ჩემი საფულე

 

ირინამ მაჩუქა შენი თავი, ყავისფერი ხარ, არც ისე პატარა,

მაგრამ არც – დიდი, ალბათ საშუალო უფრო გეთქმის,

ნამდვილი ტყავი, Louis Vuitton – ის ლოგოთი,

სადაც “V” – ზე “L” ისეა დაკიდებული,

როგორც ნესმკავზე – თევზი, ზედატუჩით.

 

არც კი ვიცი, რაში მჭირდება შენი ამდენი ჯიბე,

ამდენი პატარა განყოფილება რა ჯანდაბაში გამოვიყენო?!

 

არადა, შენში დევს სულ რაღაც ოთხი რამე:

დამცავშემოცლილი ID ბარათი;

ათთეთრიანი (ვინმემ უფულო კაცს რომ არ შეაგინოს);

ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ჩემმა შვილმა წააწერა:

“მამა, მიყვარქარ!” (სკოლაში “ხ” – მდე არ იყვნენ მისულნი);

და პლასტიკური ბარათი, რომელზეც

ოთხმოცდათორმეტი თეთრია დარჩენილი.

 

ხანდახან მოზრდილი ფულიც ჩნდება შენს წიაღში,

ძირითადად თვის ბოლოს (ჰონორარი მერიცხება),

ოღონდ ეს ფული ცოტა ხნით დევს ხოლმე,

ანუ იმდენი ხნით, რამდენიც ჭირდება მანძილის დაფარვას

ბანკომატიდან უახლოეს ლუდხანამდე,

და ლუდხანაში ძალიან ბევრი კათხა ლუდის დალევას.

 

ყველაზე დიდი თანხა, რაც შენში შევინახე,

იყო ერთ-ერთი ლიტ. პრემია, ბოლოს რომ მოვიგე,

უფრო სწორედ, რაც დარჩა ძმაკაცებში დახარჯვის და

მათი ყველა ვალის გასტუმრების შემდეგ.

 

რა ვუყო სხვა ჯიბეებს, სართულებივით რომ მიწყობილან?!

მე მხოლოდ ერთ-ერთი სართული დავიკავე,

ეს განყოფილება ცათამბჯენებიან, ცარიელ კვარტალს ჰგავს.

 

რა ვუყო დანარჩენ ჯიბეებს,

სხვა ჯიბეების ქვეშ ჩუმად რომ დამალულან?!

შეხედავ, მიწისქვეშა სოფელი გეგონება,

თავისი საიდუმლო გვირაბებით.

სოფელი, რომელსაც მტრის შემოსევის დროს თავს აფარებენ.

 

თუ არა მთელი დედამიწა, თუ არა მთელი კონტინენტი,

თუ არა მთელი სახელმწიფო, მთელი რეგიონი მაინც ხარ,

სადაც ერთმანეთს ასე გასაოცრად ეხამება

ურბანული და პასტორალური გარემო.

და მე მიხარია, რომ მთელი რეგიონი ჯიბით დამაქვს.

 

შენს შიგნით ისეთი სიმყუდროვეა, დრო და დრო მინდება

დავპატარავდე და შენში ჩავსახლდე სამუდამოდ,

მხოლოდ ჩემი იყოს მთელი ქალაქი, მთელი სოფელი,

და მიწიშქვეშა სახლიდან ამოსულმა

ცარიელ კვარტალში მარტოდმარტომ ვიხეტიალო.

 

სახლების კედლებზე, ასფალტზე, ბილბორდებზე

ვწერო ლექსები სხვა და სხვა ფერის საღებავით,

საითაც გავიხედავ, მხოლოდ ისინი დავინახო,

რომ შემახსენონ: არ უნდა გავჩერდე, და ისევ ვწერო.

როგორც რეკლამა ანდომებს ხოლმე მომხმარებელს

იმის ყიდვას, რაც, შეიძლება, სულ არ სჭირდება.

 

წერით დაღლილი დავწვე ცათამბჯენის სახურავზე

და ცის კუთხეში უძრავად მდგარ ღილ-შესაკრავს ავაცქერდე,

რომელიც იქნება ხან მზე და ხან მთვარე,

იმის მიხედვით, დღე მენდომება თუ ღამე მენდომება.

 

ასე ვიცხოვრო, სანამ ბოლომდე არ გაცვდები,

და დიდი ჩემი თავი ჩემიანად და ჩემლექსებიანად

სანაგვე ურნაში არ მოგისვრის.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11