შებინდებისას, როცა პატრონი ხორცს წაიღებს,

მადლობის ნიშნად დატოვებული გულ-ღვიძლი სადგარზე იხარშება.

მეზობლის კაცები ნერწყვს ყლაპავენ

და თვალი არყიანი ბოთლისკენ გაურბით,

მე კი ურიკით ბუზებდახვეულ ნაწლავებს მივათრევ დასამარხად,

ბაბუას ხელში ქაფქირი უკავია,

და მეძახის, რომ ღრმად ჩავმარხო, ღორები მიაგნებენ!

ბალახმიკრული შიგანის შემხედვარეს მუცელი მჩხვლეტს,

და ვფიქრობ: ძროხები იმ სისხლის დანახვაზე რატომ არ გიჟდებიან,

დაჯახებისას ასფალტზე რომ იღვრება,

და მხოლოდ გამოჭრილი ყელიდან წამოსული სისხლის სუნი

რატომ ახელებთ?!

ნუთუ, არჩევენ ერთმანეთისგან შემთხვევითობას და

გამიზნულ ქმედებას?!

 

იმ წუთას მინდება, სხვაგანაც დააგონ ასფალტი,

სიცხის დროს მთელ გზას რომ ალმური აუვიდეს

და ძროხები სხვა მონაკვეთებზეც შეიკრიბონ,

და როცა დაეჯახებიან, სხვების ეზოებში შეიყვანონ…

მაგრამ მახსენდება, რომ მერე ჩემი ქუჩა

აღარ იქნება უნიკალური, და ბავშვებს, სკოლაში,

გაბუქებულ ისტორიებს ვეღარ მოვუყვები.

 

და მინდა ერთი რამ: ქუჩის დასაწყისში, ჭადრების ხეივანთან,

საგზაო ინსპექციის დამწვარი შტაბის წინ,

აღმართეთ მონუმენტი – ბრინჯაოს მაკე ძროხა,

რომლის გამსკდარი მუცლიდან ხბოს

დრუნჩი და მარცხენა ჩლიქი ექნება გამოყოფილი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11