გვიან ღამემდე გაგრძელდა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას გამოკითხვა. ცხრასაათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ, გოგიამ ამ საქმესთან დაკავშირებით განმარტებებისაგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.
ზუგდიდის ყოფილ მერს არ უსაუბრია, იცნობდა თუ არა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ასევე, მიიღო თუ არა მისგან თანხა. გოგიას გამოკითხვის პარალელურად, ე.წ. მოდულის შენობაში საქმის კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტის, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას გამოკითხვა მიმდინარეობდა, თუმცა მან უწყება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს ის შენობიდან გამოსული არ უნახავთ.
ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუდიოჩანაწერი გადასცა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ, რომელიც ამბობს, რომ ამ ჩანაწერში კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი.