სინამდვილეში კუნელის მეშინოდა, მარტო თუ ვიყავი

თვალს ვარიდებდი, და ვცდილობდი, რომ მალე გავცლოდი,

რაღაცით დათოფილ მხეცს მაგონებდა,

რომელიც დამთოფავს იმახსოვრებს

და ხელსაყრელ დროს ელოდება შურისძიებისთვის.

 

 

თანდათან შეხორცდა ნატყვიარი, ჟაკანი მთლიანად ჩაიკარგა,

დარჩა მხოლოდ ჩაღრმავებული ნაიარევი,

მაგრამ მაინც სამაგიეროს შიშით ვცხოვრობდი: როცა მის ამოყრილ

და ჭიანჭველებდახვეულ ფესვებთან ჯოკერს ვთამაშობდით,

მეგონა, კოჟრიან საცეცებს ყელზე შემომახვევდა და დამახრჩობდა;

ან, როცა ზედ ამძვრალი ბავშვები ნაყოფს ჭამდნენ,

მე პირს არ ვაკარებდი, იქნებ მოვწამლულიყავი,

და ვიმიზეზებდი კბილების გაშავებას;

არც წვიმის დროს ვაფარებდი თავს მის ტოტებს,

მეგონა, ჩემთვის მეხს მიიზიდავდა,

და თვითმკვლელი ტერორისტივით,

შურისძიებას შეეწირებოდა,

თუმცა, მაშინ არც ვიცოდი, რა იყო ტერორიზმი.

 

 

ისიც მეგონა, რომ როცა ბაბუა მოკვდებოდა,

კუნელს მოჭრიდნენ და საკუბოვე ფიცრებად დახერხავდნენ,

ესეც იყო თავისებური სამაგიერო,

ამიტომ არ მაწყობდა, და თავს იმით ვიმშვიდებდი,

რომ ვერცერთი ცირკული ხერხი ვერ გაუძლებდა მის სიმყარეს…

 

 

ბაბუა დაკრძალეს მუხის კუბოთი,

და წლებთან ერთად ჩემი შიშიც ისე დალპა და გაილია,

როგორც ბაბუას მოკლული ყვავი, ყანაში რომ დავკიდეთ

თავისი ცოცხალი თანამოძმეების დასაფრთხობად.

 

 

სამგზაგასაყართან ბენზინგასამართი სადგური უნდა ააშენონ,

ამიტომ კუნელს ხვალ ძირში მოთხრიან,

მეც მივალ ღოჯით და ჩაქუჩით,

თავზე დავადგები წაქცეულ ხეს,

დეფორმირებულ ჟაკანს ამოვუღებ,

და ვეტყვი მადლობას, რომ მტრის ტყვია,

მშვიდად და უპასუხოდ,

მთელი ცხოვრება სხეულით ატარა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11