გამოკითხვა ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

გვიან ღამით დასრულდა ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლების გამოკითხვა. პროექტის მთავარი არქიტექტორი და შპს „ელემსის“ დირექტორი გამოძიების შეკითხვებს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში პასუხობდნენ. სწორედ კომპანია ,,ელემსიმ” მოამზადა შადრევნის პროექტი, რომელიც შემდეგ „გრინსერვის პლიუსმა“ განახორციელა. კომპანიის ადვოკატის თქმით, გამოძიებას გადასცეს შადრევნის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც მისივე მტკიცებით, უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე იყო დაცული. ადვოკატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ მომხდარა მათი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და პროექტის კორექტირება, რაზეც მერიას მათთვის არ მიუმართავს. კომპანიას კი ხელშეკრულების მიხედვით, მერიის მიმართვის გარეშე არ ჰქონია ვალდებულება, გასცნობოდა უკვე შესრულებულ სამუშაოებს. ადვოკატის ვარაუდით, გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან კითხვები კიდევ ექნება.