– რას იზამ! – ამჯერად შედარებით გულწრფელად უთანაგრძნო გამომძიებელმა შალვამ შაქროს, წეღანდელზე უფრო მოუნდა მოწევა და ფანჯარაში გაიხედა. – ნუ ღელავთ, შეისვენეთ!

– თავის ქალა ახადეს საწყალს და ამოაჭრეს ის დაწყევნლილი სიმსივნური წარმონაქმნი. ქალბატონ ვერაზე ვამბობ, ქალბატონ მაკას მოახლეზე. ორი ქმარი ჩადო მიწაში, მაგრამ თვითონ კი იყო კაჟივით. ვერცხლისწყალივითაც… ვერცხლისწყალივით მოძრავი იყო ეს ვეშაპივით ქალი-მეთქი, იმის თქმა მინდოდა. დამჯდარს ვერ ნახავდი, დაწკრიალებული ჰქონდა ყველაფერი… დედაჩემს მაგონებსო, ამბობდა ქალბატონი მაკა და მის ფოტოებს ხშირად დებდა თავის ფეისბუკგვერდზე. ხუთიათას თავის ვირტუალურ მეგობარს გააცნო და ისინიც მოიკითხავდნენ ხოლმე შინაურულად. სულ ულაიქებდნენ. ზოგჯერ სამანტაზე მეტი მოწონება მაგას ჰქონდა… შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ, ბატონო გამომძიებელო!

– არა, იყოს! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– ქალბატონი მაკა ხომ დაეხმარა ქალბატონ ვერას ოპერაციის ფულით, მაგრამ მისმა ფეისბუკმეგობრებმაც ჩაურიცხეს საგანგებო ანგარიშზე მოზრდილი თანხა. ოპერაციის შემდეგ თითქოს მოკეთდა, აწი არაუშავსო, ამბობდნენ, მაგრამ ამ ერთი თვის წინ ისევ ცუდად გახდა. ექიმებმა ხელმეორე ოპერაციაზე უარი თქვეს, აზრი არა აქვს, გადატენილია თავის ტვინი მეტასტაზებითო. იმ დილით კიდევ ქალბატონმა მაკამ დამირეკა და მთხოვა, შუადღისთვის ქალბატონ ვერასთან გამიყვანე, უნდა ვინახულოო. ხაზეინი რომ უცხოეთში იყო იმ დროს, იცით ისედაც. წავედით, ვინახულეთ. ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, რომ მეტი არ შეიძლება… მერე მე გარეთ გავედი და ქალბატონს მანქანაში ველოდებოდი. ისიც მოვიდა. ქალბატონმა ვერამ მშობლების საფლავის მონახულება მოისურვა და უნდა წავიყვანოთო. რა პრობლემაა–მეთქი. ხაზეინის ოჯახის მომსახურებაში მიხდიდნენ ფულს და, ესეც რომ არა, წმინდა ადამიანური გრძნობებიდან გამომდინარე უარს როგორ ვეტყოდი?!.. მეგონა აქვე, ქალაქის რომელიმე სასაფლაოზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ, თურმე, სოფელში მივდიოდით. ორმოცი კილომეტრის გავლა ავტომაგისტრალით რა დიდი ამბავია. გადასახვევიდან კიდევ ათი წუთი მოვუნდით ადგილზე მისვლას. ხრეშიან გზაზე ნელა მიმყავდა მანქანა, რომ არ ეჯანჯღარა და ავადმყოფი არ შეწუხებულიყო. წინა სავარძელზე დავაბრძანეთ, სავარძელიც უკან მივწიეთ და საზურგეც გადავუკეცეთ ცოტათი, რომ უფრო კომფორტულად ყოფილიყო. ქალბატონი მაკა იქით გზაზე ჩემს უკან იჯდა სამანტასთან ერთად. სამანტას ქალბატონი ვერა ნანახიც არ ყავდა, მაგრამ მაინც ულოკა და ულოკა ხელები და სახესაც კარგად დაულოშნიდა, ქალბატონ მაკას რომ მიეშვა. გითხარით ეგ? – იკითხა შაქრომ.

– აულოკა სახეო, ეგრე თქვით! – შენიშნა გამომძიებელმა შალვამ.

– არა, სახე არა. ქალბატონმა მაკამ არ დაანება. ქალბატონმა ვერამ გადაიშვირა ხელი უკან მისაფერებლად და ის აულოკა სამანტამ – ისარგებლა მომენტით. მერე უცებ მესიჯი მომივიდა ტელეფონზე. გითხარით ეგეც?

– არა, მესიჯზე არაფერი გითქვამთ!

– ჰო, მესიჯი მოვიდა. თურმე ქალბატონი მაკა არ მწერს ჩემს ზურგს უკნიდან?!.. – შაქრომ შეისვენა, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.

– ქალბატონმა მაკამ მოგწერათ წერილი? – წესით კი უნდა გაოცებულიყო გამომძიებელი შალვა, მაგრამ სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია, რადგან პროფესიული ალღო კარნახობდა, რომ დიდად უცნაური არაფერი ხდებოდა.

– როგორ მივქარე რომ საფლავების მოსანახულებლად წამოვიყვანე ეს საწყალი ქალი, ხომ უნდა ინერვიულოს იქ, მეშინია ცუდად არ გაგვიხდეს და ხელებში არ ჩაგვაკვდესო, იწერებოდა ქალბატონი მაკა. აბა, ხმამაღლა ხომ არ იტყოდა, ქალბატონი ვერას გასაგონად?!.. არ წამიშლია ეგ მესიჯი, თუ გაინტერესებთ.

– არა, იყოს! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– სასაფლაოს ამბებს ხომ მოგიყევით მაშინ? – იკითხა ისევ შაქრომ.

– კი, მომიყევით. გამოტოვეთ თუ გინდათ! – შესთავაზა გამომძიებელმა შალვამ.

– გამოვტოვებ! – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა შაქრომ. – მერეც შეიძლება ამის მოყოლა… სასაფლაოდან გამოსვლისას შეყოყმანდა ქალბატონი ვერა. მერე გავიგე, მაგის პირველი ქმარიც რომ იქ განისვენებს თურმე. მისი საფლავის მონახულებაც უნდოდა ალბათ, მაგრამ ვერ გადაწყვიტა… მოკლედ, უკან გზაზე ქალბატონი მაკა დაჯდა საჭესთან – ქალბატონ ვერას გვერდით ვიქნებიო. სამანტა ჩემთან იყო, მე კიდევ ქალბატონ მაკას უკან ვიჯექი, რადგან ქალბატონ ვერას უკან ვერ დავეტეოდი – როგორც იქითობისას, აქეთაც მისი სავარძელი ისევ უკან იყო გაწეული… იმას კიდევ ემოციებმა, როგორც ქალბატონმა მაკამ იწინსაწარმეტყველა, არაქათი გამოაცალა. ისევ მომწერა ქალბატონმა მაკამ, ბარემ ახლავე ხომ არ გამოვუძახოთ სასწრაფოსო… არც ეს მითქვამს?

– მეგონა, რომ ეგეც პირდაპირ გკითხათ! – თქვა გამომძიებელმა შალვამ.

– არა, მომწერა. ეგეც არ წამიშლია. ტელეფონზე წერილის წერაა რომ არ მეხალისება დიდად, თორემ კითხვას არ ვიზარებ.. მომწერა და უკანა ხედის სარკიდან შემომხედა კითხვით აღსავსე თვალებით. მე კიდევ მზერით ვანიშნე, როგორც თქვენ გადაწყვეტთ–მეთქი. იმან, ალბათ, იფიქრა, ჯერ იყოს, მერე კი, თუ აუცილებლობამ მოიტანა, გამოვუძახებო. ან დასახლებულ პუნქტამდე მივალ და იქ გამოვუძახებო. ზუსტად ვერ გეტყვით… და, საერთოდ, რომ იცოდეთ, მოვიტყუე მაშინ… მოვიტყუე კი არა და, ბოლომდე არ გაგიმხილეთ სიმართლე, დაგიმალეთ ნაწილობრივ! – შაქრომ თვალები დახუჭა.

– რა სიმართლე დამიმალეთ? – გამომძიებელი შალვა ახლა უკვე გაფაციცდა, მაგრამ ხმაზე მაინც არაფერი დატყობია – ცდილობდა შაქრო არ დაეფრთხო.

– რომ გითხარით, ქალბატონმა ვერამ ტკივილისგან წამოიყვირა, ამაზე სამანტამ ჩემს კალთაში ყეფა მორთო და იმიტომ მოიხედა უკან ქალბატონმა მაკამ, რა დროსაც ტრასის საპირისპირო მიმართულების ნაწილზე აღმოვჩნდით მოულოდნელად და ჩვენკენ მომავალ თურქულ ავტობუსს შევუვარდით ქვეშ-მეთქი… ცარიელი კი იყო ის ავტობუსი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გასაკეთებელი მაინც გააკეთა და… – შაქრომ სიტყვა გაწყვიტა და ფანჯარაში გაიხედა.

გამომძიებელი შალვამაც გაიხედა ფანჯარაში.

– ტკივილისგან კი არ წამოიყვირა მაშინ ქალბატონმა ვერამ – წამოიკვნესა და სამანტამაც იყმუვლა… ქალბატონმა ვერამ რომ წამოიკვნესა, კი არ უყეფია – წკმუტუნი მორთო და ბოლოს იყმუვლა! – თქვა შაქრომ და ისევ დადუმდა.

– იყმუვლა?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12