ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, პროკურატურის განცხადებას პასუხობს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ უწყების მხრიდან მსგავსი პოზიციის გაჟღერება, თითქოს ინტერსების დამცველმა უნდა წარადგინოს საგამოძიებო გეგმა, გაუგებარია.
გიგუაშვილი მიმართავს პროკურატურას, ჩამოაშორონ საქმეს ის გამომძიებლები, რომლებიც ხელს უშლიდნენ პროცესის წარმოებას. ადვოკატი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში, გენერალური პროკურატურა საუბრობდა, რომ გამსახურდიების ოჯახს და ადვოკატს შესთავაზეს მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება.
გიგუაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ის მზად იყო გამომძიებელთან ერთად შეედგინა გეგმა და უკვე შემდეგ შეხვედროდა გენერალურ პროკურორს. უკვე გუშინ კი, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამსახურდიებს ოჯახის ადვოკატს სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია.