ის ერთი

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

იმ ერთს კი ოჯახის წევრები ეხოცება,

თითქოს მისთვის დროც გაჩერდა, წლები ვერაფერს აკლებს,

მას შემდეგ, რაც პირველი შვილი მიწას მიაბარა,

დრომ მასში ისე დაიწყო გადინება,

როგორც მდინარემ – ბამბუკის ფაცერში.

მდინარე ზოგჯერ თევზს მაინც დატოვებს,

უარეს შემთხვევაში – შლამს და ხის ტოტებს,

დრო კი მასში არაფერს ტოვებს, არც გააქვს არაფერი.

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

იმ ერთს კი ოჯახის წევრები ეხოცება,

პირველი შვილის სიკვდილამდე რაც მოასწრო ასაკის დატყობა,

იმადვე დარჩა – საფეთქლებზე მსუბუქი ჭაღარით.

მეორე შვილის სიკვდილმა უფრო გააკაჟა,

წლების მანძილზე სამგლოვიარო წვერს რომ ატარებდა,

მოიპარსა, წონაშიც დაიკლო, თითქოს უფრო გაახალგაზრდავდა.

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

იმ ერთს კი ოჯახის წევრები ეხოცება,

მესამე შვილი რომ გარდაეცვალა, მაშინ მიხვდა,

სიკვდილი თავს არ დაანებებდა არაფრის დიდებით.

ყველაზე მაღალი გორაკის წვერზე,

სადაც შვილები განცალკევებით დამარხა,

საფლავს ცალ მხარეს რკინის მესერი მოარღვია,

და რკინისვე ბადე გაჭიმა – გაფართოება უფრო ადვილი იქნებოდა.

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

იმ ერთს კი ოჯახის წევრები ეხოცება.

ცოლშვილიანი ბოლო შვილი, ცოლით და ტყუპებით

წინა მკვდრებს მიამარხა, მალე თავისი ცოლიც მიაყოლა,

და დარჩა ერთადერთი შვილიშვილი.

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

ზოგი ციროზით, უფრო მეტი კი – სიმსივნით,

სმამ და ცერის სიმსხო თუთუნის წევამ შეიწირა.

ნელნელა კვდებიან, აკლდებიან სამეგობროს –

დიპლომიანები, უდიპლომოები, წიგნიერები, უწიგნურები,

ლუკმაპურისთვის მთელი ცხოვრება მიწა თოხნეს,

იმავე მიწაში ნაადრევად რომ ჩაწოლილიყვნენ.

 

ის ერთი კი ყოველთვის მათზე მეტს სვამდა და ეწეოდა,

მაგრამ არ კვდება, ოჯახის წევრები დაეხოცა,

ზის და ფიქრობს: ასეთი რა შესცდოდეს

ან მან და ან მისმა წინაპრებმა?!

მაგრამ საგულისხმოს ვერაფერს იხსენებს.

 

იმ გორაკზე უშველებელი ჯვარი აღმართა,

საფლავიც გადახურა, სახლიდან ავეჯი & ნივთები წაიღო,

როცა დაბნელდება, ის და შვილიშვილი გორაკზე ადიან,

პროჟექტორს ანთებენ, და განათებული

ჯვარი ახლომახლო ყველა სოფლიდან ჩანს.

მერე თავიანთ მკვდრებთან შედიან, დივანზე ჩამომსხდარნი,

ფინჯან ჩაის სვამენ, ცოტა ხანი უყურებენ ტელევიზორს,

ბოლოს ცარიელ სახლში ბრუნდებიან,

რომელსაც სასაფლაო უფრო ეთქმის.

 

ნელნელა კვდებიან მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცები,

იმ ერთს კი ოჯახის წევრები დაეხოცა,

ახლა მხოლოდ იმის დარდი ჭამს,

რომ გორაკის წვერზე ორი საფლავისთვის ადგილი აღარ დარჩა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11