პეპელა
ვინ იყო ასეთი დედაშენი, რა იყო ასეთი დედაშენი,
სახელად “პეპელა” რომ დაგარქვა, ფრენა კი აგიკრძალა?!
პეპელას, ლამაზს და მშვენიერს,
დღემოკლე, უსუსურ მწერს,
ის დაუშალო, რისთვისაც გაჩნდა, დანაშაულია.
ჩაივლი სოფლის ცენტრში წითლად დაწინწკლული ჩითის კაბით,
რამდენ შეყვარებულ მზერას გაიყოლებ.
– პელო მაააასწ! – სკოლიდან ბავშვები გამოვრბივართ,
კლასშიც ტკბილი ხარ, მაგრამ კლასის გარეთ – ტკბილზე უტკბილესი,
წარბებშეკრული, მოგონილი სიმკაცრით გველოდები,
და გვეკითხები, ასეთ დროს სკოლაში რას ვაკეთებთ.
ზოგს ცეკვა ჰქონდა, ზოგს – ინგლისური, მე კი – ჭიდაობა…
– აბა, სახლებში! – ამბობ, თან გვახსენებ ხვალინდელ დავალებას…
ყველა კაცისადმი გულგრილს, როგორც იქნა ვიღაც შეგიყვარდა,
ოღონდ შენთვის სრულიად შეუფერებელი,
კაი, რა, პელო მასწ!
კაი, რა, პეპელა მასწ!
ის უწიგნური და დამპალი ნარკომანი ასე რამ შეგაყვარა?!
ეს ჩვენთვის იყავი მოსარიდებელი,
დედაშენისთვის კი პატარა, უჭკუო გოგოდ დარჩი,
სხვებივით, მასაც საშინლად არ მოსწონდა შენი არჩევანი,
მაგრამ შეყვარებულ ქალთან რას გააწყობ,
ამიტომ, რომ არ გაპარულიყავი,
ყოველდღე სკოლაში დაგატარებდა პატარა ბავშვივით,
გესმის, პელო მასწ?!
წარმოიდგინე, როგორი სახალისო სანახავი იყო,
მასწავლებელს რომ სკოლაში დედა დაატარებს.
არც მარტოს გტოვებდა სახლში არასოდეს,
სადმე თუ მიდიოდა, გარედან ჩაგკეტავდა,
და შენც, ცხრაკლიტულში გამომწყვდეული მზეთუნახავივით,
აჭედილ ფანჯარასთან იდექი და ჭიშკარს გაჰყურებდი,
იმ ბიჭისთვის თუ არა, მისი მანქანისთვის თვალი რომ მოგეკრა.
ჩამოივლიდა და შენს ჭიშკართან სვლას შეანელებდა.
შაბათის იმ შუადღეს, ჩაკეტილი, დივანზე იწექი,
წინ გაშლილი წიგნი გედო და
ამაოდ ცდილობდი თვალისთვის გონების მიდევნებას.
რატომღაც იგვიანებს გასვენებაში წასული დედა,
და არც მას ჩამოუვლია, არადა იცის, რომ მარტო ხარ,
კაცი არ ჭაჭანებს, თითქოს ყველა გაწყდა ერთიანად,
გარეთ გვიანი გაზაფხულის ლამაზი შუადღეა,
ტანით გრძნობ, რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა მოხდეს…