გამოკითხვა თელავის პოლიციაში

თელავის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძისა და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა.  პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა ქუსრაშვილმა  განაცხადა, რომ გატაცება არ ყოფილა და დედამ მისი სატელეფონო ზარი არასწორად გაიგო. მომხდარ ფაქტს გაუგებრობა უწოდა ზაქროს დედამაც და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის  გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს და ზაქრო ქუსრაშვილის გატაცებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს. პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზაქრო ქუსრაშვლის მეზობლის, დავით კუპრაშვილის გამოკითხვა, რომელსაც ოჯახი ერთ-ერთ გამტაცებლად ასახელებდა. ზაქრო  ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრია,  26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს. დედამ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.