სამიზნე

 

სამგზაგასაყართან შავი კუნელის ბებერი ხე დგას,

რომელსაც ატყვია ბაბუაჩემის ნასროლი ჟაკანი,

ნიძლავზე რომ ესროლა ასი მეტრიდან.

სკოლისკენ მიმავალი ბავშვები ყოველდღე ვჩერდებოდით

და ნატყვიარ შტამბს ვათვალიერებდით,

ამიტომ პირველ გაკვეთილზე სულ გვაგვიანდებოდა.

 

 

ბაბუას არასოდეს აუცილებია მიზნისთვის,

ასაკმა თავისი ქნა, მოტეხა, როგორც ყველა,

მაგრამ მის თვალებს & საჩვენებელ თითს არ შეხებია,

ბოლო წუთამდე სჯობნიდა ახალგაზრდებს,

და ვერტიკალურლულებიანი “ტოზ 34” – დან

ნასროლმა ტყვიამ ხის ტანში საკმაოდ ღრმად შეაღწია.

 

 

მას შემდეგ ბაბუამ უფრო რთული რამ გააკეთა:

მოძრავი ტრაქტორის მისაბმელიდან

ქვაზე მჯდარ ყვავს თავი წააცალა,

მაგრამ ეს და მანამდელი ყველა გასროლაც დაივიწყეს,

და ხალხს მხოლოდ კუნელისთვის ნასროლი ახსოვდა,

ალბათ იმიტომ, რომ სამიზნეს ყოველდღე უყურებდნენ.

 

 

ბავშვებს ამაყად ვაჩვენებდი გაგლეჯილ მერქანს და

მოზრდილი ხვრელის ფსკერში ჩაჭედილ ტყვიას,

შავი კუნელი ქვასავით მყარია,

სხვა ხე რომ ყოფილიყო, უფრო ღრმად შეაღწევდა.

ბავშვებს ვაჩვენებდი… და ვამაყობდი ბაბუაჩემით,

მათი საწყალი ბაბუებიდან ზოგი ძლივს დადიოდა,

ზოგი იყო ლოგინად ჩავარდნილი,

ზოგი კი სულაც, დიდი რცხილების ქვეშ, მიწაში იწვა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11