – შესთავაზა ცოლმა.

– ვისაუზმე უკვე მაგულისთან! – მიუგო ბელადმა კოჩიამ.

– აკოცე არა რაჟიკო-თევზისთვალს შუბლზე? – ჰკითხა ციალამ.

ბელადმა კოჩიამ სანამ თავს დასტურის ნიშნად დააქნევდა, ერთი ამოიოხრა.

– შენთვის პანჩური რომ ამომეკრა, ალბათ, იმ ცხონებულს მიადგებოდი კარზე, არა? – იკითხა ბელადმა კოჩიამ.

– კი! – მცირე პაუზის შემდეგ დაუდასტურა ციალამ. – შენ საიდან იცი?

– მე ყველაფერს ვამჩევ და ვაანალიზებ, რომ იცოდეთ, თქვენ რომ გგონიათ ისე კი არ არის საქმე – ისიც კი ვიცი რა გესიზმრებათ ხოლმე! – ბრძანა ბელადმა კოჩიამ. – როგორ მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან საწყალი რაჟიკო-თევზისთვალი!

– ყველანი სიკვდილის შვილები ვართ! – ამოიოხრა ციალამაც. – ბარემ მაგულისთან მისულიყავი, იმას ხომ სულ უნდა და უნდა… თუ წუხელვე მიეფერე?

– არა, ახლა მივალ, – ბრძანა ბელადმა კოჩიამ. – შენ კიდევ გარეთ იყავი, ჩემი და მაგულის ბავშვები თუ დაბუნდნენ, შეიქციე როგორმე სანამ მოვრჩებოდეთ საქმეს, თავს რომ არ წამოგვადგნენ მოულოდნელად!

ციალამ მორჩილად დაუკრა თავი.

– კი მაგრამ, თუ არ შეგეძლო, ეს ამბავი მაყვალასთან ვერ მითხარი?! – კიდევ ერთხელ და უფრო საფუძვლიანად გაბრაზდა ბელადი კოჩია.

– რა ვიცი, აბა! – ისევ დაიმორცხვა ციალამ. – ჭეშმარიტად რომ დიდი ბელადი ხარ და დიდი სიამოვნების მიღებასაც გისურვებ!

– გადამრევთ მე თქვენ! – ჩაილაპარაკა ისევ ბელადმა კოჩიამ და ქოხიდან გავიდა.

გარეთ გამოსული ბელადი კოჩია თავისი სამი ცოლის ქოხებს შორის მოქცეულ პატარა მოედნის შუაში დადგა და ცას ახედა.

სველი ბალახი და ხეთა ფოთლები ისევ საზეიმოდ ბრწყინავდა.

ბელადმა კოჩიამ ჩამქრალი ყალიონი დაფერთხა და მერე დუდუკივით ჩაბერა გამოსაწმენდად.

– საწყალი რაჟიკო-თევზისთვალი! – ჩაილაპარაკა თავისთვის და უცებ გადაწყვიტა შუათანა ცოლი, მაგული კი არა, უფროსი, მაყვალა გაებედნიერებინა.

ამ დროს მასთან, თითქოს მიწიდან ამოიზარდაო, ტომის ცეცხლთუხუცესის თანაშემწე, ძუკუ ძუკუს-ძე გამოჩნდა და მორიდებით შეაჩერდა.

– რა იყო, ძუკუ ძუკუს-ძევ, საქმე გაქვს, რამე? – ჰკითხა მას ბელადმა კოჩიამ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12