დღემდე ვფიქრობ და ვერაფრით ამიხსნია,

იმ გაგანია უშუქობის პერიოდში,

როცა შუქი, თითო საათით, საღამოს მოდიოდა,

დღისით რატომ მოვიდა, ასე ვინ გადაწყვიტა…

 

შენი ძველი სახლის ძველ დერეფანში მოხდა მოკლე ჩართვა,

დაჩრჩილულ ფიცრებს ცეცხლი წამებში მოედო,

ყვიროდი, მაგრამ მშველელი არ ჩანდა არავინ,

მხოლოდ მინდვრიდან აშლილი შენი დობილები –

ფერადი პეპლები – უტრიალებდნენ ავარდნილ ცეცხლს,

და ფრთებდამწვარნი ცვიოდნენ ფიფქებივით.

 

შენც შეგეტრუსა წარმოსახვითი ფრთები,

ამიერიდან, აღარასოდეს ამოგივა,

შეგეტრუსა წარბები, თმა და წამწამები,

და ტანსაცმელზე ცეცხლმოკიდებული,

მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტი.

 

როგორ მინდა ვთქვა, რომ მოხდა სასწაული,

რომ შენს ლამაზ სახეს, და ლამაზ სხეულს არაფერი მოსვლია,

მაგრამ ასე არ იყო: გადარჩი, თუმცა – ნახევრად დამწვარი.

 

პელო მასწ! ღრუბლიდან ფეხდამცდარო ანგელოზო,

მას შემდეგ შენს ეზოში გაზაფხული არ მოსულა,

დობილებს კი არ ავიწყდებოდი:

სახლისგან დარჩენილ, გამურულ ქვის კედლებს

ყოველ წელიწადს სიწმინდესავით დარაჯობდნენ.

ძველებურად აღარ გიხაროდა მათი გამოჩენა,

რადგან თქვენს შორის ყველა მსგავსება წაიშალა,

და ახლა მხოლოდ სეხნიებიღა იყავით.

 

სკოლაში მუშაობას, რა თქმა უნდა, თავი დაანებე,

არ გამოდიოდი სახელდახელო ფიცრულიდან,

მაგრამ, ამჯერად, კარს არ გიკეტავდნენ.

ხანდახან, ქუდით და თვალებამდე აწეული საყელოთი,

როცა გნახავდით მიმავალს მაღაზიისკენ,

შენი ბავშვები, შვილებივით რომ გიყვარდა,

 

გადავდიოდით ქუჩის მეორე მხარეს…

შორიდან კი ისევ ის იყავი:

გამოკვეთილი სხეულით, როგორც ფლამენკოს მოცეკვავე.

 

ვინ იყო ასეთი დედაშენი, რა იყო ასეთი დედაშენი,

სახელად “პეპელა” რომ დაგარქვა, ფრენა კი აგიკრძალა?!

პეპელას, ლამაზს და მშვენიერს,

დღემოკლე, უსუსურ მწერს,

ის დაუშალო, რისთვისაც გაჩნდა, როგორ შეიძლება?!

თვითონ ღრმა სიბერემდე ისე იცხოვრა,

და შენც ბოლო წუთამდე ისე უვლიდი,

თითქოს რაც მოხდა, სულაც არ მომხდარიყო.

 

მერე, როგორც გავიგე, ქალაქში გადმოხვედი,

სად არ იმუშავე, ფულს აგროვებდი პლასტიკური ოპერაციისთვის…

 

და აგერ, მოვიდა ოცდამეექვსე გაზაფხული,

პირველ პეპელას მაჯაზე ვისვამ და ვეკითხები:

– ჭრელო პეპელა, ჭრელო პეპელა,

მითხარი, სად არის შენი დობილი პელო – პეპელა?!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11