ფილოსოფოსობს ბატონი ჯუნა… ეს აგარაკი

ზუსტად თხუთმეტი წლის წინ ააგო, სააგარაკე

დასახლებიდან შორს შეიძინა მიწის ნაკვეთი,

მშვიდად და წყნარად რომ ენებივრა მტკიცედ ჩაკეტილ

ეზოში, ცოლს კი ქალაქი უყვარს, მაგრამ არაფრით

ცოლს არ თანხმდება იქ ცხოვრებაზე, მიუხედავად

იმისა, რომ მათ მოზრდილ ოჯახში ცოლი განაგებს

თითქმის სუყველა საკვანძო საქმეს, ვერ უბედავენ

 

 

შეპასუხებას, საშინლად მკაცრი და კაპასი

ქალია, ხოდა, ბატონი ჯუნაც ერიდება

მასთან კონფლიქტს და კონფრონტაციას, რადგან ახსოვს

მისი დარტყმების მწველი სიმწარე, ჯანდაბაში

გაგზავნას ზოგჯერ რომ მოსდევს ხოლმე, მაგრამ ასე

სულ როდი ხდება (ნუ გავაბუქებთ!), უფრო ხშირად

იქ (ჯანდაბაში) გაგზავნას მოსდევს შერიგება.

ერთადერთხელ კი საჭირო გახდა თაბაშირიც,

 

 

მაგრამ ამაზე ნუ შევყოვნდებით, არ გვეკადრება,

სჯობს, მთავარ სათქმელს რომ მივუბრუნდეთ: ზოგ შემთხვევაში

ბატონი ჯუნა ისე ჯიუტობს, უკან ვერავინ

დაახევინებს და ვერ გატეხავს, თუნდაც წერაქვით

მისდგეს. ეს ცოლმა მშვენივრად იცის, ხოდა, ნაკლებად

აწვება, როცა ასე საშინლად გაჯიუტებულ

ქმარს ხედავს, მაგრამ წინასწარ ტკბება დიდი რევანშით,

რომელსაც გეგმავს. თანაც, ასეთ დროს, მისი თითები,

 

 

ყურები, ყელი სამკაულებით იხუნძლება,

ბატონი ჯუნა არ ძუნწობს ხოლმე, როცა თავის

უდავოდ დიად და სახელოვან გამარჯვებებს

აღნიშნავს – დიდი მხედარმთავრები ამარცხებენ,

მაგრამ ღირსებას როდი ართმევენ! ვიღაცები,

თურმე, ამაზე ჭორაობენ და იჭორაონ,

სულ არ აღელვებს… ეს საღამო კი ისეთია,

მას რომ უყვარს და აუცილებლად საჭიროებს,

 

 

სადღეგრძელოთი აღნიშვნას, მაგრამ მეინახე ხომ

სჭირდება, შაქრო (მძღოლი) მეჩხერი ტალავერის ქვეშ

წევს და ხმამაღლა, ისე ხმამაღლა ხვრინავს, გალავნის

გადაღმაც ისმის. იქვე, გორაკზე, თეთრი კარავი

დგას. ” – კარგმოტყნული მოლაშქრეები! უნდა გახეთქო

ცემაში! აქაც არ მასვენებენ! ” – წუხილს გამოთქვამს

ბატონი ჯუნა, მათი შემყურე, ზოგჯერ ვერ ითმენს,

უნდა, რომ თოფი გამოიტანოს, – მისი გამოთვლით

 

 

იქამდე ასე, ოთხმოცი მეტრი თუ იქნება, –

და დააჭედოს შესაშინებლად, და ცხვრებივით

მიმოიფანტონ, მაგრამ დამპალი მასმედია

იმავე წუთში გააბუქებს და… ასეთია

მათი ბუნება. ” – საყურიანმა ტურისტებმა

და უნამუსო ჟურნალისტებმა წაახდინეს

ქვეყანა, თან ეს ჟურნალისტები არ ცხრებიან,

უნდა მივხედოთ, ვერ შევასმინე ამ ცალტვინებს!” –

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11